საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ქართველ ხალხს საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს. "ჩვენი ქვეყანა დამოუკიდებელი და სუვერენული სახელმწიფოა. ეს დიდი მონაპოვარია, რომელიც ჩვენს ხალხს სისხლის ფასად დაუჯდა. ჩვენ, ყველა ერთად, ვალდებული ვართ, გავუფრთხილდეთ ამ მონაპოვარს, დავიცვათ ის, რისთვისაც საუკუნეების განმავლობაში ვიბრძოდით და ვიზრუნოთ ჩვენი სამშობლოს უკეთესი მომავლისთვის. დღეს საქართველო დემოკრატიული აღმშენებლობის გზაზე დგას - ეს არის ქართველი ხალხის მტკიცე არჩევანი, ჩვენი სახელმწიფოს განვითარების ერთადერთი გზა, რომელიც საერთო ევროპული ოჯახისკენ მიგვიყვანს. ჩვენ დღეს თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ბევრად ახლოს ვართ მიზანთან, ვიდრე ოდესმე. ჩვენ ვალდებული ვართ ქართველ ხალხს, საქართველოს თითოეულ მოქალაქეს შევუქმნათ ცხოვრების ღირსეული პირობები, ვიზრუნოთ მათ კეთილდღეობაზე. მე დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენ ავაშენებთ სახელმწიფოს, რომელიც ერთნაირად მიმზიდველი იქნება ქართველებისთვის, აფხაზებისთვის, ოსებისთვის, საქართველოში მცხოვრები ყველა ერისა თუ ეთნიკური ჯგუფისათვის. მე მჯერა, საქართველო გამთლიანდება და აფხაზ და ოს ძმებთან ერთად ვიცხოვრებთ ერთიან, ძლიერ ქართულ სახელმწიფოში, რომელიც ღირსეულ ადგილს დაიმკვიდრებს განვითარებულ და დემოკრატიულ ქვეყნებს შორის", - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
„ინტერპრესნიუსი“