ეტყობა, პრეზიდენტის სასახლე იმხელა საიდუმლოს ინახავს და იმდენად მოჯადოებულია, მთავრობა მაინც თავისას არ იშლის და მარგველაშილს მოუწოდებს „მიიღოს გონივრული გადაწყვეტილება“ და რეზიდენცია დატოვოს!
ასეთი განცხადება პრემიერ-მინისრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე გააკეთა.
აწი იმაზე საუბარს აზრი არა აქვს, სჭირდება თუ არა ასეულმილიონიანი რეზიდენცია გაძვალტყავებული საქართველოს პრეზიდენტს, მაგრამ, რადგან ფაქტის წინაშე დავდექით და პრეზიდენტის რეზიდენციად „იკურთხა“, ალბათ, სჯობს თავი დავანებოთ აიწონა-დაიწონას თამაშს!..
ისეთი შთაბეჭდილება რჩება, რომ მთავრობას საქმე გამოელია და პრეზიდენტის რეზიდენციის გამოყენების კანონიერება-არაკანონიერების გარკვევითაა დაკავებული!
არ მგონია, აქ მხოლოდ ხელების გადაგრეხვის და პრეზიდენტის კუთხეში მიყენების დემონსტრირებასთან გვქონდეს საქმე - ეტყობა, უფრო სერიოზული მიზეზებია, რომელსაც საზოგადოებას შეგნებულად უმალავენ.
ის, რომ პრეზიდენტის სასახლე უახლესი, სუპერთანამედროვე ტექნიკითაა აღწურვილი, საიდუმლოს არ წარმოადგენს. ამბობენ იმასაც, რომ იმდენი საიდუმლო გვირაბია რეზიდენციის ტერიტორიაზე, საჭიროების შემთხვევაში პრეზიდენტს „ბომბეიში“ შეუძლია ამოყოს თავი!..
ზემოთ სუპერტექნიკა ვახსენე. ავი ენები ამტკიცებენ, რომ იქ დამონტაჟებული მოსასმენი აპარატურით მთელი მთავრობის გაკონტროლებაა შესაძლებელი!...
ახლა ჩვენ იმაზე უნდა ვიმარჩიელოთ, რა აწუხებს მთავრობას: რეზიდენცია სჭირდება ვიღაცის ინტერესების დასაკმაყოფილებლად თუ მართლა სერიოზულ დისკომფორტს უქმნის მათი საქმიანობის გაკონტროლება, საიდანაც ღმერთმა იცის, ვის მიეწოდება ინფორმაცია(!!!).
ისე, არც იმის გამორიცხვა შეიძლება, რეზიდენციაში რაღაც „განსაკუთრებული ჯადოც“ იმალებოდეს, საიდანაც ადვილად შეიძლება ნებისმიერი ადამიანის მოჯადოება!
ეს, რა თქმა უნდა, ნახევრადხუმრობით, თუმცა რეზიდენციის გარშემო ატეხილი აჟიოტაჟი სხვადასხვა ინტერპრეტაციის საშუალებას ნამდვილად იძლევა.
P.S. ღარიბაშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე ხაზგასმით აღნიშნა, რომ საქართველოს მთავრობამ თავი უნდა შეიკავოს „ნებისმიერი სამართლებრივი მექანიზმის გამოყენებისგან“, რაც იმას ნიშნავს, რომ პრეზიდენტს ძალით არ გამოასახლებენ!
თუმცა, თავი შეიკავოს იმას გულისხმობს, რომ ასეთი აზრიც არსებობს, მაგრამ, ჯერჯერობით სისრულეში მოყვანას მოერიდებიან.
ისე, თუ მოთმინების ფიალა აევსოთ, შეიძლება ვივარაუდოთ, რომ სამართლებრივი მექანიზმიც ამოქმედდება!
კარგით რა ბატონო პრემიერო. თქვენ იმასაც ამბობთ, რომ რამდენიმე სამინისტრო სივიწროვეს განიცდის და მათ სრულფასოვანი საქმიანობის საშუალება არა აქვს - თუ ეს მართლაც ასეა, გადადით თავად ათონელის რეზიდენციაში და დაუთმეთ „ქაჯეთის ციხე“ შეჭირვებულ სამინისტროებს.
სხვანაირად, თქვენი ცდა უკვამლოდ გაჩენილ ცეცხლს ემსგავსება, რომელიც რეალურად არ არსებობს!
საბა საბახტარაშვილი