აუცილებელი განმარტება
გუშინ საინფორმაციო-ანალიტიკური სააგენტო „ივერიონმა“ გაავრცელა ცოტნე გამსახურდიას ფესიბუქსტატუსი სათაურით „მომსახურეობა გაცილებით ღვთისნიერია, ვიდრე ამბიონებიდან ოქროვერცხლაჩურჩხლული, ჩასუქებული აფერისტების კურთხევა“, სადაც იგი მისთვის დამახასიათებელი სარკაზმითა და თითქმის ქუჩური ლექსიკით საუბრობს საქართველოს პატრიარქის ქადაგებაზე, რომელიც ემიგრანტების საქართველოში დაბრუნებას და ზოგადად ქართულ ემიგრაციას ეხებოდა.
აღნიშნულის განსაჯაროებამ მკითხველთა გაღიზიანება გამოიწვია, რის გამოც იძულებული გავხდით ფეისბუქსტატუსი მოგვეხსნა სააგენტოს ვებ-გვერდიდან.
თავს ვალდებულად ვთვლით განვაცხადოთ, რომ სააგენტოს ვებ-გვერდზე გავრცელებული ინფორმაციები ყოველთვის არ ემთხვევა ჩვენს პოზიციას, მაგრამ, იმის გათვალისწინებით, რომ საზოგადოებამ მაქსიმალურად უნდა იცოდეს ვინ რას ფიქრობს ამა თუ იმ თემაზე და რამდენად უშლის, ან უწყობს ხელს მავანის და მავანის ნააზრევი სახელმწიფოს ინტერესების წინა პლანზე წამოწევას, მიზანშეწონილად მივიჩნევთ მათ საჯაროდ გამომზეურებას. დასკვნა ყოველთვის მკითხველმა უნდა გამოიტანოს!
ამ კონკრეტულ შემთხვევაში „ივერიონი“, რა თქმა უნდა, ემიჯნება ცოტნე გამსახურდიას პატრიარქისადმი დამოკიდებულებას, მითუმეტეს, გამოხატვის იმ ფორმას, რომელითაც იგი სარგებლობს პუბლიკასთან ურთიერთობისას - თუმცა, მიგვაჩნია, რომ საზოგადოებამ ესეც უნდა იცოდეს!
სიტყვამ მოიტანა და აქვე ვიტყვით, რომ ცოტნე გამსახურდიას კომენტარები ცალკეულ თემებზე ხშირად ახლოს დგას რეალობასთან, მაგრამ კატეგორიულად მიუღებელია ჩვენთვის მისი გადმოცემის ფორმა, რომელიც ბილწსიტყვაობასთან და ქუჩურ ლექსიკონთანაა შეზავებული.
ნიშანდობლივია იმის აღნიშვნაც, რომ ეროვნული მოძრაობის სულისჩამდგმელის - ზვიად გამსახურდიას შვილობა ნამდვილად არ არის ალიბი იმისთვის, რომ საკუთარ თავს ყველაფრის უფლება მისცეს და საზოგადოებას ასეთ ენაზე ესაუბროს.
კიდევ ერთხელ ვადასტურებთ, რომ ცოტნე გამსახურდიას პოზიცია ძალიან შორს დგას ჩვენი პოზიციისგან, თუნდაც ემიგრანტებთან დაკავშირებული პრობლემების (მითუმეტეს, პატრიარქის) შეფასებისას.
„ივერიონის“ სარედაქციო ჯგუფი