საგარეო ურთიერთობების საკითხებში საქართველოს პრეზიდენტის მრჩევლის თენგიზ ფხალაძის განცხადებით, პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილის ბრიუსელში ვიზიტის ძირითადი დატვირთვა არის ევროკავშირის მიმართულება. როგორც ფხალაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, დღევანდელ დღეს საქართველოს საგარეო პოლიტიკურ დღის წესრიგში ერთ-ერთი ყველაზე აქტუალური თემა არის მომავალი რიგის სამიტი და ის შედეგები, რაც შეიძლება მიღწეული იქნას ამ სამიტზე.
"შესაბამისად, ყველა წინა აქტივობა და ყველა შეხვედრა, რომელიც შეიძლება იქნას გამოყენებული ამ პერიოდამდე, არის უაღრესად მნიშვნელოვანი, მითუმეტეს შეხვედრები ევროპარლამენტის, ევროკომისიის უმაღლესი თანამდებობის პირებთან. რა თქმა უნდა, ძირითადი აქცენტი კეთდება იმასთან დაკავშირებით, თუ რა გზა გაიარა საქართველომ, როგორ ემზადება რიგის სამიტისთვის და რა პერსპექტივა შეიძლება იყოს დაფიქსირებული. მითუმეტეს იმ ანგარიშის ფონზე, რომელიც ევროკომისიამ გამოაქვეყნა. ეს ანგარიში საკმაოდ დამაიმედებელ გზავნილებს იძლევა. უაღრესად მნიშვნელოვანია, რომ დღევანდელ დღეს კიდევ ერთხელ დავაფიქსიროთ ჩვენი პოზიცია და ჩვენი მოლოდინები", - განაცხადა ფხალაძემ.
რაც შეეხება ნატო-ს მიმართულებას, როგორც ფხალაძემ აღნიშნა, პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილის შეხვედრა ნატო-ს გენერალურ მდივანთან მნიშვნელოვანია.
"შეხვედრაზე რამდენიმე თემა განიხილება, მათ შორის იქნება უელსის სამიტის გადაწყვეტილებების იმპლემენტაცია და არსებითი პაკეტის თემა", - განაცხადა ფხალაძემ.
მისივე თქმით, საჭირო და აუცილებელია ასეთი შეხვედრები. "დარწმუნებული ვარ, მსგავსი აქტივობები აუცილებლად იქნება შედეგის მომტანი", - განაცხადა ფხალაძემ.