ივერიონი / ქართველი მსოფლიო ბარიტონი კიდევ ერთხელ გაგვაოცებს

ქართველი მსოფლიო ბარიტონი კიდევ ერთხელ გაგვაოცებს

ბათუმში, მსოფლიო ბარიტონის ლადო ათანელის შემოქმედებითი საღამო და
ა. პონკიელის „ჯოკონდას“ პრემიერა გაიმართება

ჟ. ბიზეს „კარმენის'' წარმატებული პრემიერების შემდეგ, პირველად საქართველოში, ბათუმის ხელოვნების ცენტრში, მსოფლიო ბარიტონის, ლადო ათანელის შემოქმედებით საღამოზე, 25 მაისს, შესრულდება სცენები პონკიელის ოპერიდან „ჯოკონდა''. ბათუმის საოპერო დასის ახალგაზრდა სოლისტები, ლადო ათანელის სახელობის კონკურსის ლაურეატები - ირაკლი კახიძე, ინგა ჯახუტაშვილი და სულხან ჯაიანი, სპექტაკლში მონაწილეობას მიიღებენ მსოფლიო ბარიტონთან ლადო ათანელთან და ევროპაში მოღვაწე ქართველი სოპრანო ნანა მირიანთან (ქავთარაშვილი) ერთად. ნანა მირიანი (ქავთარაშვილი) ჯოკონდას პარტიას იმღერებს. იგი, 18 მაისს იტალიიდან ჩავა ბათუმში და  ქართველ კოლეგებს შეუერთდება.

ბათუმის ხელოვნების ცენტრის სიმფონიურ ორკესტრს და კაპელას  მაესტრო დავით მუქერია უდირიჟორებს.

უკვე მრავალი წელია ბათუმის საოპერო დასის ახალგაზრდა და ნიჭიერი სოლისტები და მათი სამხატვრო ხელმძღვანელი მარინა ჯახუტაშვილი, ქართველ მელომანებს მსოფლიო ოპერის მარგალიტებს სთავაზობენ და უნდა ითქვას, რომ ყველა სპექტაკლსა თუ პრემიერაზე ბათუმის ხელოვნების ცენტრში წარმოდგენები სრული ანშლაგით იმართება. ამ ახალგაზრდა დასს განსაკუთრებულად გულშემატკივრობენ და გვერდში უდგანან ქართული ოპერის კორიფეები და მოქმედი მომღერლები, მათ შორისაა ლადო ათანელიც.

ლადო ათანელი უკვე 25 წელია მღერის მსოფლიოს საუკეთესო საოპერო სცენებზე და ბრწყინვალე ბარიტონით, დახვეწეილი და შთამბეჭდავი შესრულებით, განცვიფრებაში მოჰყავს მილიონობით მემსნელი, კოლეგები და მეგობრები.

იგი ხშირად მართავს საქველმოქმედო კონცერტებს საქართველოში, მონაწილეობს როგორც ქართველი, ასევე უცხოელი კოლეგების საიუბილეო კოცერტებში. ათანელი საქველმოქმედო  ფონდის „თანადგომა“ დამაარსებელია ფონდის მიზანია დაეხმაროს ახალგაზრდა ნიჭიერ ვოკალისტებს და გზა გაუკაფოს მათ საერთაშორისო სარბიელზე.

ლადო ათანელის შემოქმედებითი საღამოსთვის, რომელიც 25 მაისს გაიმართება ხელოვნების ცენტრში,  იმიტომ შეირჩა ოპერა „ჯოკონდა“, რომ დასის სოლისტებს-ირაკლი კახიძეს, ინგა ჯახუტაშვილს, სულხან ჯაიანს, ნამდვილად აქვს იმის პოტენციალიდა პროფესიული გამოცდილება, რომ ღირსეული პარტნიორობა გაუწიონ მსოფლიო ოპერის ისეთ ვარსკვლავებს, როგორებიც არიან ნანა ქავთარაშვილი და ლადო ათანელი.

მასალა მოგვაწოდა ხელობნებათმცოდნე კახი ლაზარიშვილმა


ქართველი ბარიტონი, ლადო ათანელი სწავლობდა ქ.თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიაში. 1989 წელს შედგა მისი წარმატებული დებიუტი თბილისის ზ. ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის თეატრში ჯ. ვერდის „ბალ-მასკარადში“ რენატოს პარტიით. იგი არის ფრანცისკო ვინიასის, ი. ჩესტელისა და ბელვედერი სვოკალისტთა საერთაშორისო კონკურსების I პრემიისა და გრან-პრის მფლობელი (1991–1996 წ).

1996 წლიდან  ლ. ათანელი დიდი წარმატებით გამოდის მსოფლიოს უდიდეს საოპერო სცენებზე: ნიუ-იორკი, ლონდონი, პარიზი, ბერლინი, ვენა, მილანი, ციურიხი, ჟენევა, მიუნხენი, ვაშინგტონი, ტოკიო, იგიგვევლინება: ვერდის, პუჩინის, ჯორდანოს, ლეონკავალოს, მასკანის, მასნეს ოპერების საუკეთესო შემსრულებლად, მის რეპერტუარშია 40-მდე საოპერო პერსონაჟი, მათ შორისაა: სკარპია, ჟერარი, ტონიო, იაგო, მაკბეტი, ნაბუქო, რიგოლეტო, ბარნაბა, და ბევრი სხვა.

 2003 წელს Emi-კლასიკმა დისკზე ჩაწერა პონკიელის ოპერა „ჯოკონდა“, სადაც ლ. ათანელმა ბარაბას ურთულესი პარტია შეასრულა ჩვენი დროის უდიდეს ტენორ პლასიდო დომინგოსთან ერთად.

2005 წელს გამოიცა ლ.ათანელის პირველი სოლო ალბომი „საოპერო არიების“ სახელწოდებით, ხოლო 2009 წელს გამოვიდა მეორე ალბომი „ბარიტონის არიები“.

გამოცემულია DVD - ჯ. ვერდის – „ოტელო“, ო. მასნეს –„ტაისი“, პ. ჩაიკოვსკის – „პიკისქალი“, ჯ. ვერდის –„ბალ-მასკარადი“.

საქართველოში,  2010 წლიდან ყოველწლიურად ტარდება ლადო ათანელის სახელობის ვოკალისტთა კონკურსი. 2011 წელს ლ.ათანელს მიენიჭა შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო პრემია და დაჯილდოვდა ოქროს მედლით. საქართველოს მწერალთა კავშირის მიერ იგი აღიარებულ იქნა „სიკეთის“ რაინდად.

15-05-2015, 10:30
უკან დაბრუნება