„ნაციონალურმა კვარტეტმა“ დიდი აჟიოტაჟი შემოიტანა ქართულ პოლიტიკურ სივრცეში - დღეს ყველა სააკაშვილის ბასტიონის დაშლაზე და თვითგადარჩენის ინსტინქტის ამოქმედებაზე საუბრობს!
სინამდვილეში აჟიოტაჟისა თუ აღტკინების მიზეზს ნამდვილად ვერ ვხედავ - ვინ არიან „ნაციონალებიდან“ გაქცეულები, თუ გაპარულები, რომ მათ უსუსურ ტრიუკებს არსებითი გარდატეხის შეტანა შეეძლოს ქართულ პოლიტიკაში?
რა მნიშვნელობა აქვს სააკაშვილის ტაკიმასხარები და რუპორები დამოუკიდებელ თამაშს წამოიწყებენ, თუ რომელიმე პარტიაში გადაპორტირდებიან?!
ის, რომ „ნაციონალური მოძრაობის“, როგორც ერთადერთი ოპოზიციის და დღევანდელი ხელისუფლების საპირწონე ძალად აფიშირება თავად ამ ხელისუფლებას აწყობდა, ცხადია - ძალიან ადვილი იყო ყველაფრის დესტრუქციულ ძალებზე გადაბრალება და საკუთარი უმოქმედობის ლამაზად შეფუთვა!..
ეტყობა, დადგა დრო, „ნაცმოძრაობა“, როგორც პოლიტიკურად მარგინალიზებული ძალა საერთოდ დაიშალოს (ეს კანონზომიერი პროცესი იქნება), ან კუთხეში იქნას მიყენებული, რომ მომავალ არჩევნებში „ქართულ ოცნებას“ მისი სახით აგრესიული ოპონენტი არ ჰყავდეს!
სოციალურ ქსელში და ქართულ მედია-სივრცეში ზემოთ აღნიშნულთან დაკავშირებით სხვადასხვა ვერსიები ვრცელდება, თუმცა, თუ ღრმად ჩავუკვირდებით, არც ერთი არ დგას რეალობასთან ახლოს... საქმე იმაშია, რომ ამ ოთხეულის „ნაციონალებიდან“ გაპარვით (თუ სხვა, უფრო სერიოზულ ინტრიგასთან არ გვაქვს საქმე) პარტიას ბევრი არაფერი დააკლდება. თუმცა, არც იმათ მოემატებათ რამე, ვინც სააკაშვილის მასხარებს და რუპორებს გულში ჩაიხუტებს. მითუმეტეს, უპერსპექტივოა მათი დამოუკიდებელ პოლიტიკურ ძალად ჩამოყალიბება - მწიკვლი, როგორც არ უნდა შეფუთო, მაინც მწიკვლად რჩება - სხვა ფუნქციას ის ვერ შეიძენს!..
თუმცა, არ გამოვრიცხავ, სხვა ვერსიასაც - შეიძლება „ნაციონალური მოძრაობის“, როგორც ოდიოზური, საბოლოოდ დისკრედიტებული პოლიტიკური სუბიექტის პოლიტიკური ავანსცენიდან გაქრობის მომენტი უკვე დადგა და შეიძლება ეს ყველაფერი შიდააშლილობას დაბრალდეს!
არც ის უნდა გამოვრიცხოთ, რომ ხელი ივანიშვილისკენ გაიშვირონ (უკვე გამოჩნდა ამის სიმპტომებიც) და გამოგვიცხადონ: ეს ყველაფერი ხელისუფლების ნაჩალიჩარია, ფულზე დახარბებულებმა ცდუნებას ვერ გაუძლიეს და „ნაციონალური მონოლითობა“ დაარღვიეს-ო“...
დღევანდელი რეალობის გათვალისწინებით, ხელისუფლებას „ნაცმოძრაობის“, როგორც პოლიტიკური ოპონენტის გაუვნებელყოფა ხელს რომ აძლევს, ფაქტია. სხვა საკითხია, რამდენად აწყობს ეს თავად „ნაცმოძრაობას“, რომელსაც დაშლა-დანაწევრების შემთხვევაში პოლიტიკური ხელშეუხებლობის ჯავშანი ეკარგება?!
გასაგებია ყველაფერი, მაგრამ, იმაზეც ხომ უნდა ვიფიქროთ, იქნებ თამაშის წესებს „ნაცმოძრაობის“ პატრონები ცვლიან და ახალ პოლიტიკურ კონფიგურაციას გვთავაზობენ?!
ნათქვამია, კუზიანს სამარე ვერ ასწორებსო და შესაბამისად „ნაციონალებმა“ რაც არ უნდა რეინკარნაცია განიცადონ, ისინი საზოგადოების მხარდაჭერას ვერ მოიპოვებენ, ვერც დაჩაგრულის მანტიას მოისხამენ!..
აქედან გამომდინარე, მომგებიან სიტუაციაში ხელისუფლება რჩება, თუმცა, საკითხავია, ვის მოვიაზრებთ დღეს ხელისუფლებაში და რამდენად არის იგი 2012 წლის 1 ოქტომბერს მიღებული შედეგების იდენტური? („ქართული ოცნება“ დღემდე ვერ ჩამოყალიბდა ორგანიზებულ პოლიტიკურ ბირთვად და როგორც ჩანს, არც არის ამის სურვილი. სამწუხაროდ, დომინანტის ფუნქციას დღეს სხვა პოლიტიკური ძალები ასრულებენ, რომლებიც დღითიდღე ძლიერდებიან!).
თუ ადრე ხმამაღლა საუბრობდნენ კულუარულ მართვაზე და იმასაც ამტკიცებდნენ, რომ მთავრობა ივანიშვილის ნების გარეშე თმასაც ვერ ისწორებდა, ხიდაშელ-აგულაშვილის გამინისტრებამ ეს ეჭვი გააქარწყლა და საუბრის ტონიც და შინაარსიც უცებ შეიცვალა - დღეს ბევრი ფიქრობს, რომ ივანიშვილი საკუთარი მდგომარეობის მძევალია და მასაც არავინ არაფერს ეკითხება!
ერთ რამეში ვეთანხმები ქალბატონ ხათუნა ლაგაზიძეს, რომ „ნაციონალური რყევები“ სრულ კარტბლანშს აძლევს დღევანდელ ხელისუფლებას დამაჯერებელი ანგარიშით მოიგოს მომავალი საპარლამენტო არჩევნები, მაგრამ კარგი იქნებოდა, ღრმადპატივცემულ ექსპერტს ისიც დაეყილებინა: რა კონფიგურაციას მივიღებთ არჩევნების შედეგად და ვინ მოგვევლინება ლიდერის ამპლუაში!..
ის, რომ „რესპუბლიკელებმა“ ქართველი ამომრჩევლის გული დღემდე ვერ მოიგეს, არ ნიშნავს იმას, ჩვენთვის მიუღებელი შედეგები არ დაიდოს - არც იმას გამოვრიცხავ. საკმაოდ ჭრელი პარლამენტი მივიღოთ, სადაც პლურალიზმისა და მრავალპარტიულობის ნიღბით ე.წ. პროდასავლური ძალების აღლუმი გვექნება!
სამწუხაროდ, საზოგადოება ისევ გაურკვევლობაშია და ჩათრევას ჩაყოლას ამჯობინებს - დღემდე ვერ ჩამოყალიბებულა ინტელექტუალური ბირთვი, რომელიც ყველაფერს თავის სახელს დაარქმევს და ერის მამობილიზებელი ძალის ფუნქციას იტვირთებს, დღემდე ვერ ჩამოყალიბებულა ასე ნანატრი სამოქალაქო საზოგადოება, რომელიც ხელისუფლების რეალურ ოპონენტად იქცევა. არადა, თუ ეს შანსი მომავალ არჩევნებზე ხელიდან გავუშვით, ისე გაგვექცევა პროცესები, მერე რომც მოვინდომოთ, ვერ დავეწევით!
P.S. არსებობს სხვადასხვა ფაქტორები, რომელსაც არსებითი გარდატეხის შეტანა შეუძლია ქართულ პოლიტიკაში, არსებობენ ადამიანებიც, ვისაც კარგად ესმის, თუ რა გზით უნდა წავიდეს ქვეყანა. მთავარია, ამ ადამიანების საერთო იდეის გარშემო გაერთიანება. თუმცა, ამისთვის საზოგადოების მზაობაც უნდა არსებობდეს!
ზაურ ნაჭყებია