პრეზიდენტის მრჩეველის საგარეო ურთიერთობების საკითხებში თენგიზ ფხალაძის განცხადებით, ავსტრიის პრეზიდენტის ჰაინც ფიშერის ვიზიტი არამარტო ორ ქვეყანას შორის ურთიერთობას, არამედ საქართველოს ევროპულ ინტეგრაციას და რეგიონული პროექტების განვითარებას გამოადგება.
"ეს არის ავსტრიის პრეზიდენტის პირველი ოფიციალური ვიზიტი დამოუკიდებელ საქართველოში. ჩვენს ქვეყნებს შორის ურთიერთობების განმავლობაში მსგავსი პრეცედენტი, სამწუხაროდ, არ ყოფილა. თავად პრეზიდენტი ერთხელ ნამყოფია არაოფიციალურად, 50 წლის წინ და ძალიან მნიშვნელოვანია, რომ დღევანდელ დღეს ჩვენ ვდგამთ იმ ნაბიჯს, რომელიც მომავალში ხელს შეუწყობს ჩვენი ქვეყნების ურთიერთობების განვითარებას. ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია სხვადასხვა სფეროში რამდენიმე მემორანდუმის გაფორმება, ბიზნესფორუმი, რომელიც ქართველ და ავსტრიელ სამეწარმეო წრეებს დააახლოებს. ასევე დაგეგმილია ოფიციალური შეხვედრები, პრეზიდენტთან, პრემიერ-მინისტრთან. ასე რომ, ეს არის ის ძალიან მნიშვნელოვანი ვიზიტი, განსაკუთრებით რიგის სამიტის წინ, რომელიც, დარწმუნებული ვარ, რომ არამარტო ორ ქვეყანას შორის ურთიერთობას, არამედ საქართველოს ევროპულ ინტეგრაციას და რეგიონული პროექტების განვითარებას გამოადგება", - განაცხადა თენგიზ ფხალაძემ.