ივერიონი / რა შუაშია სააკაშვილი-ანუ, როდემდე უნდა ვიცხოვროთ სიცრუესა და სიყალბეში!!!

რა შუაშია სააკაშვილი-ანუ, როდემდე უნდა ვიცხოვროთ სიცრუესა და სიყალბეში!!!

რამდენიმე წლიანი ფიქრისა და დაკვირვების შემდეგ დავასკვენი, რომ, თანამედროვე ქართული ოფიციალური პროპაგანდა, რომელიც "უცხო" სხეულითაა ნასაზრდოები, საზოგადოებისთვის არა მარტო თვალში ნაცრის შეყრას, არამედ, მის სრულ დეგრადირებას  ემსახურება!
არ მოვყვები ახლა იმის გარკვევას, რა ბინძური საქმეა ზოგადად პოლიტიკა და როგორ "იჩეკებიან" ინკუბატორებიდან თანამედროვე ჩინოვნიკები (მაინც ყველა ერთ თარგზე როგორაა  მოჭრილი?!), მაგრამ ვიტყვი იმას, რომ საზოგადოების დაცინვას უკვე საზღვარი არ აქვს!

 

"თანამედროვე ტვინები"  წარმატებით მუშაობენ იმაზე, თუ როგორ ამოაცალონ ადამიანებს ყველაზე სათუთი ფენომენი-სული და როგორ ააღებინონ ხელი ადამიანურ ღირსებაზე!.
აქსიომაა: როცა სული გაბზარულია, ან საშიში "ბაცილებითა" დასნებოვნებული, მის ადგილს ყოველთვის ფული იკავებს-ფული, რომელიც კაცობრიობის არსებობის მთავარი ატრიბუტი გახდა და რომლის შოვნა ძირითადად იგივე სულის გაყიდვით და ადამიანურ ღირსებაზე ხელის აღებითაა შესაძლებელი!..
აქსიომაა ისიც, რომ ვიდრე სულს შეუტევდნენ, კაცობრიობის უდიდეს ნაწილს ფულის-ერთადერთი პური არსობისას წყარო გადაუკეტეს, ან, პირიქით, ფულზე მიაჯაჭვეს და ჭეშმარიტ ღირებულებებზე (უფალი, სამშობლო, სიყვარული) უარი ათქმევინეს..
...და  ცხოვრობს თანამედროვე კაცობრიობა სიცრუესა და სიყალბეში და თვითგადარჩენის ინსტიქტით დამძიმებულ-შეპყრობილი თითქმის ყველაფერს იჯერებს, ყველაფერზე თანხმდება, ოღონდ... ფიზიკურად გადარჩეს!

 

სამწუხაროდ, ძალიან ცოტაა, ვინც სიყალბეს არ იჯერებს და სიცრუეში ყოფნას თვითგვემას ამჯობინებს, ვინც მზად არის ამხილოს ვნებანი "ძლიერთა ამა ქვეყნისათა" და მტკიცედ დადგეს ეროვნული თვითმყოფადობის და საკუთარი ღირსების დაცვის სადარაჯოზე!

 

ამ ბოლო დღეებში საკამრისზე მეტი აჟიოტაჟი მოჰყვა ძებნილი ექს-პრეზიდენტის (სისულელედ მიმაჩნია მტკიცება, რომ მცნება ექს-პრეზიდენტი არ არსებობს და ნაპრეზიდენტალები ყოველთვის პრეზიდენტებად უნდა მოვიხსენიოთ. ჯერ ერთი, პრეზიდენტი სახელმწიფოს მოქმედი ფიგურაა და რანაირად შეიძლება იყოს იგი მოქმედი, თუ მოცემულ მომენტში თანამდებობას არ ინარჩუნებს?!) მიხეილ სააკაშვილის ოდესის გუბერნატორად დანიშვნას და მისი მხრიდან საქართველოს მოქალაქეობის დატოვებას.
ზოგიერთმა სააკაშვილის ნაბიჯი საქართველოს ღალატად შეაფასა (ნეტავ, ამაზე მეტი დანაშაული არ ქონდეს ჩადენილი მას საკუთარ სამშობლოში) ზოგიერთმა პასუხისმგებლობისგან თავის არიდების მცდელობად. არიან ისეთებიც, ვინც პოროშენკოს გადაწყვეტილებაში საქართველოსთვის საშის სიმპტომებს ხედავს და მიიჩნევს, რომ მიშას ტრიუკებმა შეიძლება ზიანი მიაყენოს არა მარტო ოდესას, არამედ, სათავე დაუდოს ახალ, სერიოზულ დაპირისპირებას, რომელიც საქართველოსაც ადვილად მოწვდება. მე პირადად ამ უკანასკნელთა მოსაზრებას ვიზიარებ.

 

ცალკე საუბრის თემაა, ოფიციოზის მხრიდან გაკეთებული განცხადებები, სადაც, აღნიშნულია, რომ პოროშენკოს ამ გადაწყვეტილებით ქვეყანამ, ექს-პრეზიდენტ სააკაშვილის საქართველოში ექსტრადირების და მისი სისხლის სამართლის პასუხისმგებლობაში მიცემის ელემენტარული შანსიც კი დაკარგა...
დიახ, დღეს ნამდვილად ასეთი რეალობა, მაგრამ რა გავაკეთეთ გუშინ, რომ აღსრულებულიყო ქართველი ხალხის ნება, (როგორც ამას ხშირად ვიმეორებთ) და ძებნილი სააკაშვილი საქართველოში ჩამოეყვანათ. ან საერთოდ, რატომ გავუშვით ის საქართველოდან, თუ სამართლიანობის აღსრულების ელემენტარული ნება არსებობდა ქვეყანაში?!
პასუხი ჩემთვის წინასწარ ცნობილია:
1.მიშას დაჭერის უფლებას არავინ მოგვცემდა.
2.ივანიშვილი სააკაშვილის დაჭერას ვერ გაბედავდა.
ორივე პასუხი სწორია.
მოდით ცალ-ცალკე განვიხილოთ ორივე მათგანი:
1.  დავიწყოთ იქიდან, რომ სააკაშვილი ქართულ პოლიტიკაში ახალ (ახალგაზრდული, მჩქეფარე) სისხლის გადასხმის მოტივით, "ხბოს აღტკინებით" მოვიყვანეთ ხელისუფლებაში. იმდენ ხანს გასტანა ამ აღტკინებამ, რომ  ძალიან გვიან დავინახეთ-ჩვენი "რჩეული" ხბოს ტყავში გახვეული მგელი ყოფილა, რომელიც საქართველოს შეჭმას უპირებდა!

თუმცა, ჩვენი გამოფხიზლება იმდენად დაგვიანებული აღმოჩნდა: მიშა იდენად გაძლიერებული, ჩვენ კი იმდენად დასუსტებულ-დაჩაჩანაკებული, რომ რამდენიმე ცდის მიუხედავად (ცალკე საუბრის თემაა მავანთა მხრიდან ღალატი და ფარისევლური გარიგება, რომელზეც ახლა ხმამაღლა საუბრობენ) "სწორუპოვარ დემოკრატს", "მსოფლიო დონის პოლიტიკოსს" ძვრაც ვერ ვუყავით-ვერც სისხლიანი 26 მაისი აღმოჩნდა ერის გასამთლიანებლად და ერთსულ და ერთხორც შესაკავშირებლად საკმარისი!

ახლა ყველა ვაღიარებთ, რომ არა ბიძინა ივანიშვილი, დღესაც სააკაშვილის უღელქვეშ ვიქნებოდით!

რაც არ უნდა პრეტენზიები გვქონდეს ივანიშვილის მიმართ, ერთი რამ ფაქტია: მან ერის მნიშვნელოვანი ნაწილის მობილიზება შეძლო საერთო იდეის გარშემო და მიზანსაც მიაღწია "ნაციონალური მოძრაობა" ხელისუფლებას ფორმალურად ჩამოაშორა. ამის შემდეგ, ნაკლებად საინტერესოა, რა გააკეთა და რა ვერ (ან არ) გააკეთა- მან თვალნათლივ დაგვანახა, რომ თუ ერის ნება იქნება, ძლიერნი ამა ქვეყნისანი უკან იხევენ, ანუ არჩევნების შედეგებით მათ მოუწიათ შეგუებოდნენ მათი რჩეულის "ჭეშმარიტად დემოკრატიული" ლიდერის დამარცხებას.

ალბათ სწორედ ამას ნიშნავდა ექს-პრემიერ- მინისტრის ნათქვამი, რომ მან ხალხი მაქსიმალურად გამოიყენა. მაქსიმალურად გამოყენებაში ხალხის, (ერის) ძალა, იგივე ერთობა იგულისხმება,რომლის  წინაშეც სუპერ-სახელმწიფოებიც კი უკან იხევენ.

დასკვნა მარტივია: სააკაშვილის დაჭერის უფლებას მხოლოდ მაშინ მოგვცემდნენ, თუ ამის მტკიცე ნება ერისგან (საზოგადოებისგან) წამოვიდოდა. ჩვენ კი, მხოლოდ ორთქლის გამოცემით და სოციალურ ქსელში კუკუ-დამალობანას თამაშით ვიყავით გართულნი. 

2.   რაც შეეხება მეორე ვარიანტს,  "ივანიშვილი სააკაშვილის დაჭერას ვერ გაბედავდა" ამასაც ლოგიკური ახსნა მოეპოვება, რომელიც პირდაპირ კავშირშია პირველთან-ივანიშვილი ამას მხოლოდ მაშინ გაბედავდა, თუ ხალხისგან ამის დაკვეთა ექნებოდა, ოღონდ, არა ორთქლის გამოშვების დონეზე, არამედ მტკიცე და შეუვალი ნებით!

 თუ ობიექტურად ვიტყვით, ასეთი რამ არ ყოფილა და ივანიშვილიც თავისი გზით წავიდა, მან თავის თავს უშველა.
აქედან გამომდინარე, სააკაშვილის სამართლებრივ პასუხისმგებლობაზე, მის საქართველოში ექსტრადირებაზე საუბარი თავის მოტყუებაა და მეტი არაფერი. არც ის არის არსებითი, როდის შეუწყვეტენ მას მოქალაქეობას, რომელიც საქართველოს კონსტიტუციური მოთხოვნებიდან გამომდინარე, ავტომატურად უნდა გაუუქმდეს, რადგან იგი უკვე სხვა ქვეყნის მოქალაქეა...

 

თუმცა, რა მნიშვნელობა აქვს სააკაშვილს ჩამოართმევენ თუ არა საქართველოს მოქალაქეობას, ან ჩამორთმევის შეთხვევაში, საქართველოს პრეზიდენტი, საკუთარი უფლებამოსილების ფარგლებში მიანიჭებს თუ არა მას ორმაგ მოქალაქეობას. მთავარი სააკაშვილის საქართველოს მოქალაქეობა-არმოქალაქეობა კი არ არის, არამედ, ის, თუ რა სამართლებრივი ბერკეტები გვქონდა ჩვენ დღემდე მის საქართველოში ჩამოსაყვანად და როგორ ვიყენებდით მას!
პირადად ჩემთვის, სააკაშვილის დატუსაღება და მატროსოვის ციხესი მისი გამწესება არ არის ქვეყანაში სამართლიანობის პროცესის დამკვიდრების წინაპირობა-ჩვენ სხვა, უფრო რთული და უფრო მზაკვრული პრობლემები გვაქვს მოსაგერიებელი და ამაზე უნდა ვიფიქროთ. სააკაშვილის თემით მანიპულირება და სპეკულირება კი მხოლოდ წყლის ნაყვაა და ჩვენი გარე თუ შინა მტრების სურვილების გამოძახილია.
საშიშია სიყალბესა და სიცრუეში ცხოვრება ბატონებო!

ზაურ ნაჭყებია

3-06-2015, 16:13
უკან დაბრუნება