ივერიონი / რატომ დატოვეს წევრებმა „პატრიოტთა ალიანსი“?

რატომ დატოვეს წევრებმა „პატრიოტთა ალიანსი“?

"პატრიოტათა ალიანსის" გურიის რაიონული ორგანიზაციის წევრებმა პარტია დატოვეს. გავრცელებული ინფორმაცია "პირველ რადიოს" გოჩა ძიმისტარაშვილმა დაუდასურა, რომელიც ამავე დროს ოზურგეთის საკრებულოს იურიდიული კომისიის თავმჯდომარეც იყო და პარტიის პარალელურად თანამდებობის დატოვებაც მოუწია. ძიმისტარაშვილი ამბობს, რომ ირმა ინაშვილის პარტიამ ის "ქართული ოცნების" კრიტიკის გამო გარიცხა, ძიმისტარაშვილის განცხადებით, ის არაერთხელ გააფრთხილეს, რომ მწვავე კრიტიკა აღარ გამოეთქვა. ძიმისტარაშვილი ამბობს, რომ მისი გაშვების შემდეგ პარტია დაახლოებით 20-მა წევრმა დატოვა. ინაშვილის გუნდის უკვე ყოფილი წევრი ახლა სავარაუდოდ კახა კუკავას პოლიტიკურ გუნდს შეუერთდება. ძიმისტარაშვილის თქმით, ამ თემაზე ბრიფინგს ის დღეს გამართავს:

 

"ქართულ ოცნებასთან" ძალიან დაახლოვდა "პატრიოტთა ალიანსი", მე ვაკრიტიკებდი ქართულ ოცნებას, როგორც ჩვეულებრივი ოპოზიციური პარტიის წარმომადგენელი , ეს არის მთავარი მიზეზი, ამათ ეს არ მოსწონდათ. გამაფრთხილეს დაანებე კრიტიკას თავი, არ შეიძლება ამდენი კრიტიკა იმიტომ, რომ ბეგი სიორიძე გახლავთ ქართული ოცნების ფრთის წარმომადგენელი ოზურგეთში, ეს არის "ნაცმოძრაობის" ყოფილი აქტივისტი და დღეს კი ქალაქის მერი, "ოცნების" სახე. ვაკრიტიკებდი მას და ოცნების ადგილობრივ ფრთას.ეს არ მოეწონათ ხელმძღვანელობას. არჩილ ლეკიშვილი არის დავით თარხან მოურავის მარჯვენა ხელი, მან მითხრა, ეს კაცი რომ ამბობს, ალბათ იცის ყველამ ხო? მაფრთხილებდნენ, რომ გაგრიცხავთ პარტიიდან დაანებეთ კრიტიკას თავი. მე ვერ დავანებებდი იმიტომ, რომ როდესაც ვხედავ უსამართლობას მის წინააღმდეგ მე უნდა გავილაშქრო, მთელი ჩემი ცხოვრება მე სულ ბრძოლაში ვარ დაწყებული აფხაზეთიდან დამთავრებული დღემდე. როგორც კი პარტიიდან გამრიცხეს, გადამაყენეს თანამდებობიდანაც, მე ვიყავი საკრებულოში იურიდიული კომისიის თავმჯდომარე, მე ამ ყველაფერს ვუკავშირებ ერთმანეთს. ჩემი ღრმა რწმენით არჩილ ლეკიშვილმა დაურეკა ადგილობრივ ხელისუფლებას, 2 დღეში შეიკრიბა ბიურო პარასკევს და ორშაბათს გადამაყენეს დაკავებული თანამდებობიდან. სარჩელი შეტანილი მაქვს სასამართლოში და ვითხოვ სამართალს. დაახლოებით 20-მა ადამიანმა ჩემი გარემოცვიდან დატოვა პარტია, შეიძლება ოფიციალურად განცხადებები არ დაუწერიათ,მაგრამ არანაირი კავშირი აღარ ექნებათ."-განაცხადა გოჩა ძიმისტარაშვილმა "პირველ რადიოსთან" გაკეთებულ კომენტარში.

 

10-06-2015, 12:40
უკან დაბრუნება