ივერიონი / ცხვრის ქურქიდან გამოშიგნული რელიგია

ცხვრის ქურქიდან გამოშიგნული რელიგია

ეს წერილი  სვეტიცხოვლის ტაძრის დეკანოზმამამა პეტრე კვარაცხელიამ  ექსკლუზიურად,,ივერიონს“ გამოუგზავნა. მას უცვლელად გთავაზობთ.                 

 

,,შენ სისხლო ჩემო, სად არ დაღვრილო"... ეს ფრაზა ამოვიკითხე თავმოკვეთილი ცხვრის ღიად დარჩენილი  თვალებიდან... ერდოზე, ხიდზე, შუაგზაზე, ტაძრის შესასვლელთან - ყველგან სისხლის გუბეები იდგა. ვის სჭირდება ამხელა მსხვერპლი?! ღმერთს - რომელმაც ძველი აღთქმის მსხვერპლშეწირვა სიახლით-გული წმინდა და სული წრფელით -  შეცვალა თუ ადამიანს, რომელიც წვიმაში, სეტყვაში, თქეშში, მხრებზე წაგდებული ,,ტარიგით" ფეხაკრეფით მიუყვება ლომისისკენ არც თუ ისე უსაფრთხო აღმართს?!

რა არის ლომისობის დღესასწაული?! საეკლესიო თუ საკულტო დანიშნულების?! წმინდა გიორგის თაყვანისცემის ტრადიცია ძველი დროიდან იღებს დასაბამს. ხალხმაც მისი უძლეველობა არ იკმარა და ეროვნული გმირის ხარისხში აიყვანა. არც ეს არის სავალალო, მაგრამ რამდენად მოსაწონია კაბადოკიელი მხედართმთავრისთვის ის სარწმუნოება, რაც ყოველწლიურად მისი სახელობის ტაძართან აღესრულება?!

უფალმა ყველას შეუწიროს დარში თუ ავდარში, დღისით თუ ღამით იმ პიტალო კლდეებზე სიარული, საიდანაც არაერთი ფეხმოტეხილი ჩამოუყვანიათ.ეს უფრო ჩვეულებაა,  ვიდრე რწმენა. წინააღმდეგ შემთხვევაში, სასიკეთოდ მოგვიბრუნდებოდა ცხვრის ქურქიდან გამოშიგნული რელიგია.

 არაგვის ტალღებს შეერთებული ,,მოწამეთა" სისხლი... სასაკლაოდ ქცეული ეს ულამაზესი ხეობა, კიდევ კარგი, უტყვია, თორემ ბევრს ისაუბრებდა იმ გაუკუღმართებულ რწმენაზე, კოჭებამდე სისხლით რომ შეღებილა.

 ძაღლის ყბაში ჩავარდნილი ცხრვრის ტყავები რომ შევნიშნე, გიორგობის დღესასწაულზე, საკუთარი სტომაქის ამოსავსებად ჩასული ადამიანების გასაგონად მინდოდა მეთქვა, რომ იქ დაკლული პირუტყვის სანაცვლოდ უპატრონოთა თავშესაფარი რომ ავაშენოთ, ღმერთიც გემრიელად ,,დაპურდება" და ადამიანებსაც იმედის სხივი ჩაუდგებათ ჩაღამებულ თვალებში...

ლუდით და ჟიპიტაურით გამტყვრალი ხალხის ყურება, არც ნაზარეველისთვის არის ადვილი... ტაძრის კედელზე სისხლი, იატაკზე სისხლი, ტერფებქვეშ სისხლი, მრევლის გაქონილი ხელები, ერთ ღამეში დადებული ღიპი, ,,რა ვქნა, რომ ბედი არ მწყალობს" მეათასედ მოსმენა, გიტარა და ჩქარი ტაში, ყველაფერია, გარდა რწმენისა... ასეთი ქრისტიანობით ღმერთს ვკლავთ სამსხერპლოზე...

იქნებ ამის გამო ვისჯებით და მთიდან ჩამოსული მეწყერი პასუხია ცხვარივით თვინიერი ღმერთისა... ,,წინანდელმა რელიგიურმა დღესასწაულებმა დაკარგეს თავიანთი პირვანდელი მნიშვნელობა და ახლა იქცნენ ლოთების, უსაქმურების ხანმოკლე შფოთისა და დროსტარების ადგილებად”. ცხვრის ხორცი უამრავი საუკუნეა დუღს ქვაბში, ღმერთს კი მისთვის პირი ჯერ კიდევ არ მიუკარებია...

3-06-2015, 14:46
უკან დაბრუნება