ივერიონი / ნეპოტიზმი საჯარო სამსახურებში და შერჩევითი სამართალი - საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს კვლევა

ნეპოტიზმი საჯარო სამსახურებში და შერჩევითი სამართალი - საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს კვლევა

"არაფორმალური გავლენა მთავრობაზე, არასაკმარისი დამოუკიდებლობა საკანონმდებლო ორგანოს და ყოფილი მაღალჩინოსნების საქმე, სადაც, როგორც არასამთავრობო სექტორში ამბობენ, შერჩევნითი სამართლის ნიშნები იკვეთება", - ეს ის პრობლემური 3 ძირითადი საკითხია, რომელიც დღეს საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს მიერ მომზადებულ კვლევებში გამოიკვეთა.

ჯამში არასამთავრობო ორგანიზაციამ ქვეყნის 12 სახელმწიფო ინსტიტუტის საქმიანობა შეისწავლა.

ორგანიზაციის ხელმძღვანელი ეკა გიგაური ფიქრობს, რომ მთავრობამ დემოკრატიული ინსტიტუტების მშენებლობას უნდა დაუთმოს დიდი ყურადღება და საჯარო სექტორი გახდეს აპოლიტიკური.

"არ უნდა ხდებოდეს მხოლოდდამხოლოდ სამართალდამცავი ორგანიზაციების მუშაობის გაძლიერება, უნდა გაკეთდეს აქცენტი სხვა ინსტიტუტების გაძლიერებაზე. არ უნდა არსებობდეს ქვეყანაში არაფორმალური მმართველობის ნიშნები," - აცხადებს ეკა გიგაური.

იურისტი ვახუშტი მენაბდე კი ამბობს, რომ საკანონმდებლო ორგანოს მუშაობაში მთელი რიგი პრობლემებია გამოვლენილი. მენაბდე ამბობს, რომ პარლამენტს არასაკმარისი დამოუკიდებლობა გააჩნია.

"პარლამენტის წევრების მიერ მთავრობის დაბარება და კითხვების დასმა, საგამოძიებო კომისიის შექმნის პრაქტიკა არ არსებობს, არსებობს მთელი რიგი დაბრკოლებები, რის გამოც პარლამენტს არ აქვს საშუალება შეასრულოს მასზე დაკისრებული ფუნქციები," - აცახდებს ვახუშტი მენაბდე.

საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს მიერ მომზადებულ ანგარიშში საუბარია შერჩევით სამართალზეც. ორგანიზაციის კვლევის შედეგებს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე გამოეხმაურა. 

"მე დავეთანხმე შეშფოთებას. ჩვენ მაღალი ხარისხის სამართალწარმოებით უნდა მოვუხსნათ საზოგადოებას ეს ეჭვები," - აცხადებს ნინო გვენეტაძე.

საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს ანგარიშის პრეზენტაციას ესწრებოდნენ დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები. მათ შორის იყო ამერიკის ელჩი რიჩარდ ნორლანდი.

"ეს ძალიან მნიშვნელოვანი პროცესია, რომელიც დეტალურ შესწავლას საჭიროებს. ყველა გამოკვეთილ პრობლემატურ საკითხებს ჩვენც დეტალურად ვაკვირდებით,"_ აცახდებს ამერიკის ელჩი.

ორგანიზაციის მიერ მომზადებული კვლევის შედეგებში დადებითი ტენდენცია მედიის თავისუფლების კუთხით კვლავ შენარჩუნებულია.

შეგახსენებთ, რომ საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველომ ქვეყნის 12 ძირითადი ინსტიტუტის საქმიანობა შეისწავლა და მათი მუშაობის შესახებ დასკვნა მოამზადა. გამოქვეყნებულ დოკუმენტში საუბარია  საჯარო სამსახურებში გამოვლენილ ნეპოტიზმისა და არაფორმალური მართვის ფაქტებზეც.

„რუსთავი2“

8-06-2015, 14:24
უკან დაბრუნება