ჟურნალისტი ირაკლი კორძაია "ნეტგაზეთთან" საუბარში ამბობს, რომ ბიზნესმენ ბესიკ ხარძიანის მკვლელობის საქმეზე მის ბრალდებებთან დაკავშირებით ზვიად ჯანყარაშვილისა და გია უდესიანის წინააღმდეგ სოზარ სუბარი და დეპუტატი ვიქტორ ჯაფარიძე შეხვდნენ და მათთან შეთანხმება შეთავაზეს.
კორძაია, რომელიც, როგორც თავად ამბობდა, მოსალოდნელი საფრთხის გამო საქართველოდან 18 მაისს წავიდა, თბილისში გუშინ, 31 მაისს დაბრუნდა. იგი "ნეტგაზეთთან" საუბარში ამბობს, რომ ბერლინში მას ტელეფონით დაუკავშირდა თბილისიდან ერთ-ერთი თანამდებობის პირი, რომელმაც უსაფრთხოების გარანტია მისცა, რის შემდეგაც ჟურნალისტმა უკან დაბრუნება გადაწყვიტა.
ირაკლი კორძაია "ნეტგაზეთთან" საუბარში ასახელებს ორ თანამდებობის პირს - ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრ სოზარ სუბარს და საპარლამენტო უმრავლესობის წევრ ვიქტორ ჯაფარიძეს, რომლებიც, მისი თქმით, კაფე "რუმსში" შეხვდნენ ჯერ კიდევ ბესიკ ხარძიანის დასაფლავებამდე.
"შეხვედრის დასაწყისში ბატონი ვიქტორი დაახლოებით 10 წუთის განმავლობაში საკმაოდ ნეგატიურ კონტექსტში მოიხსენიებდა იმ დროს უკვე გარდაცვლილ ბესო ხარძიანს, საუბრობდა მის ადამიანურ ნაკლოვანებებზე. ამ დროს მე უკვე 2 თუ 3 დღის განმავლობაში ვსაუბრობდი ბესოს მკვლელობაზე, რომ ბესოს ჰყავდა ერთადერთი მტერი, ეს მტერი იყო გიორგი უდესიანი, რომ დღევანდელი ხელისუფლების წარმომადგენლები, თავდაპირველად ლაშა ნაცვლიშვილი, შემდეგ პრემიერ-მინისტრის ნათესაობამ, ზვიად ჯანყარაშვილმა და შესაძლოა გია ზედელაშვილმა საერთო გამონახეს ამ ადამიანთან და ამ გამონახვის მიზეზით ხდებოდა სამართლიანობის აღდგენის პროცესის შეყოვნება, ყოველ შემთხვევაში, ხარძიანის შემთხვევაში ასე იყო...
თითქმის ერთი საათის განმავლობაში ვსაუბრობდით, მაგრამ არსი იყო ერთი რამ, რომ იქნებ შეთანხმდეთო. ასეთი რაღაც მითხრა ბატონმა ვიქტორმა და ალბათ გარკვეული ჯილდოს სანაცვლოდ უნდა გავჩუმებულიყავი. ბესოს ემტერებოდა უდესიანი და უდესიანს გარკვეულ მფარველობას უწევდნენ ეს ადამიანები. შეთანხმება უნდა მომხდარიყო, ალბათ, იმ ადამიანებთან, ვის მიმართაც მე გარკვეულ ბრალდებებს გამოვთქვამდი. საუბარში იყო ნახსენები პრემიერ-მინისტრი, უდესიანიც, ჯანყარაშვილიც, ზედელაშვილიც", - უთხრა "ნეტგაზეთს" ირაკლი კორძაიამ.
netgazeti.ge