ჩვენი ხელისუფლება ძალისხმევას არ იშურებს, რათა შენარჩუნდეს ალიანსში ინტეგრაციის პროცესის პოზიტიური დინამიკა, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა ვაზიანის სამხედრო ბაზაზე განაცხადა, სადაც ქართულ-ამერიკული ერთობლივი სწავლება გაიხსნა.
მისივე განცხადებით, საქართველოს მთავრობა ყველაფერს იღონებს, რომ ქვეყანამ ნატო-სთან დაახლოების საქმეში პროგრესს მიაღწიოს.
"პირველ რიგში, მინდა მადლობა გადავუხადო ჩვენს ამერიკელ პარტნიორებს იმ მტკიცე და თანამიმდევრული მხარდაჭერისათვის, რომელსაც უწევენ ჩვენს ქვეყანას დემოკრატიული განვითარებისა და ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე. დარწმუნებული ვარ, რომ თქვენი დახმარება, ჩვენი საერთო ძალისხმევა შეაძლებინებს საქართველოს, განხორციელოს პოზიტიური ცვლილებები და მიაღწიოს სასურველ შედეგებს",-განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილი.
მისივე თქმით, საქართველომ მრავალჯერ დაადასტურა, რომ შესწევს უნარი, საკუთარი წვლილი შეიტანოს მსოფლიოს უსაფრთხოების განმტკიცებაში.
"მინდა, კიდევ ერთხელ დავადასტურო, რომ საქართველოს ეროვნული უსაფრთხოების განმტკიცებისა და დემოკრატიული განვითარების გზაზე ევროპულ და ევროატლანტიკურ ინტეგრაციას ალტერნატივა არ აქვს. ეს ჩვენი საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის ერთ-ერთი უმთავრესი პრიორიტეტია.
საქართველომ მრავალჯერ დაადასტურა, რომ შესწევს უნარი საკუთარი წვლილი შეიტანოს მსოფლიოს უსაფრთხოების განმტკიცებაში. ჩვენი შეიარაღებული ძალები ალიანსის წევრი ქვეყნების სამშვიდობო ძალებთან ერთად იბრძვიან მსოფლიოში უსაფრთხოების განმტკიცებისა და მშვიდობის დამყარებისთვის.
ჩვენი ხელისუფლება ძალისხმევას არ იშურებს, რათა შენარჩუნდეს ალიანსში ინტეგრაციის პროცესის პოზიტიური დინამიკა და ყველაფერს იღონებს, რომ პროგრესს მივაღწიოთ ნატოსთან დაახლოების საქმეში", - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.