სხვადასხვა მიზეზთა გამო ქართულ პრესას იშვიათად ვკითხულობ - შესანიშნავად ვიცი, რა „ნესტრებითაც“ არიან ისინი ნაჭხვლეტნი და დიდი ილიასი არ ოყოს, რა სარგებლობის მოტანა შეუძლიათ მათ ჩვენთვის...
ამ ორიოდე დღის წინათ ჩემმა ერთ-ერთმა მეგობარმა პოეტმა „ლიტერატურული საქართველოს“ ბოლო ნომერი მომიტანა, სამუშაო მაგიდაზე დამიდო და ერთ პატარა ინფორმაციაზე მიმითითა.
თავდაპირველად სათაურმა „კოლაუ ნადირაძის სახელობის პრემიის გამო“ ვერაფრით დამაინტერესა, მაგრამ ტექსტი ხათრის გამო ჩავიკითხე - როგორც ირკვევა, პოეტ კოლაუ ნადირაძის ოჯახის წევრები საქართველოს მწერალთა კავშირის თავმჯდომარეს რევაზ მიშველაძეს უპასუხისმგებლობაში ადანაშაულებენ: როგორ გაბედა და ოჯახთან შეუთანხმებლად დააწესა მან კოლაუ ნადირაძის სახელობის პრემია?! ისინი აპროტესტებენ მიშველაძის „უტაქტო ქმედებას“ და მოითხოვენ ოფიციალურად მოიხადოს ბოდიში და მხოლოდ ოჯახთან შეთანხმებით გასცეს პოეტის სახელობის პრემია!
დავიწყოთ იქიდან, რომ სახელობის პრემიების დაწესება თვითმიზანი არ უნდა იყოს და ვისაც როგორ მოეპრიანება, ისე არ უნდა არიგებდეს!
არავის უკვირს, რომ საქართველოში არსებობს რუსთაველის სახელობის ლიტერატურული პრემია, არც ვაჟა-ფშაველას და ნიკო ნიკოლაძის პრემიები. გვიკვირს, მაგრამ, როცა რიგითი პოეტის (მაპატიოს კოლაუ ნადირაძის სულმა) პრემიას აწესებ, უნდა დაასაბუთო, რა დამსახურების გამო ეკუთვნის მას ასეთი აღიარება, იქცა თუ არა მისი შემოქმედება ერის (მკითხველის) ჭეშმარიტ ფასეულობად?!
მე არ ვიცი, რა კრიტერიუმით ისარგებლა საქართველოს მწერალთა კავშირმა და პირადად რევაზ მიშველაძემ, როცა კოლაუ ნადირაძის პრემია დააწესა, მაგრამ ამჯერად ეს არ არის მთავარი...
გაცილებით მნიშვნელოვანია კოლაუ ნადირაძის ოჯახის რეაქცია - როგორ გაბედე და ჩვენთან შეუთანხმებლად დააწესე ეს პრემიაო!
პრეტენზია კანონიერი იქნებოდა, ვინმეს ოჯახთან შეუთანხმებლად კოლაუ ნადირაძის ლექსების კრებული გამოეცა, მაგრამ ვერაფრით ვხვდები, რატომ უნდა იწვევდეს შთამომავალთა აღშფოთებას მისი წინაპრის აღიარება?!
ცალკე საუბრის თემაა, საერთოდ უნდა დაწესდეს თუ არა კოლაუ ნადირაძის სახელობის პრემია. ამასთან გასარკვევია, რა კრიტერიუმები უნდა არსებობდეს ლიტერატურული პრემიების დასაწესებლად და ვინ უნდა ადგენდეს მას (ისე, ძალიან მაინტერესებს, რამ შთააგონა მწერალთა კავშირს აღნიშნული პრემიის დაწესება - აქ გადამწყვეტ როლს კოლაუ ნადირაძის პოეზია თამაშობს, თუ მისი შეუპოვარი ბუნება, რომლითაც იგი თანამედროვეთაგან გამორჩეული აღმოჩნდა)!
აქედან გამომდინარე, საქართველოს მწერალთა კავშირს და მის ღრმადპატივცემულ თავმჯდომარეს ამ ინიციატივას ნამდვილად არ შევუქებდი!
რაც შეეხება კოლაუ ნადირაძის ოჯახის წევრთა აღშფოთებას, ამას გარკვეულწილად უმადურობის გარდა, სხვა ბეჭედიც აზის - ჩემი ს აზით, ამის მთავარი მიზეზი საქართველოს მწერალთა კავშირსა და მწერალთა აკადემიას შორის არსებული უთანხმოება თუ ერთმანეთის მიმართ გამწვავებული (არაკოლეგიალური) დამოკიდებუელებაა, რომელიც ხანდახან ასეთი წვრილმანი ინტრიგის სახით იჩენს ხოლმე თავს!
ბატონო თამაზ (წივწივაძეს მივმართავ):
ბატონ რევაზ მიშველაძეს კოლაუ ნადირაძის ერთპიროვნულად აღიარებას ნამდვილად არ მოვუწონებ, მაგრამ არც თქვენ დაგადგამთ თავზე დაფნის გვირგვინს, რადგან ოჯახის წევრების მხრიდან „უკვამლოდ გაჩენილ ხანძარში“ სავარაუდოდ თქვენი ხელიც ურევია!
ასეთ იაფფასიანი ინტრიგებს სჯობს ჭეშმარიტი ლიტარეტურის პოპულარიზაციაზე იფიქროთ, რადგან, კიდევ ერთხელ ვიმეორებ: „ლიტერატურული საქართველო“ დღეს ნამდვილად არ არის ლიტერატურული გამოცემა!
ანდრია ლისაშვილი