ჟურნალისტი თეა ბარამაშვილი ტელეკომპანია „იმედის“ თოქ-შოუ „იმედის კვირას“ ეხმიანება და მისთვის ჩვეული პირდაპირობით საინტერესო შეფასებებს აკეთებს.
„ივერიონი“ თემის აქტუალობიდან გამომდინარე, სრულად გთავაზობთ მის ფეისბუქსტატუსს:
„ტელეკომპანია ”იმედმა” თოქ-შოუთი ”იმედის კვირა” თავისებურად ”მიაგო პატივი” ფაშიზმზე გამარჯვების დღეს და, არც მეტი, არც ნაკლები ის რამდენიმე რუსი ბაიკერის საქართველოში შემოსვლის კონტექსტში განიხილა. ბაიკების კვალმა კი ”იმედის კვირა” გორში ჩაიყვანა და...
გორელები ტირანს ეთაყვანებიან და შესაბამისად, გამოთაყვანებულები არიანო? ასეთი იყო დუტას გუშინდელი საიმედისკვირაო პათოსი. ამით ბევრი გორელი და არაგორელიც დარჩა შეურაცხყოფილი და, რომ დავუფიქრდი, ეს რეპორტაჟი სწორედ ამას ემსახურებოდა -- შეერაცხყოთ ქალაქი, სადაც სტალინი დაიბადა და დაემცირებინათ ხალხი, ვინც ამ ქალაქში ცხოვრობს. ეს შურისძიების ყველაზე უსუსური მცდელობა იყო, რაც ინგასგან, ეკასა და შალვასგან, მით უმეტეს, დუტასგან სულაც არ მიკვირს, მაგრამ თავად ტელეკომპანიის გამკვირვებია -- როგორც ჩანს, მოდელირების ხიბლიდან თავის დაღწევა არც უცდია.
რაც შეეხება დუტას. გარდა იმისა, რომ რეპორტაჟი რაღაცის მტკიცების უნიჭო და უსუსური მცდელობა იყო, მის პიროვნულობასაც მეტად ნეგატიურ ასპექტში წარმოაჩენდა. საერთოდ, რამეს რომ ამბობ, უნდა გეთქმოდეს, თუ ამტკიცებ, თავად უნდა იყო იმ მტკიცებულების ზნეობრივი მაგალითი. რას ვგულისხმობ? დუტამ დასცინა გორელებს, ტირანს ეთაყვანებიანო, მაშინ, როცა თავადაც მგზნებარე თაყვანისმცემელია (სხვათა შორის, მოწვეულ სტუმართა შორისაც იყვნენ ასეთები და შესაბამისად, ამინდსაც ისინი ქმნიდნენ). მისი მიხოსადმი თაყვანისცემა სხვა განზომილებაა ვითომ? ან იქნებ, ის მიხო ტირანი არ იყო? დიახ, დუტა იმ რამდენიმე გორელივით ეთაყვანება ტირანს, რომელსაც სტალინის მასშტაბები რომ ჰქონოდა, ვინ იცის, რას დაატრიალებდა არათუ საქართველოში, დედამიწაზეც. ასე რომ, ვიდრე სხვის უმეცრებაზე ილაპარაკებთ, ჯერ საკუთარი მოიძიეთ. ვითომ ჩერჩილ-რუზველტ-თეირანის კონტექსტი თავად იმდენად კარგად იცის, რომ ამაში კომპეტენცია გორის ქუჩაში მოსეირნე კაცს მოსთხოვოს? მთელი ქალაქის უმეცრად შერაცხვა, ისეთივე ჰომოფობიური განცხადებაა, როგორც შავკანიანის ზანგად მოხსენიება. ყველა ოჯახშია სატლინის სურათი კედელზე გამოკრულიო... რატომ არ აჩვენა ის ”ყველა”, ან ვის, როდის დაუწვეს სტალინის არსიყვარულისთვის სახლი, ახლა რომ დაუწვან? ან ვის რისი ეშინია? ეს ხომ ისეთი მყიფე აბსურდია, თვით მგზნებარე ნაციც რომ ვერ დაიჯერებს?! მაგრამ სხვა გზა არ გაქვთ და თავზე ნაცრის წაყრა ამ შემთხვევაში იდეოლოგიური მსხვერპლია, რასაც დედაპარტიისთვის გაიღებთ! მაშ, რაღა განსხვავებაა თქვენსა -- ნაცების მოტრფიალეთა და იმ კომუნისტურად აჟიტირებულთა შორის? თქვენ მიშასა და მის პარტიას ეთაყვანებით, ისინი სტალინსა და კომუნისტურ პარტიას? განსხვავება მხოლოდ დროსა და გარემოშია! მათ არ ეპატიებათ ”შიში შეიქმს სიყვარულსა” პრინციპით მოქმედება და თქვენ კი? თქვენ რიღასი გეშინიათ? რატომ ვერ თავისუფლდებით ”ნაცმოძური” იდეოლოგიის გავლენისგან, რად ეთაყვანებით მიხოს, კაცს, რომლისთვისაც ისევე არანაირ ღირებულებას არ წარმოადგენდა ადამინი, როგორც სტალინსთვის, და რაც საკუთარ ქვეყანას დამართა, პროცენტული მაჩვენებლით იქნებ სტალინის ნამოქმედარს უტოლდებოდეს?! და ახლა არ მითხრათ, თქვენი სიყვარული ნებაყოფლობითი და თავისუფალი ნების გამოხატულებაა! თუ ასეა, მაშ იმ რამდენიმე კინკილა კაცსაც დაანებეთ უყვარდეს ის, ვინც უყვარს და ნუ დასცინებთ ამ თითო-ოროლას გამო მთელ ქალაქს!
და, საერთოდაც, ამ ქვეყნის მოქალაქეთა პრობლება და, საზოგადოდ, ქვეყნის პრობლემა საგნებისა თუ მოვლენებისადმი ზედმეტად ზერელე დამოკიდებულებაა. უმეცრებას პერიფერიებში დაეძებენ და ”მაძებრად” თავად უმეცარსა და არაკომპეტენტურს გზავნიან! ეს ჟურნალისტიკის ერთჯერადად გარდაუვალი კრახი კი არა, მწვავე, ქრონიუკული კრიზისია, რითაც მეტ-ნაკლები წარმატებით იწამლება ამ ისედაც გაუბედურებული ქვეყნის მოსახლეობის მნიშვნელოვანი ნაწილი.
სტუდია, სადაც თანამედროვე ქართული ჟურნალისტიკის ”დედადედოფლები” სხედან და სადაც წარმატებით ხდება ქოთნისთვის ყურის ”საითაცგინდა” მორგება, სადაც კითხვას სვამს კაცი, რომლის ზნეობრივ და მორალურ თვისებებში მთელი ქვეყანაა დაეჭვებული, სადაც მეტი ”თვალსაჩინოებისთვის” ფაშიზმსა და სოციალიზმე აზრს ეკითხებიან ბაიკერებს, ბოდიში, ბატონებო, მაგრამ სულაც არ ჰგავს თავისუფალი სიტყვის, აზრისა და დემოკრატიის ტრიბუნას, რადგან მას ერთი კონკრეტული მიზანი აქვს და ცუდი ის არის, რომ ეს მიზანი ზედმეტად სუბიექტურია! ამიტომ ვერ ვირწმუნებ თქვენს კომპეტენტურობას. ხომ კარგად ხართ? ფაშიზმზე გამარჯვების დღის დაკნინება რამდენიმე უმეცარი გორელის, რამდენიმე ბაფთიანი რუსი ბაიკერისა თუ ვიღაცის პროვოკაციულწარწერიანი ლოზინგის გამო, უბრალოდ სირცხვილია არა მხოლოდ საკუთარი ისტორიის, არამედ იმ დიდი მონაპოვრისა და, რაც მთავარია, იმ მსხვერპლის წინაშე, რაც არა თუ საქართველომ ან მხოლოდ საბჭოთა კავშირმა, მთელმა მსოფლიომ გაიღო ფაშიზმის დასამარცხებლად. ორი ქართველი ბაიკერის შეფასების, მსჯელობისა და გაანალიზების დონეზე არ უნდა დაიყვანო ის ღირებულება, რაზეც მილიონობით ადამიანს კითხვაც კი არ უჩნდება, ვისთვისაც ფაშიზმი ცალსახად, უდავოდ და უპირობოდ ყველაზე დიდი ბორიტებაა, რომლის გამეორების შანსი არ არსებობს და, ვიდრე პორგრესულად მოაზროვნე კაცბრიობა იარსებებს, არც იარსებებს. და ფაქტია ისიც, რომ პირადად მე ან იმ ბაიკერს მოგვწონს თუ არა, სოციალიზმი და გინდაც კომუნიზმი არავის აუკრძალია და, აი, შესაბამისად, მისი გამეორების ალბათობაც არსებობს! (აღარაფერს ვამბობ იმაზე, რომ რამდენიმე ქვეყანა დღესაც სოციალისტურია). ოდნავ გათვითცნობიერებულები მაინც რომ ყოფილიყავით ამ ამბავში, უბრალოდ იმ ბაიკერის პოზიციისადმი პროტესტი გაგიჩნდებოდათ, რომელსაც თურმე სვასტიკიანი უცხოელის საქართველოში შემოსვლა არ გააღიზიანებდა.
პ.ს. სტალინმა პირადად იმდენი დამიშავა, რაც ჩემს ქვეყანას; სტალინმა ფაშიზმის დამარცხებით იმდენი გააკეთა ჩემთვის, რამდენიც მთლიანად კაცობრიობისთვის, შესაბამისად, მისდამი ერთგვაროვანი დამოკიდებულება ვერ მექნება... და კიდევ, მთავარი: მისდამი დამოკიდებულებები გრძნობებში არ გადამდის!“
თეა ბარამაშვილი