ივერიონი / „გაოდესებული“ მიშა და გაბანძებული უკრაინა!

„გაოდესებული“ მიშა და გაბანძებული უკრაინა!

გასული კვირის მთავარ საჯილდაო თემად ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ოდესის მხარის გუბერნატორად (ადმინისტრაციის ხელმძღვანელად) დანიშვნა იქცა!

ნაკლებად სავარაუდოა, რომ პოროშენკომ ეს საკადრო გადაწყვეტილება დამოუკიდებლად (მაიდნის შემოქმედისგან შეუთანხმებლად) მიიღო. თუმცა, ეს არ არის არსებითი - მთავარია, რა იმალება ამ გადაწყვეტილების მიღმა და გახდება თუ არა ოდიოზური სააკაშვილი რუსეთ-უკრაინის ახალი, გრანდიოზული შეჯახების კატალიზატორი?!

ის, რომ ოდესაში კორუფცია ჰყვავის და მის ამოძირკვას სააკაშვილის მტკიცე ხელი სჭირდება, ფანტაზიის სფეროს უფრო განეკუთვნება. როგორც ვთქვით, სააკაშვილის მისია უფრო შორს მიდის და არ არის გამორიცხული, მისმა „ანცობამ“ მსოფლიო ახალი გამოწვევების წინაშე დააყენოს!

შეიძლება დაეთანხმო ერთ-ერთ უცხოენოვან გამოცემას, რომ პოროშენკომ ამ გადაწყვეტილებით ან ძალიან სახიფათო, ან გენიალური (უკრაინისთვის მომგებიანი) ნაბიჯი გადადგა. სიტყვა „სახიფათოში“ რუსეთ-უკრაინის ურთიერთობის გლობალურ დაპირისპირებაში გადაზრდა იგულისხმება.

რაც შეეხება „გენიალურს“, აქ უკვე სააკაშვილის ხელწერა შეიძლება ვივარაუდოთ - არ არის გამორიცხული საქართველოს ცალკეული ტერიტორიების მსგავსად მან ოდესაც ხონჩით მიართვას თავის მოკავშირეს - პუტინის რუსეთს და ამით საკუთარი მისია ბოლომდე ამოწუროს!

ფანტასტიკის სფეროს სცილდება ირინა სარიშვილის ფეისბუქსტატუსში გამოთქმული აღტკინება, რომ სააკაშვილმა ყველაზე მეტად აქ გამოამჟღავნა თავისი ქართველობა და იგი მეტად სახიფათო თამაშს იწყებს საქართველო-უკრაინის საერთო მტრის წინააღმდეგ. სარიშვილის ქვეტექსით ექსპრეზიდენტის „დამსახურება“ რუსეთის საბოლოო დასუსტებაში გამოიხატება, რის შემდეგაც საქართველოც თავის კუთვნილ ტერიტორიებს უპრობლემოდ დაიბრუნებს!

ნეტარ არიან მორწმუნენი.

სააკაშვილი ქართული მოვლენა რომ არ არის, ეს მან საქართველოს მოქალაქეობის დატოვებითაც დაადასტურა.

ვეთანხმები პრეზიდენტ მარგველაშვილს, რომ ამ ჟესტით მან შეურაცხყოფა მიაყენა საკუთარ ქვეყანას და ზოგადად პრეზიდენტის ინსტიტუტს. თუმცა, ეს შეფასებაც გულუბრყვილოდ გამოიყურება - მიშას ქართული საზოგადოების დამოკიდებულება ნაკლებად აინტერესებს - ის ერთი ჭანჭიკია ახალი „მსოფლიო წესრიგის“ მამამთავართა ხელში და ისე იყენებენ, როგორც მათ წინასწარ დაწერილ სცენარს სჭირდება!

უკვე დაიწყო საუბარი, რომ სააკაშვილს საქართველოს მოქალაქეობის დაკარგვით პოლიტიკური საქმიანობა, მითუმეტეს, „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარეობა ეკრძალება.

საკანონმდებლო კაზუსს რომ თავი დავანებოთ, როგორ შეიძლება ოდესის მხარის გუბერნატორი საქართველოში რეგისტრირებული პოლიტიკური პარტიის ლიდერად დარჩეს?! ან რაში სჭირდება სააკაშვილს მარგინალიზებული, მარტივ მამრავლებად დასაშლელად განწირული პარტიის ლიდერობა მაშინ, როცა საქართველოს პოლიტიკურ კონფიგურაციას მისი პატრონები მის გარეშეც შესანიშნავად დაალაგებენ!!!

არც ის არის გამორიცხული, რომ სააკაშვილი თავსმოხვეული არჩევანის მსხვერპლიც კი გახდეს, მაგრამ ამით რა მოაკლდება, ან რა დაემატება საქართველოს?!

P.S. მიშა „გაოდესდა“, უკრაინა კიდევ ერთხელ გააბანძეს. საქართველო ამ სეირს შორიდან უყურებს შიშით და გაკვირვებით - შიშით იმიტომ, რომ ეს გადაწყვეტილება პირდაპირ თუ ირიბად შეიძლება ჩვენთვის საზიანო აღმოჩნდეს, გაკვირვებით კი უკრაინის საბოლოო გაბანძება აკვირვებს!..

საბა საბახტარაშვილი


1-06-2015, 11:06
უკან დაბრუნება