ივერიონი / რას ურჩევს ლაშა ამირეჯიბი დღევანდელ მინისტრებს?!

რას ურჩევს ლაშა ამირეჯიბი დღევანდელ მინისტრებს?!

იცით, რა მაინტერესებს? აი NDI-მ რომ ჩაატაროს გამოკითხვა თბილისის ქუჩებში: გინდათ თუ არა მინისტრობა? საინტერესოა, რამდენი დათანხმდება - ქართული პრინციპიდან გამომდინარე: თავჯდომარეობას რა უნდა, ბორჯომს მეც დავლევ და მდივანს მეც...

ვამლაშებ?

აბა გადახედეთ მთავრობას: საქმის გასაკეთებლად ცოდნა არ ყოფნით, პიარისთვის კი - ჭკუა!

ყველას არ ვგულისხმობ.

ჩემს წინა სტატია-პოსტზე ერთ-ერთმა „ფრენდმა“ ერთ-ერთ მინისტრზე მომწერა: „კარგად ვიცნობ, პატიოსანი კაციაო!

ხალხნო, პატიოსნება პროფესია არ არის, ეს ადამიანის ბ-უ-ნ-ე-ბ-რ-ი-ვ-ი თვისებაა. ეგეც გვაკლია? მე დარწმუნებული ვარ, რომ თუ ადამიანს პროფესიონალიზმი აკლია, მაგრამ ის პატიოსანია, უნდა დატოვოს თანამდებობა - სხვა შემთხვევაში ის „გაკორუფციონირდება“. ამის ბევრი მაგალითია.

პირადად რაში ვხედავ გამოსავალს? თუკი მართვა გეხერხება და ქვეყანაზე ფიქრობ, უნდა დასძლიო ამპარტავნება, რომელიც სულში გიდევს.

რატომღაც ქართველ პოლიტიკოსებსა და „კალოშებით“ ჩამოყვანილ მინისტრებს საკუთარი თავები, ზოგს რომ სულ ტყუილად აბიათ მხრებზე, ჭკუით გაძეძგილი ჰგონიათ.

ზოგ მინისტრს მინდა მივმართო: თუ მაიმცდამაინც გიძნელდებათ თბილი ადგილის დატოვება, იქნებ თქვენც მიბაძოთ თინა ხიდაშელს და კონსულტაციებს მიჰყოთ ხელი საქმის მცოდნე ადამიანებთან. როცა რამე არ იცი, უნდა იკითხო ან სულაც ისწავლო!

კითხვა სირცხვილი არ არის. ის თქვენს პრესტიჟს კი არ დაწევს - აამაღლებს!

თუ ამას ვერ ხვდები, აბა მანდ რა გესაქმება? აი, მაგალითად ანზოროვნას მამის დარიგების გარდა ცხოვრებამ და პოლიტიკურმა გამოცდილებამ ასწავლა ამგვარი მოქმედება.

პატიოსან და ერთგულ ადამიანს, შსს მინისტრს დაამშვენებდა ბ-ნ რომან გვენცაძესთან ან ბ-ნ ანზორ მაისურაძესთან კონსულტაციები. მე, რომ ვახტანგ გომელაურის ადგილზე ვიყო, ყოველგვარი ჭოჭმანის გარეშე მრჩევლებად ავიყვანდი ზემოთხსენებულ ადამიანებს.

ასევე არ აწყენდათ კონსულტაციები სხვა მინისტრებსაც. მაგალითად, განათლების მინისტრს ქ-ნ თამარ სანიკიძეს, რომელსაც განათლების სფეროსთან მანამდე მხოლოდ ფინანსურ-ბუღალტრული შეხება ჰქონია თურმე...


ამავეს მოვუწოდებ ბ-ნ დანელიას, ყოფილ პოლიციელს და ამჟამად სოფლის მეურნეობის მინსტრს. ბოდიშს ვიხდი, მაგრამ დარგში მასაჟისტებისა და ვენეროლოგების დასაქმებას სჯობს პროფესიონალები მოიძიოს საკუთარი უწყებისთვის. ასეთები, სულ ცოტა, მრჩევლებად მაინც მოიწვიოს - იქნებ რამე ხეირიანი ისწავლოს მათგან.

ფინანსისტ-ეკონომისტს ბ-ნ მირიან მჭედლიშვილს, ამჟამად საქართველოს უსაფრთხოების სამსახურის შეფს, ნამდვილად არ აწყენდა პროფესიონალი მრჩეველი, რომელიც მას ააცილებდა „საბოტაჟნიკ“ ხელქვეითებისგან 24 საათიან „ბანაობას“ - „დეზის“ მოწოდებას.

კარგი იქნებოდა, თუ ჩვენი ქვეყნის მინისტრები თინა ხიდაშელისგან პიარის ხელოვნებასაც აითვისებდენ.

დააკვირდით, უმნიშვნელო ღონისძიებასაც კი ქ-ნი მინისტრი პოზიტიურად აწვდის ტელევიზიებს, რაც ნელ ნელა მას და მის 2%-იან პარტიას გარკვეულ ქულებს უწერს!

მავანს რომ დავუჯეროთ, ჯარი შეწუხდა ასეთი საკადრო გადაწყვეტილებით. არადა, რა გააკეთა ამ პროფესიონალმა პოლიტიკოსმა? ადვილად მიხვდა, რომ მისი სამხედრო „განათლებით“ ვერაფერს გახდებოდა, შორს ვერ წავიდოდა და გადაწყვიტა ყოფილ თავდაცვის მინისტრებთან კონსულტაციების გამართვა. მხოლოდ ამჯერად საკუთარი ქურთუკით და არა ნათხოვარით! აი, ამ მდედრობითი სქესის სამხედრო მინისტრმა მაპი ყოველგვარი მიკიბ მოკიბვისა და პოლიტიკოსის პირდაპირობით მოითხოვა.

არადა, ამ ე.წ. მაპის მათხოვრობაში გაითანგა და სული გასძვრა წინა თუ ამჟამინდელ ხელისუფლებას, მაგრამ მაგიდაზე მაპის კონტურებიც კი არ მოსჩანს! თუმცა, ეს ჩემი გარჩევის დღევანდელ საგანს არ წარმოადგენს. უფრო სხვაზე მინდა გავამახვილო ყურადღება: თავის დროზე მარგარეტ ტეტჩერმა დედამიწის საპირისპირო მხარეს ფლოტი და ჯარი გაგზავნა - პაწაწინა ფოლკლენდის კუნძული რომ დაეცვა. საკუთარი მიწის დასაცავად მსოფლიოს რეაქციაც ფეხებზე დაიკიდა. გაუვიდა? გაუვიდა!!! იმიტომ, რომ მტკიცედ მოაზროვნე, საკუთარ ქვეყანაზე შეყვარებული და მის ბედზე პასუხისმგებელი იყო.

ამიტომ „რკინის ლედის“ სახელით დამკვირდა იგი ინგლისის ისტორიაში!

არ უნდა უღირდეს ქ-ნ თინას არც ერთი თანამდებობა ან პოლიტიკური წინსვლა აფხაზეთზე ადრე ნათქვამ სიტყვებად (ვიმედოვნებ, რომ ამ აზრებსაც ისევე გადააგდებს, როგორც იმ, სხვის გამონაცვალ ქურთუკს).

ახლა მინდა მივუბრუნდე ჩემთვის ძალიან მტკივნეულ საკითხს. 2%-ანი რესპების გაპირველადგილება სულაც არ წაადგება ქვეყანას, თუ მათ პოლიტიკურ კოალიციაში „დემოკრატებთან“ ერთად „ნაციონალებსაც“ ვიხილავთ. ვიმეორებ, ეს არაფრად არ წაადგება ჩვენს ქვეყანას და, არჩევნების შემთხვევაში, სერიოზულ ზიანს მიაყენებს დაკოჭლებულ „ქართულ ოცნებას“.

11-06-2015, 17:11
უკან დაბრუნება