ივერიონი / NDI-ს კვლევით, ყველაზე მნიშვნელოვან ეროვნულ საკითხებში სამუშაო ადგილები, ფასების ზრდა და სიღარიბე შედის

NDI-ს კვლევით, ყველაზე მნიშვნელოვან ეროვნულ საკითხებში სამუშაო ადგილები, ფასების ზრდა და სიღარიბე შედის

NDI-ს კვლევის მიხედვით, ყველაზე მნიშვნელოვან ეროვნული საკითხების პირველ სამეულში სამუშაო ადგილები, ფასების ზრდა და სიღარიბე შედის.
შეკითხვაზე, რომელია ყველაზე მნიშვნელოვანი ეროვნული საკითხები, სამუშაო ადგილები გამოკითხულთა 66%-მა დაასახელა, ფასების ზრდა/ინფლაცია 43%-მა, სიღარიბე კი - 39%-მა. ეროვნულ საკითხებში შემდეგი ადგილები უჭირავს 27%- ტერიტორიულ მთლიანობას, 21% - პენსიებს, 17%- ხელფასებს, ასევე 17% - ხელმისაწვდომ ჯანდაცვას, 12% - რუსეთთან ურთიერთობას, 10% - განათლებას და ა.შ.


როგორც სასტუმრო "რედისონში" გამართულ პრეზენტაციაზე NDI-ს საქართველოს ოფისის დირექტორმა ლორა თორნტონმა განაცხადა, პირველი შემთხვევაა, როდესაც ტერიტორიული მთლიანობა ეროვნული საკითხების ჩამონათვალში პირველ სამეულში არ მოხვდა.


"ეს არ ნიშნავს, რომ ტერიტორიული მთლიანობა მოსახლეობისთვის აღარ არის მნიშვნელოვანი, უბრალოდ ის სხვა საკითხებმა გადაფარა", - განაცხადა NDI-ს დირექტორმა.


კვლევა 27 მარტიდან 19 აპრილის პერიოდში ჩატარდა. კვლევის ფარგლებში 4 360 რესპონდენტი გამოიკითხა.

11-05-2015, 12:21
უკან დაბრუნება