ივერიონი / სომეხი პარლამენტარი ქართული სოფლის წინააღმდეგ-ტაბაწყურის მოსახლეობა დახმარებას ითხოვს

სომეხი პარლამენტარი ქართული სოფლის წინააღმდეგ-ტაბაწყურის მოსახლეობა დახმარებას ითხოვს

სოფელ ტაბაწყურის მოსახლეობა სომხეთის პარლამენტის დეპუტატსა და სომხეთის გარემოს დაცვის ყოფილ მინისტრ ვარდან აივაზიანს სასამართლოში უჩივის. ადგილობრივები საქართველოს ეკონომიკის სამინისტროს მიერ სომეხი დეპუტატის კომპანიისათვის გაცემული იმ ლიცენზიის ბათილად ცნობას ითხოვენ, რომლის თანახმადაც მათ ტაბაწყურის ტბაზე თევზაობა შეეზღუდათ. ამბობენ, რომ სოფელში მათი შემოსავლის ერთადერთი წყარო მხოლოდ თევზაობა იყო.

 

საქმე ისაა, რომ ტაბაწყურის ტბა 2010 წლის 2 სექტემბერს ეკონომიკის სამინისტროს მიერ გამოცხადებული აუქციონის შედეგად 1 832 ლარად გასხვისდა. აუქციონზე მხოლოდ ერთი კომპანია მონაწილეობდა - შპს "ტბები", რომლის 90%-იანი წილის მფლობელი სწორედ ვარდან აივაზიანი იყო. საჯარო რეესტრის მონაცემებით, კომპანია აუქციონამდე რამდენიმე დღით ადრე, 30 აგვისტოს შეიქმნა.

 

ეკონომიკის სამინისტრომ ტაბაწყურის ტბა 20 - წლიანი სარგებლობით შპს "ტბებს" მხოლოდ იმ პირობით გადასცა, რომ ტბაში თევზი სტაბილურად იქნებოდა, ანუ გათევზიანება უნდა მომხდარიყო. ადგილობრივები ამბობენ, რომ კომპანიამ ეს პირობა არ შეასრულა. უფრო მეტიც, შპს "ტბებმა" თევზის განადგურება დაიწყო. კერძოდ კი სევანის ტბიდან ყუთებით 80 ტონა კიბორჩხალა ჩამოიტანეს და ტბაში გაუშვეს. კიბორჩახლები კი თევზის ქვირითებით იკვებებიან.

 

მათივე ინფორმაციით, ამის შემდეგ ტბაში მობინადრე 13 სახეობის თევზი თითქმის სრულად განადგურდა, თუმცა, როგორც აივაზიანი ტელევიზიებისთვის მიცემულ ინტერვიუებში აღნიშნავდა, ლიცენზიაში გაწერილი პირობების თანახმად, მან ტბაში 10 000 ლიფსიტა და კალმახი გაუშვა.

 

ამასთან, სოფლის მოსახლეობა იმასაც აღნიშნავს, რომ მას შემდეგ, რაც აივაზიანმა ტბა შეისყიდა, მათ თევზაობის უფლებაც შეეზღუდათ.

 

"კომპანია "ტბებმა" დარაჯები დაიქირავა, რათა ადგილობრივებისთვის იქ თევზაობის უფლება არ მიეცათ.

 

აკრძალვის მიუხედავად მაინც ვთევზაობთ ხოლმე, რადგან არსებობას მხოლოდ თევზის გაყიდვით ვახერხებთ, თუმცა, ტბაში თევზი თითქმის აღარაა. ამდენი წელია ამით ვარსებობთ და ერთ დღეს ვარდან აივაზიანმა გამოგვიცხადა, რომ ამიერიდან ტბა მისი საკუთებაა, ამიტომ თევზაობას უნდა შეეშვათო," - ამბობს "მთელ კვირასთან" საუბრისას ადგილობრივი ლავრენტ მურადიანი.

 

მისივე თქმით, სოფლის მოსახლეობამ დახმარებისთვის არაერთხელ მიმართა ადგილობრივ ხელისუფლებას, თუმცა, უშედეგოდ. როგორც მურადიანი აღნიშნავს, ადგილობრივები მზად არიან, ხელახალი აუქციონის შემთხვევაში ტბაზე თევზაობის უფლების მოსაპოვებლად ლიცენზია თავად შეიძინონ. ზემოთ ხსენებული მიზეზებისა და პრობლემის გამო ტაბაწყურელებმა აივაზიანს სასამართლოში უჩივლეს.

 

საგულისხმოა, რომ თბილისის საქალაქო სასამართლომ 11 მარტს ჩანიშნული პირველი მოსმენა გაურკვეველი ვადით გადადო.

 

ადგილობრივები იმასაც ამბობენ, რომ სომეხ დეპუტატს კარგი ურთიერთობა ჰქონდა საქართველოს შინაგან საქმეთა ყოფილ მინისტრ ვანო მერაბიშვილთან. მათივე განცხადებით, აივაზიანი ხშირად ჩადიოდა ტაბაწყურში და მასთან ერთად დროს ატარებდა.

 

გაზეთ "ვრასტანის" რედაქტორი და საქართველოს პრეზიდენტის ყოფილი მრჩეველი ვან ბაიბურთი "მთელ კვირასთან" საუბრისას აივაზიანს დადებითად ახასიათებს და ამბობს, რომ მან 2010 წელს ტბა კანონის სრული დაცვით შეიძინა. ბაიბურთი მიიჩნევს, რომ დეპუტატს ადგილობრივებისთვის ზიანის მიყენება აზრად არ ჰქონია.

 

"ვარდან აივაზიანი ჩვენებური ადამიანი და კარგი მეგობარია. თვითონაც ტაბაწყურელია და ამიტომ ვფიქრობ, რომ ადგილობრივებს არაფერს აუკრძალავდა. აივაზიანი ჩვენი ქვეყნის ძალიან დიდი მხარდამჭერი, აგიტატორი და პროპაგანდისტია. ვიცი, რომ ის კანონდარღვევას არ ჩაიდენდა. დანამდვილებით ვიცი ისიც, რომ ტერიტორია კანონის შესაბამისად შეისყიდა, ამიტომ ამ კუთხით ბრალი არაფერში მიუძღვის.

"ეს ადამიანი ჩვენს ქვეყანას ყველგან იცავს და ბევრ სასიკეთო საქმეს აკეთებს. მე პირადად ბიზნესისგან ძალიან შორს ვარ, აქედან გამომდინარე, ამ საკითხზე სხვა დამატებითი ინფორმაცია არ მაქვს.

 

"რაც შეეხება შინაგან საქმეთა ყოფილი მინისიტრ ვანო მერაბიშვილთან მის ახლობლობას, ის ყველასთან მეგობრობს და შესაბამისად, არც ესაა გასაკვირი. გამსახურდიას პერიოდიდან მოყოლებული, დღევანდელი მაღალჩინოსნებით დასრულებული, ყველასთან კარგი დამოკიდებულება აქვს. ეს კი ნიშნავს იმას, რომ აივაზიანს საქართველოსთან მხოლოდ პოზიტიური ურთიერთობა აკავშირებს. მუდმივად იმისკენ ისწრაფვის, რომ ჩვენი ქვეყანა უსაფუძვლოდ არ ლანძღონ. რატომ უნდა ჩაედინა დანაშაული, უბრალოდ არ მესმის", - ამბობს "მთელ კვირასთან" საუბრისას ვან ბაიბურთი.

 

ტაბაწყურელებისა და დეპუტატ აივაზიანს შორის დაპირისპირებას ადასტურებს არასამთავრობო ორგანიზაცია "მრავალეროვანი საქართველოს" თავმჯდომარე არნოლდ სტეფანიანიც. როგორც მან "მთელ კვირას" განუცხადა, კომპანია "ტბები" ადგილობრივებს თევზაობას ნამდვილად უკრძალავს, თუმცა, სტეფანიანი იმასაც აღნიშნავს, რომ აივაზიანი ტბის 90%-ის მფლობელია და შესაბამისად, ეს მისი კანონიერი უფლებაა.

 

"მრავალეროვანი საქართველოს" თავმჯდომარე მიიჩნევს, რომ პრობლემის გადასაჭრელად საკითხში ცენტრალურ ხელისუფლებასთან ერთად, მთავრობაც უნდა ჩაერთოს, რათა ადგილობრივების ინტერესები არ შეილახოს.

 

"ვიცი, რომ კომპანია ადგილობრივებს თევზისა და კიბორჩხალის დაჭერას ნამდვილად უკრძალავს, თუმცა, ისინი მაინც აქტიურად თევზაობენ, ანუ ბრაკონიერობენ. კანონის თანახმად, აივაზიანს თევზის დაჭერის უფლება აქვს, ხოლო კიბორჩახალა მისი გაშვებულია. გადასახადებსაც რომ იხდის, ესეც ფაქტია და კარგიცაა, ვინაიდან ბიუჯეტში ამით ფული შედის.

 

"მეორე ფაქტორია, რომ აივაზიანი ტაბაწყურის მკვიდრებს შემოსავლის ერთადერთ წყაროს მართლაც ართმევს. რეალურად, მათ სხვა საარსებო წყარო არც აქვთ, გარდა თევზაობისა და მესაქონლეობისა.

 

"სწორედ ამიტომ ვფიქრობ, რომ დაპირისპირება კონსენსუსით უნდა დასრულდეს, საამისოდ კი მთავრობამ ტაბაწყურელებს ყურადღება უნდა მიაქციოს. ეს არ ეხება მხოლოდ ერთ სოფელს. როგოც ვიცი, აქ მხოლოდ ერთი სოფელი არაა, სამი სოფელია, ამიტომ ცენტრალური ხელისუფლებაც უნდა ჩაერთოს პრობლემის მოგვარებაში და რაიმე გზები გამონახოს," - ამბობს სტეფანიანი.

 

მისივე ინფორმაციით, ვარდან აივაზიანს მართლაც ჰქონდა მეგობრული ურთიერთობა შინაგან საქმეთა ყოფილ მინისტრ ვანო მერაბიშვილთან, თუმცა, რამდენად შეუწყო მან დეპუტატს ხელი ბიზნესის აწყობაში, მისთვის უცნობია.

 

"მსმენია, რომ ვარდან აივაზიანს არა მარტო ვანო მერაბიშვილთან, არამედ წინა მთავრობასთანაც ჰქონდა კარგი ურთიერთობა. კონკრეტულად როგორ მოხდა ამ ტბის შესყიდვა, ამაზე ინფორმაციას არ ვფლობ, თუმცა, ყველამ კარგად ვიცით, რას ნიშნავდა იმ პერიოდში შს მინისტრთან მეგობრობა. ბევრი ვიცით სამცხე-ჯავახეთში, ვინც ამ ადამიანთან მეგობრობით ცხოვრება აიწყო. ასე რომ, არაფერს გამოვრიცხავ, თუმცა, კონკრეტულად ხელის გაშვერისგან მაინც თავს შევიკავებ," - დასძენს არნოლდ სტეფანიანი.

წყარო: „რეზონანსი“

6-06-2015, 11:29
უკან დაბრუნება