ექსპერტი გია ხუხაშვილი "ივერიონს" NDI-ს მნიშვნელოვან გზავნილებზე, "პატრიოტული ალიანსის" გადაჭარბებულ პომპეზურობასა და პუტინთან ვიზიტის მომგებიანობაზე ესაუბრა
-ბატონო გია, რამდენიმე დღის წინ გამოქვეყნდა NDI-ს კვლევა, რომლის თანახმადაც, "ნაციონალური მოძრაობის" რეიტინგი ისევ მაღალია, უფრო მეტიც, იგი ოპოზიციური პოლიტიკური პარტიის ერთადერთ ნიშას ინარჩუნებს. რამდენად ახლოსაა მათი რეიტინგი-41%- რეალობასთან და საზოგადოებას მომავალი არჩევნების შედეგების "ნაციონალების" სასარგებლოდ ჩატარებას ხომ არ აჩვევენ?
-"ნაციონალური მოძრაობის" ელექტორატი ისეა შემჭიდროებული, რომ ვერც გაზრდი და ვერც შეამცირებ, პრაქტიკულად, მას ზრდის ნულოვანი პოტენციალი აქვს, მაგრამ, მიუხედავად ამისა, ამ პარტიამ კარგად მოახერხა ხალხის მობილიზება, რომელიც შედგება განაწყენებული ჩინოვნიკებისგან, სხვა მოკავშირეებისგან და ა.შ. პარალელურად, ხელისუფლება და " ქართული ოცნება" დღითიდღე კარგავს რეიტინგს და საზოგადოების უდიდესი ნაწილი ფიქრობს, რომ ცუდი ხელისუფლება ჰყავს, მაგრამ, ამავე დროს, ჰყავს უარესი ოპოზიცია "ნაციონალური მოძრაობის" სახით.
ისიც პრობლემაა, რომ დღევანდელი საზოგადოება უნდობლობას უცხადებს პოლიტიკურ ელიტას, რაც რისკს წარმოადგენს ხელისუფლებისთვის, რომლის ოპონენტიც საზოგადოება გამხდარა. სწორედ ასეთ ვითარებაში შეიძლება მივიღოთ უმართავი და არასახარბიელო პოროცესები.
ის, რომ "ნაციონალურ მოძრაობას" სტაბილური საყრდენი აქვს და პოზიციებს ინარჩუნებს, ხელისუფლების ბრალია. პოლიტტექნოლოგიების თვალსაზრისით, ხელისუფლებას ხელს აძლევს მუდმივად აპელირებდეს "ნაციონალებზე", რადგან სხვა ოპოზიციური ძალის წარმოჩენა არ სურს, თუმცა ამით კიდევ უფრო ამაგრებენ მას.
-NDI-ის კვლევის მიხედვით, საზოგადოების დაბალ მხარდაჭერას ინარჩუნებენ პარლამენტსგარე დარჩენილი ოპოზიციური პარტიები. თუმცა, შეიძლება ითქვას, ამ კვლევის წყალობით, ზოგიერთი ნაფტალინწაყრილი პარტია გააცოცხლდა. ამ ფონზე, "საქართველოს პატრიოტთა ალიანსი" თავს მეორე პოლიტიკურ ძალად აცხადებს "ქართული ოცნების" შემდეგ. როგორია თქვენი კომენტარი?
-"პატრიოტულმა ალიანსმა" მართლაც დაიმკვიდრა თავისი ადგილი პოლიტიკურ რუკაზე, მაგრამ მათი შესაძლებლობების ასე პომპეზურად წარმოჩენა, ჯერ-ჯერობით, გადაჭაბებულია. დღეს ის "ქართულ ოცნებას" უყოფს იმ სეგმენტს, რასაც სამართლიანობის აღდგენა ჰქვია. "ქართული ოცნება" ბევრს "ხმაურობდა" ამით და მოქმედების არეალი შეუზღუდა "პატრიოტულ ალიანსს", რომელსაც აქვს პერსპექტივა, სხვადასხვა გზავნილიც, ე.წ. პროქართული პოლიტიკის გატარება - არც აშშ, არც რუსეთი-რაც მომხიბვლელად გამოიყურება ელექტორატისათვის, მაგრამ ამის თქმაა ადვილი, ხოლო დამაჯერებლობისათვის არგუმენტები სჭირდება.
დღეს ყველა პარტია, მეტ-ნაკლებად, ნაფტალინწაყრილია, ყველა ცოდვებითაა დატვირთული, რის გამოც მათ მიმართ საზოგადოება ინდიფერენტულია. მათ შორის, "ქართული ოცნებაც", რომელსაც, დღეის მდგომარეობით, არ აძევს დიდი ცოდვები, მაგრამ მოახერხა, რომ საზოგადოება დიდ იმედგაცრუებაში გადაესროლა. სამწუხაროდ, ქართულ პოლიტიკაში არიან ერთკაციანი პარტიებიც , რომლებიც ტაქტიკური მოსაზრებით, ბაზრობის მეთოდოლოგიით, მცირე მეწარმის პოზიციიდან მოქმედებენ და პარლამენტში თუ ვერ შედიან, "ბაზრობის ბუტკებიდან" ახერხებენ ხელის მოთბობას.
-სად არის ნინო ბურჯანაძის ადგილი, რომელიც, კვლევის მიხედვით, თითქმის არ ჩანს ქართული პოლიტიკურ ჰორიზონტზე?
-ეს მეტად უცნაურია. სიტუაცია მყიფეა, მოსახლეობის ნახევარზე მეტი, რომელიც დღემდე ეძებს ლიდერს, დღეს არცერთ პოლიტიკურ ძალასთან არ იდენტიფიცირდება. თუ გამოკვლევას ვენდობით, რომლის მიხედვითაც გამოკითხულთა 31% ევრაზიულ კავშირს უჭერს მხარს, ბურჯანაძეს უდიდესი სამოქმედო სივრცე აქვს, განსაკუთრებით მაშინ, თუ მას კიდევ ერთხელ ვიხილავთ მოსკოვში პუტინთან.
ესაუბრა ია ჯღარკავა