განათლების სისტემაში არსებულ პრობლემებზე საუბრობს "საგანმანათლებლო ალიანსის" თანათავმჯდომარე მარიამ რამინაშვილი:
„აბსოლუტურად მიუღებელია გადაწყვეტილება, რომ საზოგადოებისთვის კარგად ცნობილი ფაქტი მოსწავლეების ძალადობრივი და მძიმე კადრების შემცველი ფილმის ჩვენებაზე დასწრების შესახებ, მხოლოდ განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს შიდა აუდიტის მიერ გაკეთებული დასკვნით შემოიფარგლოს და ამის საფუძველზეც ბრალეულობა მხოლოდ სკოლის დირექტორების მიმართ განხორციელდეს. ეს ფაქტი ადასტურებს, რომ განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო ვერ უწევს წინააღმდეგობას ადგილობრივი თვითმართველობის წევრებს ისეთი დავალების შესრულების დროსაც, რომელიც არღვევს ბავშვთა უფლებებს და პასუხისმგებლობის ტვირთს იღებს შეგნებულად, რითაც იცავს ,,ქართული ოცნების" პარტიულ ინტერესებს.
საჯარო სკოლების პოლიტიკურ სიტუაციებში ნებისმიერი ფორმით გარევა - იქნება ეს პირდაპირი თუ არაპირდაპირი ჩართულობა- არის დანაშაული, ხსენებულ შემთხვევაში კი შეიძლება შეფასდეს, როგორც ძალადობა არასრულწლოვანზე. სკოლა, როგორც აპოლიტიკური ორგანიზაცია, მსგავსი ქმედებებისგან უნდა იყოს აბსოლუტურად შორს ყველა იმ რეგულაციით, რითაც წესრიგდება მისი მუშაობის ცალკეული მიმართულებები.
მმართველი პარტიის დავალებები ჯერ კიდევ დირექტორების შესარჩევი კონკურსის ჩატარების დროს იკვეთებოდა, როცა რეგიონებში დირექტორები უშუალოდ ადგილობრივი თვითმართველობის წარდგინებით ინიშნებოდნენ თანამდებობებზე ან იმარჯვებდნენ კონკურსში. მე ბევრჯერ ვთქვი ამის შესახებ და კვლავ გავიმეორებ, რადგან მაქვს კონკრეტული მაგალითები სწორედ ამ რაიონებიდან, თუ როგორ ჩაატარა განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ სკოლის დირექტორების სერტიფიცირების პროცესი და მოგვიანებით გასაუბრებები სკოლის დირექტორების წარსადგენად. არავისთვის უკითხავთ კანდიდატების შესაბამისობისა და რეკომენდაციების შესახებ, გარდა ადგილობრივი თვითმართველობებისა, ყველა სკოლის დირექტორობის მსურველმა იცოდა, განსაკუთრებით ამ რაიონებში, თუ ,,მფარველად" და "შუამავლად" სამინისტროსთან არ ეყოლებოდა ადგილობრივი თვითმართველობის ან რაიონული "ქართული ოცნების" რეკომენდატორი, არაფერი გამოუვიდოდა და ასეთის არმქონე ძალიან წარმატებული კადრები დარჩნენ კიდევაც სკოლის გარეთ. მიმაჩნია, რომ სწორედ ამის შედეგია თვითმართველობების გავლენის მაღალი ხარისხი სკოლის დირექტორებზე, სწორედ ეს გახდა საფუძველი იმისა, რომ თვითმართველობებისაგან მიღებული დავალებები სკოლის დირექტორებმა, როგორც უპირობოდ შესასრულებელი, სწორედ ასე აღიქვეს.
მე არ ვთვლი, რომ ეს დასკვნა შემთხვევით მიღებული გადაწყვეტილება იყოს. თავად ის ფაქტი, რომ აღნიშნული ფილმის შემქმნელი არასამთვარობო ორგანიზაციის ხელმძღვანელი და ამ ჩვენებების ორგანიზატორი, სულ ახლახან, საკმაოდ გავლენიან თანამდებობაზე დაინიშნა - ერთმნიშვნელოვნად მიანიშნებს იმაზე, რომ ამ ფილმის შექმნის იდეა მმართველი პარტიის ინტერესების მაამებელი ქმედება იყო, რომ აღარ ვისაუბროთ საფუძვლიან ეჭვზე - ფილმის შექმნაც მმართველი პარტიის დაკვეთა ყოფილიყო.
შემაშფოთებელია ის შეფასებაც, რომ სამინისტრომ აღნიშნული აქტივობის შესახებ არაფერი იცოდა. სამინისტროს უნდა ჰქონდეს ისეთი ავტორიტეტი, რომ მის დაქვემდებარებულ სტრუქტურებს (იმ შემთხვევაში, თუ დავუჯერებთ სანიკიძეს, რომ არაფერი იცოდა) მისი გვერდის ავლით დავალებები არავინ მისცეს.
ყოველივე ეს კი კიდევ ერთხელ ადასტურებს იმას, რომ მინისტრი ვერ მართავს და ვერ ფლობს განათლების სისტემაში მიმდინარე სიტუაციებს და, როგორც ყველგან, განათლების სისტემაშიც მიმდინარე მოვლენებს ერთი დამკვეთი ჰყავს.
სახიფათო გახლავთ ისიც, რომ თუ აღნიშნული ფაქტის შეფასებისას მხოლოდ სკოლის დირექტორების ბრალეულობა გამოიკვეთება და დირექტორების მიერ დასახელებულ პირებს თვითმართველობიდან არ მოუწევთ მათ მიერ განხორციელებულ ქმედებების ახსნა და მასზე პასუხისმგებლობა - სკოლებისთვის ეს აღქმული იქნება როგორც მესიჯი, რომ მომავალში ნებისმიერი მათი მხრიდან წამოსული დავალება, თუნდაც მიუღებელი და წინასწარ გაცნობიერებული გადაცდომა, აუცილებლად შესასრულებელია და გამორიცხული არაა, მომავალში სკოლის დირექტორებმა დამვალებლის ვინაობაც კი არ გაამხილონ და მთელი პასუხისმგებლობა საკუთარ თავზე აიღონ.
მართვის ეს ფორმა ასუსტებს სკოლის დამოუკიდებლობის ხარისხს და იგი გვევლინება, როგორც მმართველი გუნდის პოლიტიკური იდეის განმხორციელებელი, რაც ძალიან წააგავს ტოტალიტარული მართვის მოდელს, რომელიც, საბოლოოდ, სახელმწიფოსთვის მართვის მისაღებ ფორმად გადაიქცევა და გაცილებით რთულ შედეგამდე შეიძლება მიგვიყვანოს.
ამიტომ მიმაჩნია, რომ განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ თვითმართველობების მხრიდან აუცილებლად უნდა აღკვეთოს ასეთი დამოკიდებულება, წინააღმდეგ შემთხვევაში პრობლემების უფრო ფართო სპექტრთან გვექნება საქმე. ვთვლი, რომ ვიდრე სკოლის ადმინისტრაციას არ ექნება განცდა, რომ მის ნებისმიერ სამართლიან და დასაბუთებულ, მაგრამ მმართველი პარტიისადმი არამაამებლურ გადაწყვეტილებას მისი სამინისტრო არ დაიცავს, ვიდრე სკოლებს არ გაუქრებათ განცდა, რომ ადგილობრივები და მმართველი პარტიის წარმომადგენლები წარადგენენ მათ სამინისტროს წინაშე, შესაძლოა ბევრად უარესი შედეგები მივიღოთ. სწორედ ამიტომ, მოვუწოდებ სახალხო დამცველს, დაინტერესდეს არსებული დასკვნით, ასევე მმართველი პარტიის წარმომადგენლებსა და ადგილობრივი თვითმართველობის ხელმძღვანელ პირებს, დაწვრილებით შეისწავლონ განათლების სამინისტროს მიერ დადებული დასკვნა და მასში დასახელებული პირების მიმართ გაატარონ შესაბამისი ღონისძიებები.