ივერიონი / დავით ქობალია: ვის სჭირდება მსოფლიო "კულტურტრეგერის" ფუნქციადაკარგული ევროპა?!

დავით ქობალია: ვის სჭირდება მსოფლიო "კულტურტრეგერის" ფუნქციადაკარგული ევროპა?!

ჩემი ყურადღება მიიპყრო 15 მაისს, ინტერნეტსივრცეში გაჩენილმა ერთმა ვიდეომასალამ სათაურით, _ "აქ უკრაინა არ არის! 100.000-მა მაკედონელმა უარი უთხრა ამერიკის მიერ დაფინანსებულ მაედანს!"

ვიდეომასალას პატარა კომენტარიც ახლდა: "მაკედონიაში ვითარება იძაბება. ოპოზიციის წინააღმდეგ და ხელისუფლების მხარდასაჭერად ქუჩაში 100.000 ადამიანი გამოვიდა. მათი თქმით, მაკედონია დარჩება ძლიერი, თუ  რუსეთთან გაამყარებს ურთიერთობებს. აქციაზე წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს ქალაქ უვაროვში დაღუპული პოლიციელების ხსოვნას. _ "არა ნატოს! არა ევროკავშირს! აქ უკრაინა არ არის, 100.000-მა მაკედონელმა უარი უთხრა ამერიკის მიერ დაფინანსებულ მაედანს"-ს _ სკანდირებენ აქციის მონაწილეები.  მიტინგი ბოლო წლების ყველაზე ფართომაშტაბიან აქციად შეფასდა."

მრავალ მიზეზთა გამო, ყოფილი იუგოსლავიის თემა ჩემთვის საგანგებოდ საინტერესოა, მე მას რამდენიმე საგაზეთო სტატია მივუძღვენი და ბუნებრივია, გვერდს ახლაც ვერ ავუვლი!

მიზეზთა გარდა, გასული საუკუნის 80-იანი წლების ბოლოდან დაწყებული, იუგოსლავიის დაშლით და უახლოეს მომავალში იუგოსლავიისვე ბედის გამზიარებელი უკრაინით დამთავრებული, ევროპაში განვითარებული პროცესები ცხადყოფენ რომ, _ ევროპამ დიდი ხანია დაკარგა მსოფლიო "კულტურტრეგერის" ფუნქცია!

"კულტურტრეგერობა" მარტო ხელოვნებას, მუსიკას, ლიტერატურას, სახვით ხელოვნებას არ ნიშნავს. იგი ხალხთა და ქვეყნების ურთიერთობასა და მათ მშვიდობიან, ურთიერთპატივისცემითა და სიყვარულით თანაცხოვრებას და მის რეგულირებას გულისხმობს, რაც ნათლად ჩანს, რომ ევროპაში მოიკოჭლებს...

სიმართლე გამხელილი სჯობს, _ ევროპას არც არავინ ეკითხება!

მახსენდება, გასულ წელს, გერმანიაში, ერთ-ერთი საინტერესო შეხვედრის შემდეგ, მასპინძელმა რესტორანში მიგვიწვია და იქ უფრო საინტერესოდ გაგრძელდა დისკუსია. ერთმა, ცოტათი ნაღვინევმა და ზომაზე მეტად გამხიარულებულმა სტუმარმა საოცარი რამ ბრძანა:

"_ რაც უნდა გასაკვირი იყოს, დავითვალე და სასწაული აღმოჩენა გავაკეთე, _ გერმანიამ, 70 წელი უომრად გასძლო, მომავალი 30 წელი თუ ასე გაგრძელდა, მე და "მშვიდობა გერმანიაში" ასი წლისა ერთად გავხდებითო!"

სასიამოვნო ხუმრობად ჩავუთვალეთ ნათქვამი, მაშინ, ქართულად რომ ვთქვათ, შეზარხოშებულ, სადღეგრძელოს თამადას, სურვილის ასრულებაც ვუსურვეთ და თითქმის ყველამ ერთხმად აღვნიშნეთ, _ დიდი გასაკვირი არ იქნება, ეს რომ, ასე მოხდესო!

მას შემდეგ, ერთი წელიც არ გასულა და მეეჭვება, რომ "ეს ასე მოხდეს" და, აი, რატომ:


_ ე.წ. "ბერლინის კედლის" დაცემის და დასაწყისში შექმნილი ეიფორიის სწრაფად ჩავლის შემდეგ, ევროპაში, _ ყოფილი სსრკ-ს ყველაზე ცუდი მოდელის შემოღებამ, "უსაძირკვლო ევროგაერთიანების" სახურავის ქვეშ უამრავი ქვეყნის მოქცევამ, ბევრი მისი წევრი ქვეყანა და ერი დააფიქრა:

_ "ვინ ვართ ჩვენ დღეს და სად გაქრა ის, ვინაც ცოტა ხნის წინ ვიყავით?!"

ბუნებრივია, ამას, ევროეგიდით მოწვეულ კონფერენციებზე, რამდენიმე დღით ევროპაში ჩასული სტუმარი ვერ შეამჩნევს, მაგრამ, როცა ხანგრძლივად გიხდება იქ ყოფნა და ე.წ. "ევროგაერთიანებაში" შემავალი ხალხების ნააზრევს ისმენ, _ თუ, რა მოუტანა მათ, ყოველგვარი იდეის გარეშე შექმნილმა კონგლომერატმა, _ ნამდვილად გაგიჩნდება კითხვები და ღირს მათზე სერიოზულად დაფიქრება!

ნიშანდობლივია, რომ ოდნავ მაინც თუ სცილდება ადამიანის გონიერება კუჭის მოთხოვნილებას, მაშინვე შეატყობს, რომ, _ გერმანელისთვის, ფრანგისთვის, იტალიელისთვის, ესპანელისთვის, ბერძნისთვის (განსაკუთრებით!), მაკედონიელისთვის (ასევე განსაკუთრებით!) და ა.შ... თურმე, ევროპელობაზე ძვირფასი, _ გერმანელად, ფრანგად, იტალიელად, ესპანელად, ბერძნად (განსაკუთრებით!), მაკედონელად (ასევე განსაკუთრებით!) და ა.შ... დარჩენა ყოფილა!

ე.წ. "ევროგაერთიანების" შექმნის შემდეგ (განსაკუთრებით პირველ ხანებში) არა ერთი გერმანელი მინახავს, რომელსაც ამაყად უთქვამს, _ "მე გერმანელი კი არა ევროპელი ვარო!"

ბუნებრივია, ამ განცხადებას ყოველთვის მოჰყოლია ჩემგან კითხვა:

_ კი, მაგრამ, აქამდე ვინ გიშლიდათ ევროპაში მცხოვრებთ _ ევროპელობას?


არ მახსენდება, ვინმესგან სერიოზული პასუხი მომესმინოს!

ბუნებრივია, დრომ თავისი განაჩენი გამოიტანა და თვალნათელი გახადა, _ "დემოკრატიის" სახელით, მსოფლიოს "ახალი წესრიგის" და "ხელახალი გადანაწილების" ფარული დასაწყისი, არც "ევროგაერთიანების" შიგნით დარჩენილა შეუმჩნეველი. სწორედ ამან დააფიქრა ევროპის, ტრადიციის ერთგული ქვეყნები, რომლებიც მათდაუნებურად, ერთ მშვენიერ დღეს, უსახურ და უგარანტიო სახურავს ქვეშ აღმოჩნდნენ, რომელსაც "ევროგაერთიანება" ჰქვია!..

სამწუხაროდ, ამ განწყობას ჯერ არ მოუღწევია იმ ქვეყნებამდე, რომლებსაც, ორი ათეული წლის წინ, "ნატოში" და "ევროგაერთიანებაში" შესვლის "ოცნების ვაშლი" გადაუგდეს, რომელსაც ბრმად, მაგრამ გულმოდგინედ დააგორებენ ევროპასა და ამერიკას შორის.

სამწუხაროდ, ჩვენი სამშობლო, ერთ-ერთი ყველაზე ერთგული აღმოჩნდა უტოპიურ განზრახვას აყოლილთა შორის, რომელსაც შემდეგ დასკვნამდე მივყავართ, _ სწრაფვა იმისკენ, რაც ნგრევადი და უპერსპექტივოა, გულახდილად ვიტყვი, ფულით მოსყიდულთა პროპაგანდის და უტიფარი აგიტაციის ნაყოფია, რომელიც უამრავ, გასაჭირისგან იძულებულ და სამარცხვინო გროშებს დახარბებულ მასას აიყოლიებს, როგორც ეს, ჩვენს სამშობლოში ხდება!

ამას წინათ, სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული, ერთ-ერთი ჩემი სტატიის კომენტირებისას, ახალგაზრდა კაცი მეკითხება:

_ "ქართულ გზაში კონკრეტულად რას გულისხმობთ, თუ განმარტავთ საინტერესო იქნება."

_ შეკითხვა, საქართველოსთვის შემოთავაზებული, _ "ამერიკული, ევროპული და რუსული გზების" უპერსპექტივობას და უარყოფას მოჰყვა, რომელთა ნაცვლად მკითხველს, _ ქართული გზა და მისი ერთგულება შევთავაზე და იქვე მივაყოლე, _ რომელიც არავის ახსენდება-მეთქი!

სწორედ ამას მოჰყვა, ზემოთნახსენები კითხვაც:

_ ეს ის შემთხვევაა, რაც, ჩვენდა სამწუხაროდ, ჩვენი ქვეყნისა და მისი აბორიგენი მოსახლეობის, ქართველების, ისტორიული გზის უარყოფას და, _ "ევრო-ამერიკული" გადაშენების პროექტის გამარჯვებას ნიშნავს!

ამ თემას მეტს არ განვაგრძობ, რადგან, იგი შემთხვევით ნანახმა, მაკედონიელთა უკიდურესად დაძაბულმა პროტესტმა განმიახლა, რომელიც შუაგულ ევროპაში ხდება!


_ ევროპამ დღემდე ვერ მოაგვარა, ასი წლის წინანდელი, აფხაზეთივით, სამშობლოს მოწყვეტილი "სამხრეთ ტიროლის" პრობლემა და იგი ახალს ქმნის, ძველის გასანელებლად!

დიდი ხნის წინ ვწერდი: "...როდესაც, გასული საუკუნის 90-იან წლებში, ე.წ. "სოციალისტური" ბანაკის ნგრევისას, "ამერიკული დემოკრატიის" ლოზუნგით, "ბებერი ევროპა" თავისსავე ნაწილს მიადგა ცეცხლით და მახვილით და ნანგრევებად აქცია იგი, მაშინ გამიჩნდა პირველი, სერიოზული ეჭვი, რომ _ "ევრო-ამერიკული დემოკრატია" შორიდან პროგრესული ჩანდა, მაგრამ ახლოს რომ მივედი (კახელი მიხოს თქმისა არ იყოს), ყველა მასზე სუსტს ანგრევდა და სულიერად და ფიზიკურად რყვნიდა!

_ ძლიერს კი მანამდე იმეგობრებდა, სანამ შესაფერის მომენტს მოუხელთებდა და ძირს გამოუთხრიდა!

_ ასე წარმოიშვა, ყოფილი, აღმათ აშენებული იუგოსლავიის ტერიტორიაზე, როგორც ქართულ "ვიკიპედია"-შია განმარტებული: "1990-იანი წლებიდან მოყოლებული ეთნიკური კონფლიქტების შედეგად ეს ფედერაციული გაერთიანება 5 სხვადასხვა სახელმწიფოდ დაიშალა და იმისდა მიხედვით, თუ დღეს ვინ, ან როგორ (რა კრიტერიუმით) დათვლის ამ სახელმწიფოებს, შეიძლება 6, ან 8 სახელმწიფო მივიღოთ. ესენია: სლოვენია, ხორვატია, ბოსნია და ჰერცეგოვინა, მაკედონია, მონტენეგრო, სერბია და კიდევ 2 ავტონომიური პროვინცია: კოსოვო და ვოევოდინა."

მაკედონიელთა სამწუხაროდ, _ ამერიკელთა თვალთახედვით, იგი, ქრისტიანობისა და მართლმადიდებლობის უკანასკნელი "მეტასტაზია" ყოფილი იუგოსლავიიდან დარჩენილი, რომელიც "ევრო-ამერიკულ პროექტში" ვერ თავსდება, ევროპის სინამდვილეში!

რას აკეთებს, ღრმთისმშობლის წილხვედრი საქართველო ამ შემთხვევაში?

_ არაფერს! არც მისი ეკლესია და არც ერობა, რადგან ერთიც და მეორეც თავჩაქინდრული ელოდება, _ რას იტყვის მთავრობა და რა დირექტივა მოჰყვება მას, უცხოელთა, თუ "უცხოპლანეტელთა" მიერ დაპყრობილ ქვეყანაში!

მე არ ვარ ქართული ტელევიზიის მაყურებელი და ვერაფერს გეტყვით ახალს და გასაკვირს, მაგრამ, ის, რომ საქართველო ევროპელების გაკვირვებას "ვითომ ევროპელობით" აპირებს, უფრო ღმრთის სასჯელია, ვიდრე ღმრთის სამსახური!

_ მითხარით, რა უნდა ითქვას იმაზე მეტი, რაც დეკანოზმა ანდრია კემულარიამ ბრძანა:


"ცოტა ხნის წინ ვნახე ევროვიზიაზე საქართველოს წარმომადგენლის გამოსვლის სურათები. თავად ევროვიზია, როგორც ცნობილია, პოლიტიკური შოუა და იქ ნამღერი არ მსმენია ჰიტად ქცეულიყო. მაგრამ, ამაზე არაა საუბარი. დემონის სახით გამოდის ღმრთისმშობლის წილხვედრი ქვეყნის წარმომადგენელი. მის გამოსვლას იწონებს ქვეყნის მოსახლეობა და აღიარებს, რომ ასეთი სახით ქვეყნის წარმოჩენა ეთანხმება ერის შინაგან ორიენტირებს. იტყვის მავანი: ეფექტური სცენური სახეაო. არ არის ასე. ჩვენ იშვიათად ვფიქრობთ სიმბოლიკაზე, მის გავლენაზე ადამიანსა და ერზე. ყოველ სიმბოლოს თავისი ზემოქმედება გააჩნია, გამოხატავს კონკრეტულ სულიერ ღირებულებას და, მეტიც, მის უკან კონკრეტული სულიერი ძალა დგას. ასე რომ არ იყოს, არ იქნებოდა ჩვენთვის ჯვრის ხატება _ სიწმინდე. როცა ვიწონებთ რაღაცას, ვეზიარებით იმას, რაც გამოიხატება, ვეთანხმებით იმას, როგორაც გამოიხატება. დემონური ხატება არ არის ის, რისი მორგება და მოწონება, თუნდაც ევროვიზიისმაგვარ სანახაობაზე, სიკეთეს მოუტანს საქართველოს. არადა, წესით, უცხოეთში შენი ქვეყნის საუკეთესო თვისებებსა და ღირებულებებს უნდა წარმოაჩენდე მაშინაც კი, როცა ეს იქ არავის ჭირდება. ყველაზე მეტად კი ის მაკვირვებს, რომ ამას ვერ ამჩნევს მრევლის ნაწილი. რაღაც დაგვიჩლუნგდა სულში".

როგორც ზემოთ ვახსენე, აქტიური ტელემაყურებელი არ გახლავართ და ჩემდა სამარცხვინოდ არც ის ვიცი, ვინ წარმოადგენდა წელს ე.წ. "ევროვიზია"-ში საქართველოს, მე არც ის გამოსვლა მინახავს, მაგრამ, ის, რაც "მამაოს" ნათქვამში ამოვიკითხე, _ მთლიანად ემთხვევა მომხდარისადმი ჩემს დამოკიდებულებას!

მას შემდეგ, რაც, გასულ წელს, ევროვიზიაში საშუალო სქესის "კონჩიტამ" გაიმარჯვა და მას უბათქუნებდა ტაშს, "დემოკრატიული" ევროპა (მათ შორის საქართველოც), _ ევროვიზიაში გამარჯვება ან დამარცხება არც დიდ მწუხარებად და არც წარმატებად არ უნდა მივიღოთ, მაგრამ, აქამდე უნდა ამაღლდეს ქართული საზოგადოება და უპირველესად მისი ახალგაზრდული ნაწილი!

_ სწორედ მსგავს უზნეობას ებრძვის, ევროპის შუაგულში გაჩხერილი, მართლმადიდებლური მაკედონია, რომელსაც, რამდენიმე სახელმწიფო იჩემებს, ამერიკული პროექტისთვის კი მიუღებელია მისი არსებობა ევროპაში!

შემთხვევითი არც საბერძნეთის გაკოტრებაა, რომელსაც არც ტურისტი აკლდა და არც ბიუჯეტის პრობლემა ჰქონდა, სანამ უსახურ, ევროპულ "სსრკ"-ში უკრავდნენ თავს!

საბერძნეთის გაკოტრების და ე.წ. "ევროგაერთიანებიდან" მისი მოსალოდნელი გარიცხვის მიზეზი, ბერძნების მართლმადიდებლობაა, რომელსაც სხვანაირად ვერაფერი მოუხერხეს "დემოკრატიისა და ხალხთა თანასწორობის" თანამედროვე მედროშეებმა, _ ევროპამ და ამერიკის შეერთებულმა შტატებმა!

...ყველასათვის ცნობილია, მეორე მსოფლიო ომის დასრულებამდე ცოტა ხნით ადრე, როცა ფაშისტების ბედი გადაწყვეტილი იყო, საკითხავი და გადასაწყვეტი, მხოლოდ გერმანელი ერის ბედი და მომავალი იყო, აშშ-ს და ინგლისის სამხედრო-საჰაერო ძალებმა ასეულობით ქალაქი და მჭიდროდ დასახლებული ადგილები მიწასთან გაასწორეს და მოსპეს წინააღმდეგობის გაწევის უუნარო მოსახლეობა, რაც დანგრეული გერმანიის ორ მესამედზე მეტს შეადგენდა. მე, ამ თემას ვრცელი სტატიები მივუძღვენი (იხ. გაზეთი "ილორი" N#312 და #317) და აქ არ შევჩერდები!

_ "მსოფლიოს ახალი გადანაწილების" მსურველებს ტრადიციად ექცათ, ჯერ უნდა დაანგრიონ, მიწასთან გაასწორონ და შემდეგ შემოდიან იმ ქვეყნებში ე.წ. "ინვესტიციებით და აღმშენებლობის პროექტებით"...

ასე მოხდა გერმანიაში, მეორე მსოფლიო ომის დამთავრების შემდეგ. სიმართლე უნდა ითქვას, ფული და ენერგია არავის დაუზოგავს დანგრეული გერმანიის აღსადგენად, მაგრამ აღდგა მხოლოდ მისი უსულო ნაწილი, _ საცხოვრებელი სახლები, ფაბრიკა-ქარხნები, სოფლები, დაბები, ქალაქები, გაჩნდა უზარმაზარი მეტროპოლიები... მაგრამ, ქვეყანასთან ერთად განადგურებული სულის აღდგენისთვის არავის უზრუნია და არც უფიქრია!

_ ესეც დიდი და ცალკე თემაა, ესეც სამომავლოდ შემოვიტოვოთ, ამჯერად ერთ საინტერესო შემთხვევას გავიხსენებ: ერთი ჩემი მეგობარი მომიყვა, იგი ცნობილი მუსიკოსია და დიდი ხანია გერმანიაში ცხოვრობს.

ერთხელ, მასთან სტუმრობისას, საუბარმა მოიტანა და ვკითხე, _ შენთვის ალბათ ბედნიერებაა მუსიკის ჯადოქრების ქვეყანაში ცხოვრება და იყო მათი შთამომავლების მასწავლებელი ორჯერ მეტი ბედნიერებაა-მეთქი!

ჩემდა გასაკვირად, არ გამართლდა ჩემი "აღმოჩენა"!

"_ პირიქით, ჩემო დავით, მე მსგავსი დაყრუებული საზოგადოება არ მინახავს, რომ არ ვიცოდე, _ ბახი, ბეთხოვენი, ბრამსი, ვაგნერი, შტრაუსი, მენდელსონო, შუმანები... გერმანელები იყვნენ, ამათი შემხედვარე, ვერც წარმოვიდგენდი მუსიკის სამშობლოში ვარ-მეთქი!"

დიდი ხნის ფიქრის შემდეგ, მივხვდი ერთ სამწუხარო საიდუმლოს, _ შარშანდელი 31 დეკემბრის საღამო, ჩემთვის უჩვეულოდ, ტელეეკრანთან გავატარე. დილის სამი საათი სრულდებოდა, ლიხტენშტეინის დედაქალაქ ვადუციდან რომ დამირეკეს იქ შეკრებილმა მეგობრებმა, ახალი წლის დადგომა მომილოცეს და მისაყვედურეს, _ "ქართველები ახალ წელს ქართულად რატომ არ მღერიხართო?.."

გამიკვირდა, მაგრამ ხუმრობად ჩავთვალე უცხოელი მეგობრების ნათქვამი. მაინც გულში ჩამყვა მეგობრების "საახალწლო ხუმრობა" და მეორე დღესვე, კომპიუტერში ვნახე რიყეზე გამართული კონცერტი, _ სადაც, მართლაც, ქართული არავის გახსენებია, რომ იტყვიან, _ ყველა ინგლისურად "უბერავდა"!

_ "ღამურების კონცერტი" ვუწოდე მას!

ამიტომ მოეჩვენათ ჩემს მეგობრებს ლიხტენშტეინში, რომ ჩვენ, ქართველები ახალ წელს ქართულად არ ვმღერივართ!

...ზემოთ, მეორე მსოფლიო ომისდროინდელი ამერიკული ინვესტიციები ვახსენე, რომელსაც აღმშენებლობასთან ერთად, უამრავი მდარე ხარისხის ღირებულებები ჩამოჰყვა ევროპაში, განსაკუთრებით სულიერების სფეროში და ეს ყველაფერი იმდენად გულმოდგინედ კეთდებოდა, ეროვნულ გენოფონდგანადგურებულ გერმანიაში არავის ჰქონდა მისი კონტროლის დრო, _ შესაძლოა უფლებაც!

ათეული წლების შემდეგ იჩინა თავი ამერიკული "ფასეულობების" იმპორტმა გერმანიაში და ზოგადად ევროპაში!

_ პიჯაკზე გრძელმა პერანგმა და მუხლებგამობდღვნილმა შარვლებმა ჩაანაცვლა სმოკინგები და საბალო კაბები, ქალის სხეულის ვულგარულმა სიშიშვლემ, მდედრობითი სქესისადმი ლტოლვა გააუფასურა, საზოგადოებაში საშუალო სქესის გაჩენამ საბოლოოდ აჰყარა პატივი ადამის ძეთა მოდგმას!


70 წლის შემდეგ, იგივე მეორდება დღევანდელ საქართველოში, ოღონდ, გერმანელებისგან განსხვავებით, _ არა დიდი აღმშენებლობის, არამედ შიმშილისგან თავის გადარჩენისთვის გაღებული გროშების სანაცვლოდ!

სწორედ ამას მიხვდნენ და უფრთხიან მაკედონიელები ევროპის შუაგულში!


ღმერთი იყოს მათი შემწე, თვითგადარჩენისთვის ბრძოლაში!



29-05-2015, 10:56
უკან დაბრუნება