საქართველოს პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა სასტუმრო "ლევილში" , სტიქიის შედეგად დაზარალებული მოსახლეობა მოინახულა, ქვეყნის პირველი პირის შეფასებით, თბილისში ორი დღის წინ მომხდარი ტრაგედია ყველასთვის გაკვეთილი უნდა იყოს. "რაღაც სერიოზული შეცდომებია დაშვებული, რომელმაც ამასთან მიგვიყვანა. საბოლოოდ, ეს არის ჩვენთვის გაკვეთილი. არ შეიძლება, ადიდდეს ერთი ხევი და 10-ზე მეტი ადამიანი დაიღუპოს, რამდენიმე ათეული კი უგზო-უკვლოდ დაიკარგოს. მსგავსი საკითხები ბოლოს და ბოლოს უნდა გადავაწყვეტინოთ პროფესიონალებს და არა პოლიტიკოსებს. მე არ უნდა ვთქვა, "ეს აქ აშენდეს ან არ აშენდეს". ბოლოს და ბოლოს უნდა ვისწავლოთ, რომ მოვუსმინოთ იმ ხალხს, ვინც ამაში სადოქტორო დაიცვა, იმუშავა, ესმის ეს საკითხი. ნამდვილად აღარ შეიძლება ასე სტიქიურად ცხოვრება – სადღაც ვიღაცამ მოინდომა და ააშენა, არ მოინდომა და არ ააშენა. ამდენი ადამიანის დაკარგვა ის გაკვეთილია, რომლითაც ბოლოს და ბოლოს უნდა მიხვდე, რომ შეეკითხო იმ ხალხს, ვისაც ესმის. პოლიტიკოსების საქმე ახლა არის ის, რომ თქვენ არ იყოთ ქუჩაში. მერე ვიფიქროთ, რანაირად გადავწყვიტოთ ეს პრობლემები, მაგრამ რაც შეეხება სად უნდა მოხდეს მშენებლობა და სად არა, ბოლოს და ბოლოს ეს უნდა გადაწყვიტოს იმ ხალხმა, ვისაც ეს ესმის", - მიმართა მარგველაშვილმა სასტუმროში მყოფებს.
„პირველირადიო“