ივერიონი / აფხაზეთის დე-ფაქტო ექსპრეზიდენტი საქართველოში მკურნალობს

აფხაზეთის დე-ფაქტო ექსპრეზიდენტი საქართველოში მკურნალობს

თბილისში ოკუპირებული აფხაზეთის ყოფილი "პრეზიდენტი" მკურნალობს. საუბარია იმაზე, რომ ეს ექსპრეზიდენტი ალექსანდრე ანქვაბია, რომელმაც სულ ცოტა ხნის წინ მოსკოვში გულის ოპერაცია გაიკეთა – მას შუნტირება ჩაუტარეს, თუმცა მისი მდგომარება ძალიან დამძიმდა და ამიტომაც სასწრაფოდ თბილისში ჩამოიყვანეს.

 

ალექსანდრე ანქვაბი სეპარატისტული აფხაზეთის მესამე პრეზიდენტია. ის 2011 წელს, სერგეი ბარაფშის გარდაცვალების შემდეგ ჯერ პრეზიდენტობის მოვალეობის შემსრულებლად დაინიშნა, შემდეგ კენჭი იყარა ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებზე და 26 აგვისტოს "არჩევნების" პირველსავე ტურში მოიპოვა გამარჯვება. გასული წლის 1-ელ ივნისს კი ე.წ. მაისის რევოლუციის დროს, ის დე ფაქტო პარლამენტისა და ოპოზიციის მოთხოვნის შემდეგ თანამდებობიდან გადადგა.

 

როგორც "რეზონანსის" წყარო ამბობს, ანქვაბის თბილისში ჩამოყვანისა და მკურნალობის ფაქტი მკაცრად გასაიდუმლოებულია. აფხაზეთიდან სამკურნალოდ ჩამოსულთა ვინაობა ისედაც კონფიდენციალურია, მით უმეტეს, ორმაგად დაცულია ინფორმაცია, თუკი სამკურნალოდ აფხაზი მაღალჩინოსანი ჩამოდის.

 

ოფიციალურად ანქვაბის თბილისში მკურნალობას არავინ ადასტურებს.

 

აფხაზეთის ა/რ ჯანდაცვის მინისტრის, ქეთევან ბაკარაძის განცხადებით, როგორც წესი, სამინისტრო მკურნალობისათვის ჩამოსული აფხაზების ვინაობას არ ასაჯაროვებს.

 

მისივე თქმით, პაციენტები მუდმივად სხვადასხვა კლინიკებს მიმართავენ ხოლმე და არც თავად კლინიკები გასცემენ მსგავს ინფორმაციას. მიზეზი კი ისაა, რომ აფხაზებს ამ ფაქტის გასაჯაროვება არ სურთ, რადგან მათ ამის გამო შესაძლოა აფხაზეთში პრობლემები შეექმნათ.

 

მიუხედავად იმისა, რომ აფხაზები სამკურნალოდ ჩამოსვლის ფაქტს საგულდაგულდ მალავენ, ოკუპირებული აფხაზეთიდან ზუგდიდში, თბილისსა და ქუთაისში ეთნიკურად აფხაზი პაციენტები წლებია ჩამოდიან და ყველა მათგანს ასევე წლებია უფასოდ მკურნალობენ. მათთვის სრულიად უფასოა როგორც ურგენტული (სასწრაფო), ასევე გეგმური ოპერაციები და მკურნალობა.

 

აფხაზეთის ა/რ ჯანდაცვის მინისტრის, ქეთევან ბაკარაძის თქმით, ოკუპირებულ აფხაზეთში მცხოვრები ეთნიკური აფხაზებისათვის საქართველოს ჯანდაცვის სისტემაში სპეციალური, რეგერალური პროგრამა მოქმედებს, რაც უფასო მკურნალობა-ოპერაციებს გულისხმობს და აფხაზების მხრიდან მომართვიანობა საკმაოდ მაღალია.

 

"15 ათასი ლარის ფარგლებში ყველანაირი ოპერაცია, ურგენტული თუ გეგმური, ასევე მკურნალობა უფასო აქვთ და მაქსიმალურად კომფორტულად ვუწევთ ამ სერვისს", – აღნიშნავს ბაკარაძე.

 

ოფიციალური მონაცემებით, 2015 წლის პირველ 4 თვეში მაისის ჩათვლით ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიიდან გადმოსულია და რეფერალური პროგრამით ისარგებლა 107-მა ეთნიკურად აფხაზმა; 2014 წელს – 352-მა; 2013-ში – 307-მა, მათ შორის 69 ბავშვმა; 2012 წელს – 868-მა, მათ შორის 79 ბავშვმა.

 

აფხაზეთის ჯანდაცვის ყოფილი მინისტრი დალილა ხორავა აცხადებს, რომ აფხაზების მომართვიანობა ასევე მაღალი იყო მისი მინისტრობის წლებშიც. ის 2010 წლამდე 4 წელი იყო ჯანდაცვის მინისტრი და ამ 4 წლის განმავლობაში 600-მდე აფხაზი პაციენტი მიიღეს, 2009-2010 წლებში კი 367 აფხაზი პაციენტი დაფიქსირდა.

 

დალილა ხორავა: "არ ვიცი, მაგრამ არც გამიკვირდება. ასეთი რანგის არა, მაგრამ მსმენია სხვადასხვა დონის ხელმძღვანელები რომ ჩამოდიოდნენ კონფიდენციალურად და მკურნალობდნენ.

 

"ჩემს დროს ჩამოდიოდნენ რაიონის ხელმძღვანელები, მოქმედი ჩინოვნიკებიც კი. ასევე ომში მებრძოლები, ვეტერანები, ისინიც ძალიან კონფიდენციალურად. სამწუხაროა ის, რომ კარგ საქმეზე არ გადმოდიან, ძირითადად, ავადმყოფები, აივ-ინფექციით დაავადებულები, გართულებული ფორმით ან "ცე" ჰეპატიტით დაავადებულები.

 

"ერთი კვირის წინ რესპუბლიკურ საავადმყოფოში მე თავად წავაწყდი ერთ აფხაზს, თუმცა ყველა რესპუბლიკურში არ მკურნალობს. სხვადასხვა საავადმყოფოებში მკურნალობენ: ბავშვები – ძირითათად იაშვილის კლინიკაში, დიდები კი – საჭიროების მიხედვით, უფრო მეტად თავად ირჩევენ, სად სურთ მკურნალობა.

 

"მინისტრის" დონეზე არ ვიცი, თუმცა, თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ აფხეზეთის დე ფაქტო ჯანდაცვის ყოფილი მინისტრის და რუსუდან მარშანია წლებია თბილისში ცხოვრობს, არასამთავრობო ორგანიზაცია აქვს და ხან სოხუმში, ხან თბილისში იქით-აქით დადიოდა, არც გამიკვირდება ე.წ. მინისტრებიც და ყოფილი "პრეზიდენტიც" რომ ჩამოდიოდნენ სამკურნალოდ".

 

ხორავა ამბობს იმასაც, რომ აფხაზეთში "საქართველოში" მკურნალობას აპროტესტებენ და ამიტომაც ყველა ასაიდუმლოებს ამ ფაქტს. სოხუმში კი ამბობენ, რომ საქართველო კი არა, "წითელი ჯვარი" დაეხმარათ.

 

"ეს ყველაფერი ძალიან წყნარად, ჩუმად კეთდება, ისე, რომ ამის აფიშირება არ მოხდეს. მართალია, სოხუმში ყველამ ყველაფერი იცის, თუმცა ყველა აფხაზეთში დაბრუნებისას აცხადებს, რომ საქართველო კი არა, "წითელი ჯვარი" ეხმარება მათ. ალბათ თავის გადასარჩენად ყველას თავისი მექანიზმი აქვს", – დასძენს ხორავა.

 

ყოფილი მინისტრი იმასაც ამბობს, რომ არა მარტო სამკურნალოდ გადმოდიან აფხაზები ენგურის ხიდიდიან საქართველოს კონტროლრებად ტერიტორიაზე, არამედ ოკუპირებულ აფხაზეთში ტრენინგის ჩასატარებლად ქართველი ექიმებიც კი ჩადიან.

 

"ცნობილი ქართველი ექიმები ჩადიოდნენ, რომ აფხაზი ექიმებისათვის ტრენინგი ჩაეტარებინათ. მათ ვინაობას ვერ ვიტყვი, არ ვიცი, ამის გახმაურება კორექტული იქნება თუ არა. მათ სოხუმში ჩასასვლელად ხელისუფლება უწყობდა ხელს.

 

"ეს ძალიან რთული საკითხია. ორივე მხარეს ომის ვეტერანები არიან და ადამიანებმა ვერ გაიგეს, რისთვის იბრძოლეს. ჯერ ძმები იყვნენ, შემდეგ იარაღით კლავდნენ ერთმანეთს. ამიტომაც ამ მკურნალობაზე და ტრენინგებზე ვეტერანები ორივე მხრიდან ნეგატიურად რეაგირებენ და ამიტომაც იმალება ეს და ყველა ცდილობს, ამაზე ხმამაღლა არ ილაპარაკონ," – აღნიშნავს ხორავა.

 

აფხაზეთის უშიშროების ექსმინისტრის, ლევან კიკნაძის თქმით, ის, რომ აფხაზები საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე გადმოდიან და მკურნალობენ, ამის ფაქტი ბევრია. თავად აფხაზები კი ცდილობენ, ეს ფაქტები დაიმალოს, რადგან აფხაზეთში მათ პრობლემები ექმნებათ.

 

"გუდაუთიდან ჩამოსულან, სოხუმიდანაც. ომის მონაწილეც იყო ჩამოსული, ახლახან გავიგე. თავის დროზე, როდესაც ხაჯიმბა ოპოზიციაში იყო, სამკურნალოდ ზუგდიდსა და თბილისში გადმოსვლის წინააღმდეგ გამოდიოდა. ექიმები შეკრიბა და პროტესტიც მოაწყო. ეს მაშინ ხაჯიმბას პიარკამპანია იყო – "პატრიოტებმა" თბილისში არ უნდა იმკურნალონო. აფხაზეთის ზოგიერთი მედიცინის მუშაკი იმასაც ამბობდა, თბილისიდან ჩამოტანილი ავადმყოფობის ისტორია ქართულადაა დაწერილი და ვერ ვგებულობთო. ესეც მოიყვანეს მიზეზად.

 

"მიუხედავად ამისა, ადმინისტრაციულ საზღვარზე სამკურნალოდ აფხაზებიც გადმოდიან და გალში მცხოვრები ქართველებიც. ახლა ბავშვი დაიღუპა არგამოშვების გამო, საბუთები არ ჰქონდა წესრიგშიო, სასწრაფო იყო და ვერ მოახერხეს საბუთების შეგროვება, თორემ ჩუმადაც კი გადმოჰყავთ ავადმყოფები", – ამბობს კიკნაძე.

წყარო ( რეზონანსი)

15-05-2015, 19:20
უკან დაბრუნება