პირადად ჩემთვის შეურაცხმყოფელია იმის დაჯერება, რომ ქართული ლარის ბედი და ზოგადად, ქართული საზოგადოების ყოფითი პრობლემები საერთაშორისო სავალუტო ფონდის ხუშტურებს გადააყოლეს!
პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარის, თამაზ მეჭიაურის განცხადებამ, რომ გიორგი ქადაგიძის დაჭერა ივანიშვილს ერთ-ერთმა საერთაშორისო ორგანიზაციამ გადააფიქრებინა, თავდაპირველად საზოგადოების მნიშვნელოვანმა ნაწილმა ყალბ რიტორიკად და ივანიშვილის „პირის მოწმენდის“ ტაქტიკად აღიქვა.
ყველა გრძნობდა, რომ ლარის კურსის კატასტროფულად გაუფასურებაში სხვა ობიექტურ (თუ სუბიექტურ) ფაქტორებთან ერთად ლომის წილი ეროვნული ბანკსაც მიუძღოდა, რომლის სათავეში სწორედ თავის დროზე „ნაციონალების“ მიერ აღზევებული გიორგი ქადაგიძე იდგა.
დასაჭერად და ციხეში გამოსაკეტად არავინ მემეტება (თუ, რა თქმა უნდა, მძიმე დანაშაულთან არა გვაქვს საქმე), მაგრამ დღევანდელი ხელისუფლება ვალდებული იყო ფულად-საკრედიტო პოლიტიკის რეგულირებისგან ჩამოეშორებინა ოდიოზური „ნაციონალური“ ფიგურა, რომელიც მის ხელთ არსებულ ინსტრუმენტს მაშინ გამოიყენებდა, როცა თავისი ძველი პატრონებისგან ამაზე მინიშნება იქნებოდა!
„ქართულმა ოცნებამ“ „კანონის უზენაესობის“ და „ევროპული დემოკრატიისადმი“ ერთგულების მოტივით ეს არ გააკეთა (შეიძლება არ გააკეთებინეს) და ხალხმა მიიღო ის, რაც მიიღო!
სასაცილო ისაა, რომ „გორდიას კვანძის“ გახსნის, ანუ ქადაგიძის მფარველების მხილების შემდეგაც არ გადადგმულა კონკრეტული ნაბიჯი, რომ ეროვნული ბანკის ზონდერ-პრეზიდენტი თანამდებობისთვის მაინც ჩამოეშორებინათ, არადა ეს დაცინვა და საზოგადოებისთვის სულში ჩაფურთხებაა და მეტი არაფერი!
ივანიშვილის „აღიარებითი ჩვენება“ მაინც უნდა იყოს საკმარისი იმისთვის, რომ დღის წესრიგში დადგეს გიორგი ქადაგიძის თუ სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა არა (რადგან ასე თავგამოდებით იცავენ), მისი თანამდებობიდან გამოპანღურების (მაპატიეთ გამოთქმისთვის) აუცილებლობის საკითხი. ან დღევანდელმა ხელისუფლებამ უნდა აღიაროს, რომ იგი კერძო საერთაშორისო სტრუქტურების ნების უსიტყვო შემსრულებელია და იძლებულია ქვეყნის სასიცოცხლო ინსტიტუტები მათ ხუშტურებს ანაცვალოს!
არადა, ეს სწორედ ის საერთაშორისო სავალუტო ფონდია, რომლის რეკომენდაციებითაც ორი ათეული წელია ნადგურდება საქართველო, ხოლო მოსახლეობის აბსოლუტურად გაღატაკების ხარჯზე ივსება და ივსება ჩინოვნიკთა ჯიბეები!
ახია, ჩვენზე ყველაფერი!!!
ანდრია ლისაშვილი