9 მაისს, გორში, "სტალინის ფორმაში" გამოცხადებით, კიდევ ერთხელ დაადასტურა დუტა სხირტლაძემ, რომ საქართველო დიდი ხანია გაუნათლებელმა და უგუნურმა წვრილფეხობამ ჩაიგდო ხელში და ყველა სფერო - სამსახიობოდან დაწყებული, უმაღლესი სამთავრობო ეშელონებით დამთავრებული, მათ ხელშია მოქცეული!
თუ ჩემი არ გჯერათ, ახლავე წარმოგიდგენთ იმ მსახიობებს, რომლებსაც ათწლეულების მანძილზე განუსახიერებიათ სტალინი, შეადარეთ ისინი თანამედროვე, "ევრო-ამერიკულ" სკოლა გავლილებს:
მიხეილ გელოვანი, ბუხუტი ზაქარიაძე, დავით გიორგობიანი...
მკრეხელობაა მათ გვერდით დუტას ხსენება, ისევე, როგორც თანამედროვე პოლიტიკოსებისა... თუმცა, ჯობს, გორის ქუჩებში დავბრუნდეთ ისევ.
რამდენჯერმე ვნახე "დღის ვიდეოდ" გამოტანილი დუტას "შედევრი" და მართალი გითხრათ, შემეცოდა დუტა მასხარა, ისე კულტურულად გაამასხარავა ვიღაცა ოჯახაშენებულმა გამვლელმა, ვისაც ვერც განათლებით, ვერც ქართველობით (როგორც გამიგია, დუტას ამისი პრეტენზია არც უნდა ჰქონდეს), ვერც კაცობით (არც ამისი პრეტენზია უნდა ჰქონდეს დუტას იმდენ კაცობა და ქალობა არეულთან ჩანს ხოლმე ეკრანზე და ცხოვრებაში) წვივამდეც კი ვერ მისწვდება დუტა მასხარა!
ბოდიშს ვიხდი ყველა "მასხარას" წინაშე, რომელსაც უხსოვარი დროიდან, მხოლოდ ხალხის, საზოგადოების გასართობად და კეთილი განწყობისთვის გამოუყენებია თავისი უნიკალური ნიჭი!
"მასხარა" სხვა კონტექსტშიც იხმარება, როცა ადამიანი არაადექვატური საქციელით თავს გაიმასხრებს, სწორედ ეს ვიგულისხმე, როცა დუტა ღვთის გლახა, ვითომ სტალინის სახით გამოეცხადა გორელებს!
მაშინვე ვიფიქრე, _ ამ, ადამიანის ფორმით გამოცხადებულ სიცარიელეს რა აქვს საერთო "ვარდს გაეფურჩქნა კოკორის" დამწერთან?
_ან კიდევ, ფაშიზმის დამარცხების შემდეგ, "ამერიკელების, ინგლისელების, ფრანგების მიერ გასაწირად გამეტებული გერმანელი ერის" გადამრჩენ იოსებ სტალინთან, რომელმაც, პოტსდამის კონფერენციაზე, მოკლედ და კონკრეტულად, სულ რამდენიმე ფრაზით, _ "არაფერ შუაშია გერმანელი ხალხი, ჰიტლერები მოდიან და მიდიან, გერმანელი ერი კი იქ რჩება, სადაც იგი დაიბადა და ჩამოყალიბდა!" ხელი ააღებინა ზემოთხსენებულ გარეწრებს ანტიადამიანურ გერმანოფობიაზე!
ცოტა ხნით შევეშვათ დუტა მასხარას და სერიოზულად ჩავუფიქრდეთ, ვის და რისთვის სჭირდება, რატომ აქტიურდებიან საგანგებოდ, ყოველი 9 მაისის (ბოლო დროს არა მარტო 9 მაისის) მოახლოებისას "სტალინის მაგინებლები"?
არავინ გაბედოს ჩემი სტატიების გამო ვინმემ "სტალინისტობა" მომაწეროს, როგორც ეს იციან ხოლმე ხელმოცარულმა და დაქირავებულმა ნაძირალებმა, მე არავისტი არ ვარ, მაგრამ არავის ვაპატიებ ისტორიის ხელყოფას, რომელიც ჩრდილს აყენებს ჩემს სამშობლოს და მისი თავისუფლებისთვის შეწირულ ასი ათასობით ქართველს!
აქვე იმასაც ვიტყვი, _ მე არც "სტალინისტობას" ვუწუნებ ვინმეს, ეს ყველას პირადული საქმეა, მაგრამ, როცა ფაშიზმის დამარცხების უპირველეს შემოქმედს, სწორედ ფაშიზმის დამარცხების გამო ამტყუნებენ და ყველანაირად ცდილობენ ფაშიზმის დამარცხება "ნეოფაშიზმი"-ს ამღორძინებელ, მსოფლიო ბატონობისთვის თავგადაგებულ ქვეყნებს მიაწერონ, ჩემს სათქმელს ყოველთვის ვიტყვი და მწარედაც!
_უნდა გვახსოვდეს, _ როცა, ფაშიზმის დამმარცხებლის სახელს და ღირსებას ამასხარავებ, იგი "ნეოფაშიზმის" წახალისებაა!
ამიტომაც, დიდი სიფრთხილე გვმართებს ასეთ შემთხვევებთან მიმართებაში, რადგან დუტასნაირ უგუნურთა წამხალისებლები, როცა დასჭირდებათ, ჩვენ, ქართველებს მოგვაწერენ მათ მიერ წახალისებულთა ნამოქმედარს და "ნეოფაშიზმში" დაგვადანაშაულებენ!
დიდი ხანია საქართველოს მისამართით "საგანგებო ყურადღებას" იჩენენ დასავლეთის ქვეყნები, თუმცაარა ყოველთვის კეთილგანწყობილს!
მახსენდება, 1990 წლის ზაფხულს გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში მომიწია ყოფნამ. წასვლის წინ ბატონ ზვიად გამსახურდიას ვესტუმრე "კოლხურ კოშკში" და მოვუყევი ჩემს გეგმებზე. უამრავ საინტერესო და მნიშვნელოვან საკითხებთან ერთად, ისიც ვკითხე, რას ისურვებდა მისთვის გერმანიიდან რომ ჩამომეტანა.
ბატონმა ზვიადმა მისთვის ჩვეული ჟესტით ჩაიღიმა და მითხრა, _ "პრესა წამოიღე, საინტერესოა რას წერენ ჩვენზე, ქართულ განმათავისუფლებელ მოძრაობაზეო!"
გერმანიიდან დაბრუნებულმა, საკმაოდ მოზრდილი, გაზეთების დასტა ჩამოვიტანე და ზვიად გამსახურდიას ისვ ვესტუმრე "კოლხურ კოშკში". ჩვენს შეხვედრას, ბატონები დათო მერკვილაძე და ავთანდილ რცხილაძე ესწრებოდნენ. კარგა ხანს ვათვალიერეთ ე.წ. "დასავლეთის პრესაში" კომუნისტური იმპერიიდან თავდაღწევისთვის, თავდაუზოგავად მებრძოლი ქართველი ერის შესახებ გამოქვეყნებული სტატიები, რომელთა დიდი უმრავლესობა ნეგატიურად განიხილავდა ამ პროცესს!..
თვალწინ მიდგას ბატონი ზვიადის დაღონებული სახე და მისი ჩუმი, გერმანულად ნათქვამი კომენტარი, _ "ისედაც ვიცოდი, რომ ევროპის იმედი არ უნდა გვქონოდაო!"
სამწუხაროდ, ეს დამოკიდებულება დღემდე არ შეცვლილა ჩვენი სამშობლოს მიმართ!
იგი უამრავჯერ გახმოვანდა, მათ შორის, მეხსიერებაში მწარედ ჩამრჩა, გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრ, ჰანს დიტრიხ გენშერის ნათქვამი მისსავე 80 წლის იუბილეზე ჩასული შევარდნაძისადმი მიმართვაში, _ "სსრკ-ს საგარეო საქმეთა მინისტრის პოსტიდან წასვლის შემდეგ, ჩვენ მუდამ განვიხილავდით ბატონ შევარდნაძეს საქართველოს პრეზიდენტად და დავეხმარეთ მას მიზნის მიღწევაშიო!"
ამ სიტყვებით, ერთ-ერთმა უთვალსაჩინოესმა ევროპელმა, სრულიად მოურიდებლად, საქართველოში პუტჩის მონაწილეობაც გაამჟღავნა.
მას შემდეგ, რაც შევარდნაძემ საქართველოში სისხლიანი პუტჩის მოწყობით სახელმწიფო გადატრიალება მოახდინა, ქვეყნის მოსახლეობა ორად გაყო და ერთმანეთს დაუპირისპირა, "მიზანს მიაღწია" და საქართველოს პრეზიდენტი გახდა, აფხაზეთში ომის პროვოცირებით, სამშობლოს მისი უძველესი ნაწილი მოსწყვიტა, 30.000 ომის მსხვერპლით და 300.000 სიკვდილს თავდაღწეული, უსახლკაროდ დარჩენილი მოსახლეობით ხელდამშვენებული პირველი გერმანიას ესტუმრა და იქიდან ნამათხოვრალი 20 მილიონი მარკის პროდუქტები მიიღო, რაც, ლამის მეორედ მოსვლად ჩაუთვალა მისმა კომუნისტურმა აგენტურამ, რომელმაც მუხლიც კი მოაყრევინა, საკუთარ სამშობლოში ომებითა და უდანაშაულო ადამიანების ხოცვით დაშინებულ მოსახლეობას.
ესეც არაფერი, იმ ევროპაში, რომელმაც არაერთგზის გვაქცია ზურგი და რომლისკენაც ჩემი სამშობლო "მიისწრაფის", საქართველოს შიდაგანადგურებასთან ერთად ვრცელდებოდა უაღრესად დამამცირებელი ინფორმაციები საქართველოსა და ქართველი ხალხის შესახებ, რომ, _ "ისინი (ჩვენ) საკუთარ თავზე გადამეტებული წარმოდგენის, საკუთარის არ მქონე და სხვისი ისტორიის მიმთვისებელი, დაუმსახურებელი დიდებისა და ფუფუნების მომთხოვნი ვართ, რითაც პრობლემებს ვუქმნით გარესამყაროს!"
იმასაც ვერ უარჰყოფდნენ, რომ, _ "საამაყო და თავმოსაწონიც ბევრი აქვთ ქართველებს, მაგრამ ამას მოევლება..." და მასთან ბრძოლის უბინძურესი მეთოდები აამოქმედეს.
უნებურად გენიალური ფილმის "დათა თუთაშხია"-ს ფინალი მახსენდება, როცა კეფაში ტყვიადახლილი დათა საკუთარ შვილს მიუბრუნდება და ელდანაცემი სახით მიმართავს, _ "რა ქენი, გუდუნა ეს!"
სამწუხაროდ ასეთი უამრავი "გუდუნა" გამოუზარდა ედუარდ შევარდნაძემ და მიშა-შეურაცხადმა საქართველოს. სწორედ ისინი ებრძვიან ისტორიას, რომელიც დიდი ხანია დაიწერა, მაგრამ დღემდე ხელს უშლის "ევრო-ამერიკული გლობალიზაციის პროექტის განხორციელებას" და უსასტიკესი განაჩენი გამოგვიტანეს ქართველებს, რომელიც ასე შეიძლება ჩამოვაყალიბოთ:
_სანამ ქართველებს თავმოსაწონად და საამაყოდ ისტორია და წარსული ექნებათ და ასწლეულებგამოვლილი, ეროვნული წმინდანები ეყოლებათ, _ დავით აღმაშენებლის, თამარ მეფის, შოთა რუსთაველის, გიორგი სააკაძის, ილია ჭავჭავაძის, იოსებ სტალინის, ექვთიმე თაყაიშვილის, გალაკტიონ ტაბიძის და უამრავ სხვათა სახით!
_სანამ მცხეთის ჯვარი, ატენის სიონი, სვეტიცხოველი, ალავერდი, დავით გარეჯი, ვარძია და კიდევ სხვა უთვალავი, ქართველთა თავმოსაწონი იქნება!
_სანამ ასი ათასი მოწამის თავდადებისა სჯერათ!
_სანამ ფესტოსის დისკოს გაშიფვრით მსოფლიო ცივილიზაციის კარიბჭის გასაღებს მყარად დაიჭერდნენ ხელში!
_სანამ მსოფლიოში უძველეს ოქროს საბადოს, სრული ბრწყინვალებით წარუდგენენ კაცობრიობას!
ზემოთხსენებული "გუდუნები" უნდა ამუშავდნენ, რომ სახელი შეუბღალონ წმინდანებად და ლეგენდებად ქცეულ,ჩვენს დიდ წინაპრებს, გაგვისხვისონ და დაგვინგრიონ ის, რითაც განვსხვავდებით გარესამყაროს ბინადართაგან!
ერთ-ერთი "გუდუნა"-თაგანი, _ დუტა მასხარაა, რომელსაც "გოლიათთან" შებმა დააკისრეს "ევრო-ამერიკული" პროექტის ფარგლებში.
ცოტა ხანი თავი დავანებოთ ამ არარაობას, რომელიც, როგორც გავიგე ტელევიზიებიდან გამოაგდეს და ახლა ინდივიდუალურად ცდილობს კისერი მოიტეხოს!
ყველას თავისი გზა და არჩევანი აქვს, _ ხელს ნუ შევუშლით!
არ ვიცი, მერამდენედ ვნახე ეკრანზე "ჯარისკაცის მამა", მაგრამ, როცა იგი გასულ კვირას, ვიდრე დიდი რეზო ჩხეიძე ჯერ კიდევ ცოცხალი იყო და მასთან შემეძლო უკანასკნელად მესაუბრა, სასწაული რამ აღმოვაჩინე, _ ომში შვილის საძებნელად წასული და უშედეგო ძებნით დაღლილი მამა, როცა მას ჰკითხავენ, _ რა გინდა ომში, რას დაეძებო!
_პასუხს შეკითხვის დამსმელს კი არ სცემს, თითქოს ზეცაში მთელ სამყაროს ელაპარაკება, _ "შვილი მინდა ვნახო, ომმა ხომ არ შეცვალა, ხომ არ გააბოროტაო!"
დიდი რეზო ჩხეიძე ცოცხალი არ გვყავს, იგი ცოტა ხნის წინ მივაბარეთ ქართულ მიწას, რომლის ოხშივარი ევროპის საზღვრამდე მისულ გიორგი მახარაშვილს შვილს აპოვნინებს, მაგრამ განგება (ამ შემთხვევაში ფილმის რეჟისორი), მისსავე ხელებში დაალევინებს სულს!
ეს შემთხვევითი კადრი არ არის, მის გენიალობას უნდა მივაწვდინოთ ჩვენი გონიერებაც (რაც, არც ისე იოლია!), _ გიორგი მახარაშვილი მარტო თავისი შვილის საძებნელად კი არ წასულა ფრონტზე, იგი, ყველა მამის შვილის საძებნელად იყო გზას გამდგარი და სამასი ათასმა შვილმა დალია მის ხელებში სული!
ამიტომაც აღიარეს იგი დედამიწის ზურგზე, _ "ფრონტზე წასული, ყველა ჯარისკაცის მამად!"
ბოდიშს გიხდით, თემამ გამიტაცა, მე უბრალოდ მინდოდა მეთქვა, ვინ არიან და რა დავალებას ასრულებენ "დუტა-გუდუნები" დღეს, _ ევრო-ამერიკული დემოკრატიზაციის ყვავილობის ხანაში საქართველოში!
კაცმა რომ თქვას, "დუტა-გუდუნების" მომრავლება რატომ გვიკვირს, ადრე ვთქვი და ახლაც ვიმეორებ, როცა, _ ქვეყნის პრეზიდენტი, პრემიერი და წვრილ-წვრილი მინისტრები სიამაყით აცხადებენ, და "ჭკუაზე არ არიან" რომ, ისინი, აშშ-ში ჩავიდნენ და მათი საქციელი მოიწონა, აშშ-ს სახელმწიფო მინისტრის მრჩევლის, უფროსი რეფერენტის, პირველი მოადგილის, პირველმა თანაშემწემ!"
_დამეთანხმებით ალბათ, რომ, ამაზე ქვევით დაცემა ნამდვილად ძნელია, რადგან ქვევით მიწაა და ასეთ "გუდუნებს", სირცხვილისგან მიწა არ უსკდბათ!
დარწმუნებული ვარ, ნაცნაძირალები, თუ ამ სტატიას წაიკითხავენ, აუცილებლად აიტაცებენ, _ "ნახეთ რა ხდება ამ მთავრობის ხელშიო!"
არა ბატონებო, ამ დასკვნისთვის არ წამომიწყია ეს საუბარი და, არც მაგის უფლებას მოგცემთ, _ თქვენი, აწ უკვე გამჟღავნებული. "ევრო-ამერიკელი" უტიფარი მფარველების გამოსამზეურებლად მოვკიდე კალამს ხელი, რომ, უკანასკნელმა იდიოტმაც გაიგოს და გაითავისოს, _ საქართველოსთვის არ არსებობს არცერთი სხვა გზა, გარდა ქართულისა!
...ამასწინათ, რუსთაველზე, ერთი შარვალშემოფლეთილი გოგონა გამოეყო, მისნაირად შემოსილთა ჯგუფს და ჯიქურ მომვარდა, _ "ბატონო დავით, თქვენ რომ, ჩვენს მიერ არჩეული, არცერთი გზა არ მოგწონთ, რას გვირჩევდით?"
ფოტოაპარატი და ხმის ჩამწერი, დღეს ყველას ხელში უჭირავს, ყველა ჟურნალისტია და არ გამკვირვებია, მისი სითამამე, არც ჩემი სახელის ცოდნა, რადგან 1992 წლიდან მოყოლებული, წლების მანძილზე, კრწანისის ქუჩაზე, მხოლოდ სახელი და გვარის ჩვენებითაც მოდიოდა წერილები უცხოეთიდან!
_ქართული გზა -მეთქი! რომ ვუპასუხე, მოულოდნელობისგან, ისე შეცბა ეს შარვალშემობდღვნილი ბავშვი, ხმა ჩაიკმინდა!
ბავშვს რა უნდა მოვკითხოთ, ისე წახდა საქმე, _ სხვის კარზე დაგეშილი, ბოლო სამი მთავრობის შემხედვარე მოსახლეობას არც კი ახსოვს, საქართველოსთვის ერთადერთი, _ ქართული გზის არსებობა!
დავით ქობალია
P.S. ამ სტატიაზე ვმუშაობდი, როცა მეგობარმა "ლინკი" გამომიგზავნა თხოვნით, _ "ნახე და შემომეხმიანეო!"
ნახვით კი ვნახე, მაგრამ სურვილიც გამიქრა წაკითხულზე და ნანახზე საუბარი გამეგრძელებინა.
_ორი, ქალადწოდებული ბუნების შეცდომა, თეა თუთბერიძე და ნინია კაკაბაძე, უშვერი სიტყვებით ლანძღავდნენ საქართველოს კათალიკოს-პატრიარქს, უწმინდესს და უნეტარესს ილია მეორეს!
ესეც საქართველოს საწინააღმდეგო "ევრო-ამერიკული" პროექტის ნაწილია, რომელიც ასე იკითხება:
_წარსულის და ისტორიის წართმევით ჯერ კიდევ არ არის მიზანი მიღწეული, _ ქართველებს გაუსვრელი ცოცხალი თანამედროვე არ უნდა ჰყავდეთ, ვისაც ერი დაუჯერებს და გაჰყვება!
სტატიის დასაწყისში სტალინის როლის შემსრულებლები ვახსენე. მოვუსმინოთ ერთ-ერთ მათგანს, ჩვენს თანამედროვეს:
დავით გიორგობიანი: "შემირცხვენია ყველა ის ქართველი, ვისაც ქრისტე არ უყვარს, ვინც პატრიარქს ებრძვის და ვინც საკუთარი კეთილდღეობის მისაღწევად ჯოჯოხეთშიც ჩავა შვილებიანად და საქართველოსაც მიწას მიაყრის.
„დღეიდან მათი სახელი იყოს ყართველი."