„ივერიონს“ კარსმომდგარ 17 მაისზე, ლგბტ-ს უფლებებზე და სექსუალური უმცირესობების უფლებების დაცვით უმრავლეობის უფლებების დარღვევაზე ესაუბრება სვეტიცხოვლის ტაძრის დეკანოზი პეტრე კვარაცხელია.
-მამაო, 17-მა მაისმა წინა წლებში აჟიოტაჟით ჩაიარა. ევროსასამართლომ საქართველოს სახელმწოფო 33,500 ევროთი დააჯარიმა ადამიანის უფლებათა დარღვევის მოტივით, რომელიც 2012 წლის 17 მაისის მოვლენებს უკავშირდება. როგორ ფიქრობთ, რატომ მოიქცა ასე ევროსასამართლო და არის თუ არა ეს დასავლეთის “საჩუქარი-გაფრთხილება“ კარსმომდგარი 17 მაისის წინ?
-17 მაისის თემა იმდენად აქტუალური გახდა, ხშირად ვფიქრობ, რომ მაისიდან მაისამდე მხოლოდ ამით ვცხოვრობთ. შეიძლება სახელმწიფო დააჯარიმეს, მაგრამ კონკრეტული ადამიანების ფინანსური მდგომარეობა სწორედ ამ დღეზე გადის. უნდა ითქვას, რომ სექსუალური უმცირესობების მოთხოვნილებებზე ბინძური ამ საკითხით ცხოვრების მოწყობაა. ექსპლუატაციის სახელით აფიშირებულ დემაგოგიას ფართო არეალი მიეცა და ერი თუ ბერი სრულ მზადყოფნაშია. უნდა შევეგუოთ იმას, რომ ეკლესიის სწავლება უცვლელია და მისგან ნუ ითხოვენ შემწყნარებლობას. ეკლესია შემწყნარებელია ცოდვილთან და არა ცოდვასთან. შეიძლება სახელმწიფო მეტადაც დააჯარიმონ, მაგრამ ჩვენი “შემოდგომის აზნაურივით“ გაძარცვულ ბიუჯეტზე მძიმე იქნება ღვთიური დასჯა, თუ უზუსტობაში გადავეშვით.
-ევროსასამართლომ, რომელსაც რამდენიმე წელი სჭირდება ამა თუ იმ საჩივრის განსახილველად, საქართველოს ძალიან მალე და ადვილად გამოუტანა განაჩენი. თქვენი აზრით, როგორია ეს სამართალი?
-სამართლიანობა იქ მთავრდება, როცა უმცირესობის ინტერესებს უმრავლესობა ეწირება. ხშირად მინახავს არატრადიციული ოჯახების სირთულეებით ფსიქიკურად შერყეული ადამიანი. მაშინ ვთქვათ, რომ ასეთების უფლებაც ირღვევა. ამის გამო რატომ არავინ ჯარიმდება?! ხაზგასმით აღვნიშნავ, რომ ცოდვასთან და საზოგადოდ მიუღებელ ქმედებებთან აგრესიული ფონი დანაშაულის გაგრძელებაა. ქრისტეს ეკლესია თავად იბრძვის ძალადობის წინააღმდეგ და ადამიანს არჩევანის თავისუფლებას უტოვებს - აძლევს სწორ მიმართულებასაც, მაგრამ ივლის თუ არა ამ გზაზე, თავად უნდა გადაწყვიტოს! კონკრეტული სასულიერო პირების სუბიექტური ნაბიჯებიც ეკლესიის პოზიციას არ უნდა მივაწეროთ. ცოდვის გამო ქვების სროლა გამოსავალი რომ იყოს, ღმერთი ადამს სამოთხეში ჩაქოლავდა და კაცობრიობაც შეწყვეტდა არსებობას. ვფიქრობ, ირივე მხრიდან პრობლემაა და უმთავრესი ამის დანახვაა, მერე გამოსავალიც ადვილად მოიძებნება...
- ცოდვათა მოსანანიებლად ხშირად დადიან თუ არა ეკლესიაში მცდარი სექსუალური ორიენტაციის მქონე ადამიანები?
-ეკლესიაში სიარულის უფლება აქვს ყველას, ოღონდ საინტერესოა, რამდენად სწორად დავდივართ. უფალი ყველას შეუწირავს გულით ნათქვამ აღსარებას და ამ უმძიმესი ჯვრის ზიდვაშიც შეეწევა. მონანული როცა ტაძარს უახლოვდება, ნიშნავს იმას, რომ იმედი აქვს გადარჩენის და სურვილი - გამოსწორების, მაგრამ იქ ქვებით თუ დახვდებიან, ის საბოლოოდ ჩაიქნევს ხელს გამოსწორებაზე და, მეტიც, მის ამ მდგომარეობას, პილატე პონტოელივით, სხვას შეახოცავს...
ესაუბრა ია ჯღარკავა