ივერიონი / გიორგი კვირიკაშვილი “ABD Georgia”- ს კომპლექსის გახსნას დაესწრო

გიორგი კვირიკაშვილი “ABD Georgia”- ს კომპლექსის გახსნას დაესწრო

ბოლნისის მახლობლად, სოფელ აკაურთაში კავკასიაში ღორის ხორცის წარმოების ყველაზე თანამედროვე კომპლექსი გაიხსნა. კომპანია “ABD Georgia”-ს კომპლექსის გახსნის ღონისძიებას საქართველოს ვიცე - პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი დაესწრო. ვიცე-პრემიერმა „ABD Georgia”-ს გენერალურ დირექტორთან, ევგენია ხოხლოვასთან ერთად საწარმოებიც დათვალიერა, სადაც ათეულობით დასახელების სხვადასხვა ხორცპროდუქტი იწარმოება.

„ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი პროექტი და მივესალმებით კავკასიაში ყველაზე თანამედროვე მეცხოველეობის კომპლექსის გახსნას . ძალიან კარგია, რომ მსხვილი უკრაინული ჰოლდინგი შემოვიდა ინვესტიციით, 6,5 მილიონ დოლარზეა საუბარი. ეს არის ყველაზე თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილი ფერმა, სადაც არ გამოიყენება არანაირი ქიმიური დანამატები და ეკოლოგიურად სუფთა პროდუქცია იწარმოება. ადგილობრივი წარმოების განვითარება არის ჩვენი პრიორიტეტი და სასიხარულოა, რომ ამ კომპანიამ ასევე ისარგებლა სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში შეღავათიანი აგროკრედიტით, 600 000 ლარის ოდენობით. შეიძლება ითქვას, რომ   მთლიანობაში 6,5 მილიონ დოლარიან ინვესტიციაში ჩვენი გარკვეული წვლილიც არსებობს.   ვფიქრობთ, რომ ეს კომპანია მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს ადგილობრივი მეწარმეობის განვითარებაში და როგორც თანამედროვე ტექნოლოგიების მქონე კომპანია, მაგალითი იქნება ძალიან ბევრი ადგილობრივი კომპანიისთვის“ - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

„ABD Georgia”  2013  წელს დაფუძნდა და საქართველოში ღორის ხორცის უმსხვილესი მწარმოებელი კომპანიაა. საწარმოს შემადგენლობაში შედის საქართველოში უმსხვილესი კომპლექსი, რომელიც ცხოველების მოშენების დარგში უახლესი ევროპული ტექნოლოგიების და სტანდარტების შესაბამისად აშენდა ეკოლოგიურად სუფთა, მთიან ზონაში, სოფელ აკაურთაში.

 

“ABD Georgia” შედის უკრაინის აგრარულ ჰოლდინგ ACD- ში, რომელიც უკრაინაში   ლიდერია ღორების მოშენებისა და კომბინირებული საკვების წარმოებაში. საწარმოს მთლიანი ინვესტიცია შეადგენს 6.5 მილიონ აშშ დოლარს. კომპანიაში ამჟამად 250-მდე ადამიანია დასაქმებული.

„ABD Georgia“   ქართულ ბაზარზე სამარკო ნიშან „Delicia“- ს სახით არის წარმოდგენილი . „ABD Georgia“  30- მდე დასახელების ძეხვს, სარდელსა და დელიკატესს აწარმოებს. Delicia- ს პროდუქცია დამზადებულია ყოველგვარი ქიმიური შენაერთების გარეშე, მხოლოდ საკუთარ ფერმაში მოწეული ღორის ხორცისგან, რომელთა რაოდენობა, ამ ეტაპზე, 20 000 სულზე მეტია.

13-05-2015, 12:35
უკან დაბრუნება