ივერიონი / რატომ ვერ დადგინდა RMG Gold-ის მფლობელის ვინაობა?

რატომ ვერ დადგინდა RMG Gold-ის მფლობელის ვინაობა?

არასამთავრობო ორგანიზაციოა "საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო" RMG Gold-ის თაობაზე მორიგ განცხადებას ავრცელებს, რომელიც ამ კომპანიის მფლობელის ვინაობას ეხება. ორგანიაზციის განცხადებიდან ირკვევა, რომ მათ სცადეს დაედგინათ ვის ეკუთვნის, კომპანია, თუმცა ეს საკმაოდ რთული აღმოჩნდა, რადგან რადგან საქმე გვაქვს ოფშორულ კომპანიებთან, რომელთა ბენეფიციარი მფლობელების დადგენა საჯარო წყაროების გამოყენებით შეუძლებელია. გთავაზობთ "საერთაშორისო გამჭვირვალობის" კვლევას, რომელსაც თავად ორგანიზაცია საკუთარ გვერდზე აქვეყნებს:

 

"საზოგადოებაში დიდი ხანია არსებობს კითხვები იმ უარყოფით ეფექტებზე, რაც ბოლნისში ოქროს მომპოვებელი სხვადასხვა კომპანიის მუშაობს ახლავს თან. გასულ წლებში ძირითადი წუხილი საბადოების მუშაობის შედეგად გარემოსა და ადგილობრივი მოსახლეობის ჯანმრთელობაზე მიყენებულ ზიანს ეხებოდა. ბოლო პერიოდში კი საზოგადოებრივი ჯგუფების უკმაყოფილება საყდრისის საბადოზე კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების დაზიანება/განადგურებასთან იყო დაკავშირებული. ამ პრობლემებთან ერთად, ყველა ხელისუფლების დროს ბევრი შეკითხვა არსებობდა ოქროს მომპოვებელი კომპანიების რეალური მფლობელების შესახებ. „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველომ“ სცადა გაერკვია, თუ ვინ არიან ამ სფეროში მოქმედი კომპანიის საბოლოო ბენეფიაციარები, თუმცა ეს საკმაოდ რთული აღმოჩნდა, რადგან საქმე გვაქვს ოფშორულ კომპანიებთან, რომელთა ბენეფიციარი მფლობელების დადგენა საჯარო წყაროების გამოყენებით შეუძლებელია.

 

2014 წლის აპრილში RMG Gold-ის ერთ-ერთმა აქციონერმა დიმიტრი ტროიცკიმ განაცხადა, რომ კომპანიის აქციონერები არიან თვითონ ტროიცკი, მისი პარტნიორი დიმიტრი კორჟევი და პარლამენტის წევრი კობა ნაყოფია, რომელიც წილების 22%-ს ფლობს. კობა ნაყოფიამ ეს ინფორმაციაუარყო და განაცხადა, რომ იგი ფლობდა მინორიტარულ წილს კომპანიაში 2013 წლის 4 ივლისამდე, 4 ივლისს კი წილები დანარჩენ მფლობელებზე გაასხვისა. მან ასევე აღნიშნა, რომ მყიდველების მიერ არ არის შესრულებული წილის მიყიდვის ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებები, რის გამოც დავა მიმდინარეობს. საჯარო რეესტრის ჩანაწერების მიხედვით, 2013 წლის 4 ივლისს კომპანიაში წილების ცვლილების შესახებ მონაცემები არ იძებნება, რაც მიუთითებს, რომ გარიგება კომპანიის მფლობელ ოფშორულ სუბიექტებს შორის მოხდა და ქართულ დოკუმენტებში არ აისახა. ამწინააღმდეგობრივი განცხადებების და მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის გათვალისწინებით, მიგვაჩნია, რომ კომპანიამ უნდა გამოიჩინოს კეთილი ნება და საჯარო გახადოს მისი ბენეფიციარი მფლობელების შესახებ მონაცემები.

 

კომპანიების ამჟამინდელი მფლობელები

 

RMG Gold-ის 96.21%-ის მფლობელი ნიდერლანდებში რეგისტრირებული კომპანია Rich Metals Group-ია, დარჩენილ წილებს კი სს RMG Copper ფლობს. RMG Gold-ის გენერალური დირექტორი რუსეთის მოქალაქე სერგეი ეგანოვია, სამეთვალყურეო საბჭო კი სამი წევრისგან შედგება: სერგეი ეგანოვი, ალვიდას ბრუსოკასი და ვახტანგ ფარესიშვილი.

 

ნიდერლანდების სავაჭრო პალატის 2014 წლის ივნისის ამონაწერის მიხედვით, Rich Metals Group-ს საქართველოში რეგისტრირებული კომპანია Minings Developments Georgia ფლობს, რომელიც თავის მხრივ კვიპროსულ Pamtilon Holdings Limited-ს ეკუთვნის. ამ კომპანიის 87.5% ისევ კვირპოსული Specimax Co-ს საკუთრებაა. ამ უკანასკნელის მფლობელი კი სხვა ორი კვიპროსული კომპანიაა (Scoremax Holdings Limited და Mountaindrop co. ltd), რომელთა მფლობელებისა და მმართველების შესახებ საჯარო წყაროებში ინფორმაცია არ იძებნება. შესაბამისად, საჯარო წყაროების მეშვეობით შეუძლებელია RMG Gold-ის საბოლოო ბენეფიციარი მფლობელების დადგენა.

 

აღსანიშნავია, რომ საკუთარი მფლობელების შესახებ ინფორმაცია 2012 წელს კომპანიამ თავად გამოაქვეყნა. მედიაში გავრცელებული ცნობების მიხედვით, 2012 წლის ივნისში კომპანიები „მადნეული“ და „კვარციტი“ (ახლანდელი RMG Copper და RMG Gold) რუსულმა „კაპიტალ ჯგუფმა“ იყიდა, რომელსაც დიმიტრი კორჟევი და დიმიტრი ტროიცკი ფლობენ.

 

როგორც „საერთაშორისო გამჭვირვალობა – რუსეთის“ მიერ ჩვენთვის მოწოდებული ინფორმაციით ირკვევა, კორჟევი და ტროიცკი ერთობლივად ფლობენ მაღაზიათა ქსელს O’KEY, რომელიც სანქტ-პეტერბურგში ოპერირებს. სერგეი ეგანოვთან ერთად კი ისინი ბანკ „სანქტ პეტერბურგის“სამეთვალყურეო საბჭოს შემადგენლობაში შედიან. ეგანოვი ამავდროულად ZAO Capital Group-ის (ყოფილი Neva-Russia) დირექტორია. ამავე კომპანიის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე კი არის ცნობილი რუსი მილიარდერი და ნაომი კემპბელის ყოფილი მეგობარი მამაკაცი ვლადისლავ დორონინი.

 

2012 წლის 7 ივნისს, მას შემდეგ რაც კომპანია გაიყიდა, RMG Gold-ის დირექტორად ვახტანგ ფარესიშვილი დაინიშნა. ფარესიშვილის საქმიანობის შესახებ საჯარო წყაროებში ინფორმაცია არ მოიპოვება. იმავე წლის 27 ივნისს სამეთვალყურეო საბჭოს წევრები დიმიტრი ტროიცკი, დიმიტრი კორჟევი, ზურაბ ქუთელია და ლაშა ახალაძე გახდნენ. „ლიბერალის“ კვლევის თანახმად, ზურაბ ქუთელია კომპანიასთან ჯერ კიდევ 90-იანი წლებიდან იყო დაკავშირებული. იგი გარემოს დაცვის სამინისტროსა და მის საქვეუწყებო უწყებებში წამყვან თანამდებობებს იკავებდა და ლიცენზირების უწყებათაშორისი ექსპერტთა საბჭოს თავმჯდომარე იყო მაშინაც, როდესაც სახელმწიფო უწყების, გეოლოგიის დეპარტმანეტის მიერ დაფუძნებულ კომპანია „ტრანს ჯორჯიან რესორსზე“ გაიცა ოქროს მოპოვების ლიცენზია. ამ კომპანიის წარმომადგენელი მიხეილ ჭოხონელიძე თავადაც იმავე საბჭოს წევრი იყო. ეს კომპანია მოგვიანებით შპს „კვარციტს“ (ახლანდელი RMG Gold) შეერწყა და მისი ლიცენზიაც „კვარციტზე“ გადავიდა.

 

2014 წლის ივნისში RMG Gold-ის სამეთვალყურეო საბჭო შეიცვალა და საბჭოს წევრებად დაინიშნენ სერგეი ეგანოვი, ალვიდას ბრუსოკასი და ვახტანგ ფარესიშვილი. ზურაბ ქუთელია მასში აღარ ფიგურირებს. O’KEY-ს 2013 წლის ანგარიშის მიხედვით ალვიდას ბრუსოკასი კომპანიის ანაზღაურების კომიტეტის წევრად ირიცხება. ამავე კომიტეტის წევრია დიმიტრი ტროიცკი.

 

კომპანიის მფლობელობა 2012 წლამდე და კავშირი სხვა კომპანიებთან

 

2012 წლამდე კომპანიის მფლობელი ნიდერლანდებში რეგისტრირებული „ჯი.პი.ემ. ჯორჯია“ იყო, რომელმაც „კვარციტი“ 2011 წელს შეიძინა. კომპანიის იმჟამინდელმა მფლობელმა შპს „გეოპრომაინინგმა“ საკუთარი აქციები სს „მადნეულში“ და წილები შპს „კვარციტში“ „ჯი.პი.ემ. ჯორჯია ბი.ვი.“-ს კაპიტალში შეიტანა. „გეოპრომაინინგი“ ვირჯინიის კუნძულებზე რეგისტრირებული კომპანიაა. იგი ფლობდა 99%-ს სს „მადნეულში“ და 85.47%-ს – შპს „კვარციტში“. (დარჩენილ წილებს შპს „კვარციტში“ სს „მადნეული“ ფლობდა.)

 

ჰოლანდიური კომპანიის დირექტორი იმ პერიოდში ვიტალი იაბლოკოვი იყო. „ჯი.პი.ემ ჯორჯია“ და „ჯეოპრომაინინგი“ რეალურად ერთი და იგივე კომპანიაა, რადგან 2012 წლის ივნისში სწორედ „ჯეოპრომაინინგმა“ განაცხადა კომპანიების გაყიდვის შესახებ. კომპანიის განცხადებაში აღნიშნულია, რომ გადაწყვეტილების მიზეზი „მადნეულის“ ლიცენზიის დაკარგვაა, რომელიც სახელმწიფოს მიერ გამოცხადებული ტენდერის შედეგად სხვა კომპანიამ მოიპოვა.

 

„ლიბერალის“ თანახმად, ჩამორთმეული ლიცენზიებიდან ერთ-ერთი, 2011 წლის 3 ოქტომბერს, 93.5 მილიონ ლარად „კავკასიის სამთო ჯგუფმა“ შეიძინა. მეორე ლიცენზია კი – 110.5 მილიონ ლარად, შპს Mining Investment-მა. ორივე კომპანიას კვიპროსში რეგისტრირებული „ფემთილონ ჰოლდინგს ლიმითედი“ ფლობს. ორივე ამ კომპანიის სამეთვალყურეო საბჭოში კი ვახტანგ ფარესიშვილი, ალვიდას ბრუსოკასი და სერგეი ეგანოვი ფიგურირებენ, ანუ, ამ კომპანიებისა და „RMG Gold“-ის ახლანდელ მფლობელობას ერთსა და იმავე პირებამდე მივყავართ.

 

კობა ნაყოფიას კავშირი „მადნეულთან“ და „კვარციტთან“

 

აღსანიშნავია, რომ კობა ნაყოფიას, როგორც პარლამენტის წევრის მიერ 2009 წლიდან დღემდე შევსებულ არც ერთ ქონებრივ დეკლარაციაში არ არის მითითებული, რომ იგი RMG Gold-ის წილის მფლობელია. მას დეკლარირებული აქვს მისი შვილის ნიკოლოზ ნაყოფიას მიერ ვირჯინიის კუნძულებზე რეგისტრირებული ორი კომპანიის – Bioneli limited და Dream Vision Capital Inc.-ის მფლობელობა, თუმცა ამ კომპანიების კავშირი RMG Gold-თან საჯარო წყაროებით არ დასტურდება.

 

2006 წლის ბოლომდე პარლამენტის წევრი კობა ნაყოფია „მადნეულის“ გენერალური დირექტორი იყო. 2008 წლამდე, ანუ პარლამენტის წევრად არჩევამდე, იგი „კვარციტისა“ და „მადნეულის“ დოკუმენტებში ფიგურირებს როგორც გენერალური დირექტორი, სამეთვალყურეო საბჭოს წევრი ან „ჯეოპრომაინინგის“ წარმომადგენელი. 2008 წლის შემდეგ ნაყოფია კომპანიების დოკუმენტებში არ ფიგურირებს, ასევე, საჯარო დოკუმენტებში არ მოიძებნება ინფორმაცია იმის შესახებ, რომ იგი ამ კომპანიის მფლობელი იყო, თუმცა მედიაში გავრცელებული ცნობების თანახმად მან წილები 2011 წელს დათმო, როდესაც კომპანიას ლიცენზია ჩამოართვეს. 2012 წლის ქონებრივ დეკლარაციაში(დეკლარაცია 2011 წლის ქონებრივ მდგომარეობას ასახავს) კობა ნაყოფიას მითითებული აქვს, რომ მის შვილს, ნიკოლოზ ნაყოფიას ნახევარ მილიონ ლარზე მეტი ანაზღაურება აქვს მიღებული, როგორც შპს „კვარციტის“ გენერალური დირექტორის კონსულტანტს საერთაშორისო საკითხებში. მომდევნო წლისდეკლარაციის მიხედვით კი ნიკოლოზ ნაყოფია ამ თანადმებობას აღარ იკავებს.

 

არსებული საჯარო მონაცემების ანალიზის შედეგად, შეუძლებელია კომპანიის ბენეფიციარი მფლობელების იდენტიფიცირება და იმის დადგენა, იკვეთება თუ არა კომპანიაში პოლიტიკურად აქტიური პირების ინტერესები. RMG Gold-ის მფლობელობასთან დაკავშირებული ბუნდოვანება მიუთითებს, თუ რამდენად მნიშვნელოვანია სტრატეგიული ობიექტების მფლობელობა გამჭვირვალე იყოს, რათა ამა თუ იმ საწარმოს საქმიანობასთან დაკავშირებული საკითხები არ გახდეს პოლიტიკური სპეკულაციების საგანი.

 

ამ პრობლემის გადასაჭრელად სასურველია, საქართველო შეურთდეს სასარგებლო წიაღისეულის მომპოვებელი ინდუსტრიების გამჭვირვალობის ინიციატივას (EITI) - საერთაშორისო ფორმატს, რომელიც უზრუნველყოფს RMG Gold-ის მსგავსი კომპანიების მეტ გამჭვირვალობასა და საზოგადოების მიმართ გაზრდილ ანგარიშვალდებულებას." ნათქვამია არასამთავრობო ორგანიზაციის" მიერ გამოქვეყნებულ განცხადებაში.

„პირველირადიო“

 

25-05-2015, 16:21
უკან დაბრუნება