„ვერც კი წარმოიდგენთ, სირიაში კიდევ რამდენი ქალია წასული, მათგან ზოგიერთი უკვე უკანაც დაბრუნდა... დედები უპრობლემოდ ჩადიან შვილების სანახავად, ზოგჯერ მათთვის პატარძლებიც მიჰყავთ... ეს მასშტაბური პროცესია... ჩვენ ისიც კი არ ვიცით, სულ რამდენი ვაჰაბიტური მეჩეთია საქართველოში"
როგორც ირკვევა, 10 მაისს "ისლამური სახელმწიფოს" რიგების შესავსებად საქართველოდან ორი ქალბატონი. ირადა ღარიბოვა და ანა სულეიმანოვა გაემგზავდნენ. როდესაც ეს ამბავი მათ მშობლიურ ყარაჯალაში გაიგეს, შეფიქრიანდნენ (ქალბატონები, გათხოვების შემდეგ, თბილისში ცხოვრობდნენ). მოგვიანებით გაირკვა, რომ ისინი თურქეთში არიან და სირიის საზღვარზე გადასვლას ცდილობენ. ქალბატონების ნათესავები თურქეთში წავიდნენ, - ეგებ შინ დავაბრუნოთო.
მომხდარზე ექსპერტი მამუკა არეშიძე გაზეთ "კვირის პალიტრასთან" აცხადებს:
- საქართველოს მოსახლეობა ფრაგმენტულად იგებს ინფორმაციას იმ ნეგატიურ პროცესზე, რაც საქართველოში მიმდინარეობს. შემთხვევები, რაც თქვენ ჩამოთვალეთ, მხოლოდ დეტალებია. არ დაგავიწყდეთ, რომ ის ქალები წარმოშობით კახეთის ერთ-ერთი, აზერბაიჯანელებით დასახლებული სოფლიდან კი იყვნენ, მაგრამ თბილისში ცხოვრობდნენ. მათ გარდა, ვერც კი წარმოიდგენთ, სირიაში კიდევ რამდენი ქალია წასული, მათგან ზოგიერთი უკვე უკანაც დაბრუნდა... დედები უპრობლემოდ ჩადიან შვილების სანახავად, ზოგჯერ მათთვის პატარძლებიც მიჰყავთ... ეს მასშტაბური პროცესია. თქვენ პანკისელი ახალგაზრდის დაღუპვაც ახსენეთ, მაგრამ არავის გაუხმაურებია ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ სულ ახლახან სირიაში ორი აზერბაიჯანელი ძმა დაიღუპა, რომლებიც გარდაბნიდან იყვნენ.
არავინ იცის ზუსტად, რამდენი კაცია ქვემო ქართლიდან და აჭარიდან სირიასა და ერაყში წასული... ეს მეტად სახიფათო პროცესის ფრაგმენტებია. შორს რომ არ წავიდეთ, აქ, დედაქალაქში, ფონიჭალაში აგვიშენეს ვაჰაბიტური მეჩეთი. არ არსებობს ქვეყანაში კანონი, რომელიც ამ საკითხს სწორად მიუდგება... მეჩეთის მშენებლობა ახლა სიტყვიერი ბრძანებით შეაჩერეს, თუმცა, შენობა, ფაქტობრივად, დასრულებულია. ჩვენ ისიც კი არ ვიცით, სულ რამდენი ვაჰაბიტური მეჩეთია საქართველოში.
თუ ვინმეს ჰგონია, არავინ იცის, როგორ გაჰყავთ მოქალაქეები სირიასა და ერაყში, რომელი ქვეყნის მოქალაქეები არიან ამაში ჩარეული, ძალიან ცდება. თავს ვერ მივცემ უფლებას, დავასახელო გვარ-სახელები და ის მისამართები, სადაც შეკრებები ტარდება...
საერთოდ, ვინმეს აინტერესებს, რა ხდება ბათუმში?! ფუნდამენტალიზმის სენი, რომელიც სადღაც 7-8 წლის წინ ასეთი მნიშვნელოვანი არ იყო, დღეს მოდებულია მთელ ქვეყანაში. ძალიან ჭკვიანურად და ექსცესების გარეშე მოქმედებენ. ჩვენ კი დაკავებული ვართ სხვა საკითხებით, ერთმანეთთან ბრძოლით... თუ ეს ძალა გააქტიურდა, აბსოლუტურად მოუმზადებლები აღმოვჩნდებით, უპირველესად საზოგადოების ცნობიერების დონეზე.
ჟურნალისტი ნინო ბურჭულაძე სტატიაში, "მახე, სახელად "ქალთა ჯიჰადი," წერს: "2013 წელს ჯიჰადის ახალი სახეობის, "ჯიჰად ალ ნიკაჰის" გამოცხადებამ მსოფლიო გააოგნა. მუჰამედ ალ არაფმა მორწმუნეებს მოუწოდა, რომ სირიაში მებრძოლ მოჯაჰედებს წარმატებული ბრძოლისთვის გამხნევება სჭირდებოდათ. ამიტომ სასურველი იქნებოდა, ქალები ჯიჰად ალ ნიკაჰის, ანუ სექსუალური ჯიჰადის გზაზე დამდგარიყვნენ, თუმცა, ეს რომ მრუშობაში არ ჩათვლოდათ (რასაც ისლამი კრძალავს), მუჰამედ ალ არაფმა შემოიღო დროებითი ქორწინების ცნება - ქალს უფლება ჰქონდა,
სირიაში ერთდროულად ათამდე მოჯაჰედთან დროებით ექორწინა.
სექსუალურ ჯიჰადს პირველი გამოეხმაურა 15 წლის ტუნისელი გოგონა აიშე ალ ბაქრი." ბოლო ინფორმაცია, რასაც
გოგონას თაობაზე საინფორმაციო საშუალებები ავცელებდნენ იყო, ის, რომ აიშე ფეხმძიმედ იყო, ხოლო საკუთარ გადაწყვეტილებას ჩასულიყო სირიაში ასე განმარტავდა: "თუ გსურს იყო ღმერთთან ახლოს, უნდა მიიღო მონაწილეობა "ჯიჰად ალ ნიკაჰში."
ჯერ კიდევ გასული წლის სექტემბერში "გარდიანი," ბრიტანულ სპეცსამსახურებზე დაყრდნობით, იუწყებდა, რომ ევროპის ქვეყნებიდან მასობრივი სახე მიიღო ქალების სირიაში წასვლამ. ასობით ქალმა დატოვა დიდი ბრიტანეთი, გერმანია თუ საფრანგეთი. დაზვერვის ცნობით, მათი უმეტესობა ისლამისტებს შეუერთდა. ყველაზე პატარა, რომელიც გერმანიიდან წავიდა სირიაში 13 წლის იყო, დადგენილია, რომ გერმანიიდან სირიაში სულ 4 არასრულწლოვანია წასული.
მოკლედ, აიშეს ათასობით მიმდევარი გამოუჩნდა. დროებითი ქორწინების დამთავრების შემდეგ ბევრ ქალს სექსუალური მონობა ემუქრება, უკეთეს შემთხვევაში - ობლებზე ზრუნვა, ან დაჭრილებისა და ხეიბრების მოვლა-პატრონობა; სირიაში ჩასული ქალები დროდადრო დახმარებას ითხოვენ, თუმცა, "ისლამური სახელმწიფოსგან"თავის დახსნა, ფაქტობრივად, შეუძლებელი ხდება.
„კვირისპალიტრა“