“ივერიონთან“ საუბრისას ექსპერტმა გია ხუხაშვილმა აღნიშნა, რომ ოდესაში მიხეილ სააკაშვილის გაგუბერნატორებით საქართველოსთვის განსაკუთრებული არაფერი მომხდარა!
„აი, ოდესაში კი მას მართლა აქვს პოლიგონი თავისი ექსპერიმენტებისთვის, რომელთა წარმატებით განხორციელების შემთხვევაში, შეიძლება საქართველოში ჩამოსვლის შანსიც გაუჩნდეს“ - ამბობს გია ხუხაშვილი.
მისი აზრით, სააკაშვილი უთუოდ შეეცდება თავისი საქართველოს მოქალაქეობასთან დაკავშირებული თემა პროპაგანდისტულად გამოიყენოს (ვინაიდან მას პრეზიდენტი მარგველაშვილი საქართველოს მოქალაქეობის ქონის უფლებას არ დაუტოვებს), ( გაიხენეთ, თავის დროზე ბიძინა ივანიშვილსაც არ ჰქონდა საქართველოს მოქალაქეობა, როცა 2012 წლის საპარლამენტო არჩენებისთვის ემზადებოდა).
რაც შეეხება სააკაშვილის საქართველოში ექსტრადაციის საკითხს, ამაზე უკრაინის ხელისუფლებასთან კულუარებში საუბარი სჯობს, რადგან, წინააღმდეგ შემთხვევაში, დასავლეთის თვალში საქართველოს რეპუტაცია შეილახება.
მოდით, ისიც აღვნიშნოთ, რომ დღეს საქართველოში პოლიტიკურ ჭადრაკს მიხეილ სააკაშვილი და ბიძინა ივანიშვილი თამაშობენ, დანარჩენები მხოლოდ “ლამაზი“ სახეებითა და ყელზე ჰალსტუხით “სხედან“ ან “საუბრობენ“!
„მინდა ორიოდე სიტყვა ვთქვა “ნაციონალური მოძრაობის“ შესახებ, რომელიც, ფაქტობრივად, სააკაშვილს წარმოადგენს. მას მომავალ არჩევნებში, დღევანდელი მდგომარეობით, გამარჯვების შანსი არ აქვს. მათ საზოგადოების მიერ გამოტანილი ვერდიქტის მოსახდელად 4 წელი არ ეყოფათ.
“ნაციონალურმა მოძრაობამ“ არჩევნებში რომ გაიმარჯვოს, დღევანდელმა ხელისუფლებამ, რომელიც არც კარგს აკეთებს და არც ცუდს, რაიმე საშინელება უნდა ჩაიდინოს ქვეყნისა და საზოგადოების წინაშე“ - ამბობს ხუხაშვილი.
მოამზადა ია ჯღარკავამ