გუშინ გაერომ მსოფლიო ლიდერებს მოუწოდა მოახდინონ ნებისმიერი ნარკოტიკული საშუალების ლეგალიზაცია.
ეს მოწოდება ჩვენთვის განსაკუთრებით აქტუალურია მარიხუანას დეკრიმინალიზაციის იდეის გააქტიურების ფონზე, რომელსაც სამწუხაროდ საკმაოდ ბევრი მომხრე გამოუჩნდა - ისინი მიიჩნევენ, რომ მარიხუანას მოხმარება მოთხოვნილების კატეგორიაში გადადის და მისი შეზღუდვა ადამიანის წმიდათაწმიდა უფლების - თავისუფლების შეზღუდვაა. თუ უფრო მარტივად ვიტყვით, ნარკოტიკის მომხმარებლები სისხლის სამართლის პასუხისმგებლობისგან უნდა განთავისუფლდნენ!
დღესაც გაუთავებლად კამათობენ იმაზე, ნარკოტიკის მოხმარება ჩვევაა თუ ავადმყოფობა, რომელსაც განკურნება სჭირდება და არა ცხრაკლიტულში გამოკეტვა.
სპეციალისტები კატეგორიულად ამტკიცებენ, რომ ეს ავადმყოფობა (თანდაყოლილი თვისება) არ არის - ადამიანის ნარკომანად ნარკოტიკისადმი მიჩვევის შედეგად ყალიბდება, რომლისგანაც განკურნებას შემდეგ ძალიან დიდი ძალისხმევა და ასევე ნარკომომხმარებლის დიდი ნებისყოფა სჭირდება!
დეკრიმინალიზაციის მომხრეები, რომლებიც ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა კონვენციას იშველიებენ, აბსურდულ დასკვნამდე დადიან - მათი აზრით, „ნარკოტიკის რეალიზაცია უნდა ისჯებოდეს, ხოლო მოხმარება არა“!
ლოგიკურად ისმება კითხვა: თუ ნებიმიერი სახის ნარკოტიკის რეალიზაცია დანაშაულია (ე.ი. ნარკოტიკი საშიშია ადამიანის ჯანმრთელობისათვის), მაშინ, რატომ უნდა ვასტიმულირებდეთ მის მოხმარებას და რატომ უნდა თავისუფლდებოდნენ მისი მომხმარებლები სისხლის სამართლის პასუხისმგებლობისგან?!
ადამიანი, თავისი ბუნებით ცნობისმოყვარე და მიმბაძველია (განსაკუთრებით ეს თვისება გაასმაგებულად გვაქვს ქართველებს). აქედან გამომდინარე, თუ მას „აკრძალული ხილის“ დაგემოვნების საშუალებას კანონიერად დავუტოვებთ, აუცილებლად კატასტროფულ შედეგს მივიღებთ!
როგორც უძველესი პროფესიისადმი (მრუშობა), ნარკოტიკისადმი კაცობრიობის დამოკიდებულებაც ახალი არ არის - ნარკოდამოკიდებულები იყვნენ ყოველთვის და იქნებიან მომავალშიც, მაგრამ აქ საუბარია მისი მოხმარების სტიმულირებაზე, რომელიც ადვილად წარმოსადგენია, რა მაშტაბებში შეიძლება გადაიზარდოს!
აქედან გამომდინარე, ვინც არ უნდა გვავალდებულებდეს, საიდანაც არ უნდა მოდიოდეს ეს რეკომენდაცია, საქართველოში მარიხუანას დეკრიმინალიზაცია არ უნდა დავუშვათ, რადგან დეკრიმინალიზაციიდან ლეგალიზაციამდე ერთი ნაბიჯია.
წარმოიდგინეთ, რა შედეგი შეიძლება მოჰყვეს ნებისმიერი სახის ნარკოტიკის ლეგალიზაციას საქართველოში - მითუმეტეს, დღეს ასეთი თავისუფალი პროპაგანდის პირობებში, რომელსაც ევროპული დემოკრატიის მონაპოვრად ასაღებენ!
საქართველოს, როგორც ჭეშმარიტად მართლმადიდებელ ქვეყანას, საკუთარი ტრადიციები გააჩნია. ამდენად, დემოკრატიის ნიღბით შემოგდებული საცდურებისგან დაცვა თითოეული ჩვენთაგანის ვალია - ერის ჯანსაღმა ნაწილმ აღნიშნულთან დაკავშირებით საკუთარი პოზიცია მტკიცედ უნდა გამოხატოს!
ასევე მტკიცე და შეუვალი სიტყვა უნდა თქვას ქართულმა ეკლესიამაც, რომელმაც თავსმოხვეული „თეთრი სიკვდილისგან“ უნდა გადაარჩინოს საკუთარი სამწყსო.
როცა ერი და ბერი ერთად დადგება, ნებისმიერი ცოდვისგან განკურნებაც შესაძლებელი იქნება!
არა _ დეკრიმინალიზაციას!!!
ანდრია ლისაშვილი