თბილისში დატრიალებულ ტრაგედიაზე საკუთარ მოსაზრებებს გვიზიარებს სვეტიცხოვლის ტაძრის დეკანოზი პეტრე (კვარაცხელია)
- მამაო, რას მიაწერთ თბილისში დატრიალებულ სტიქიურ უბედურაბას, თუ არა ღვთის სასჯელს, როცა, პარალელურად, რამდენიმე დგეა სასულიერო პირები ID ბარათების დაკანონების საწინააგმდეგო აქციას მართავენ?
-ყველაფერი ღვთის ნებით, ან ღვთის დაშვებით ხდება - ის, რაც მოხდა, ჯერ შეუცნობელია მთელი სისრულით. გავა დრო და მეტად მივხვდებით, რამხელა ტრაგედია დაგვატყდა თავს.
ღმერთს არ სურს არცერთი ადამიანის დასჯა და განადგურება - არასწორი ცხოვრებით და დამახინჯებული ქრისტიანობით თავად ვისჯებით.
სტიქიამ ქალაქი წალეკა, უარესმა შინაგანმა სტიქიამ კი ე.წ. ინტელექტებში და მოჩვენებით მართლმადიდებლებში აქამდე ჯებირებს მიღმა დაგროვილი აგრესია გამოავლინა და საკუთარი ცხოვრებით უკმაყოფილოებმა შურს და ბოღმას რეალიზება მისცეს. როგორი დამნაშავეც არ უნდა ვიყოთ, სასჯელისთვის და შურისძიებისთვის ერთმანეთი არ უნდა გავწიროთ. ვერასდროს დავიჯერებ იმას, მე თუ გადავრჩი, ნაკლებად ცოდვილი ვარ, ვიდრე ის, ვისაც დღემდე ვერ პოულობენ... ვურჩევ, ყველამ თავი შეიკავოს და პირდაპირ თუ ირიბ წყევლას მოეშვას!..
ბევრისგან მოვისმინე -„ჯერ სად ხართ, მეორედ მოსვლა ახლოვდება, უარესი მოხდება"-ო... სტიქიაზე მეტი უბედურება, ასეთი მძიმე სულიერი მდგომარეობაა.
მეორედ მოსვლამდე, სჯობს ერთმანეთი არ დავხოცოთ და მეწყერს გავატანოთ ადგილ-სამყოფელი. სასურველია, ყველა საკუთარ ჩაკირულ ცოდვებს ჩაუღრმავდეს და თავი ანებოს სხვისი ნაბიჯების თვალთვალს - ვინ როდის ჩაიძირება!
უბედურებასთან ერთად უდიდესი ბედნიერებაც ვიგრძენი... ამდენი ხელებაკაპიწებული ახალგაზრდობა ერთად ალბათ არც მინახავს - სრულიად უანგაროდ, უსახელოდ და დაუფიქრებლად ნიჩბებით გარბოდნენ გმირთა მოედნისკენ... ეს ადგილი ჩემთვის ნამდვილად გმირთა მოედნად იქცა... 15-20 წლის გოგო-ბიჭები, ჭეშმარიტად უსახელო გმირები არიან. ეს არის ნამდვილი ღვთის მსახურება და არა, ღმერთის სახელით ადამიანების დაშინება...
წმინდა იოანე ოქროპირი ბრძანებს-,,ვინც თვლის ცოდვილი თავის ცოდვების გამო ისჯება, ის უარესად სცოდავსო"...
- რას გულისხმობთ, როცა თბილისს მგლებში ჩაძირულ და წყალწაღებულთა ქალაქს უწოდებთ?
- მგელი არ არის საშიში. ამ მტაცებელ ცხოველს, ველური, მაგრამ თავისი კანონები გააჩნია, რაც ხშირად ადამიანურ მიდგომებზე მაღლა დგას. ,,ადამიანი ადამიანისთვის მგელია".
ყირგიზი მწერლის - ჩინგის აითმათოვის ,,საქონდაქრე" მქონდა მხედველობაში - ადამიანის სახის მქონე ცხოველი უფრო საშიშია, ვიდრე ოთხფეხა ველური. ადამიანის გაველურებული ბუნება უფრო გვაზარალებს, ვიდრე გალიიდან გამოქცეული მხეცი!
სავალალო უკიდურესობა გვახასიათებს. თუ ვინმე წარმატებული და ბედნიერია, გამძვინვარებულები არ ვაშორებთ შურის თვალებს. სამაგიეროდ, თუ მუხლზე დავარდა, გვერდიდან არ ვშორდებით, თავდადებულადაც ვეხმარებით, მაგრამ ეს ყველაფერი არაგულწრფელია. ვაღიაროთ, რომ გვიყვარს წაქცეულთან თავზე დგომა. სანამ წყალმა მართლა არ წაგვიღო, მანამდე ვერ მივხვდით ერთმანეთის ფასს. ღმერთმა ქნას, მერე მაინც მივხვდეთ!..
- მამაო, ხშირად ახსენებთ გემოთმოყვარეობას, უცოდინრობას, კორუფციას, სიცრუესა და განუკითხაობას, რომლებმაც მკაცრად გაგვაშიშვლა ღვთის წინაშე. სად ხედავთ ყოველივე ზემოჩამოთვლილს და როგორ შეიძლება ვებრძოლოთ ამ უმსგავსობებს?
- ჩვენ არ ვუვლით არაფერს ღირებულს. ფლორა და ფაუნა კი არა, ადამიანები შევიძულეთ. ბუნება ჩვენი სულის ორგანული ნაწილია. მასზე ვართ მიბმული უხილავი ძაფებით. მთები, მდინარეები, ტბები, ხეები ჩვენი ფილტვებია. რამდენადაც სუფთაა გარემო, იმდენად სუფთაა ჩვენი სუნთქვის ორგანოები. რამდენჯერ მინახავს, ავტომობილის ფანჯრიდან მოქნეული ნაგვის პარკი, უსაფუძვლოდ გაჩეხილი ტყეები, სანაგვედ ქცეული ტბები. მომლოცველების სახელით გაკეთებული ეს ვანდალიზმი, ხელს უწყობს დღევანდელ ტრაგედიას.
- თქვენი ფეისბუქსტატუსები ზოგიერთისთვის მიუღებელი აღმოჩნდა და ლაფის სროლაც არ დაგკლებიათ. რას ურჩევდით მრევლს სასულიერო პირებთან ურთიერთობისას?
განსხვავებული აზრი უნდა არსებობდეს. სულაც არ ვთვლი, რომ ყოველთვის მართალი ვარ და ყველა ჩემი შეხედულება გაითვალისწინონ, მაგრამ ამხელა აგრესია და კონტექსტიდან ამოვარდნა, ეჭვს მაძლევს, რომ უმეტესად მართალი ვარ. საზოგადოება გადაეჩვია ჯანსაღ კრიტიკას, მსჯელობას და სხვისი აზრის მოსმენას. ზოგიერთს ჰგონია, თუ სასულიერო პირი ხარ, მარტო საცეცხლური უნდა აქნიო. ძალიან დიდი ბოდიში, მაგრამ ღვთის მსახურება, მარტო საცეცხლურის ქნევა როდია. ვერასდროს შევეგუები უსამართლობას, ვერასდროს მივიღებ იმას, რასაც არ ვეთანხმები. არ მიყვარს ზომბირებული მდგომარეობა, საკუთარი სისუსტეების და შეცდომების მუდამ გამართლება და სხვისი სიძლიერის დაწუნება, ან უბრალოდ ქილიკი. ვინც მაკრიტიკებს, ხშირად მგონია უფრო მოსწონს ჩემი მოსაზრებები, ვიდრე მას, ვინც დუმილს ამჯობინებს.
- საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია II-მ თბილისის ზოოპარკი დაწყევლილ ტერიტორიად მოიხსენია, რომელსაც საზოგადოებაში მოწინააღმდეგენი გამოუჩნდნენ. ეთანხმებით თუ არა მის აზრს?
ისედაც გაორებული საზოგადოება, უარესად დაიბნა. თუ ვინმეს გული ეტკინა და განიცადა ჩვენი ამჟამინდელი მდგომარეობა - პირველი მისი უწმინდესობაა, რომელსაც არავისგან ესწავლება არც ქრისტიანობა, არც ჰუმანიზმი და არც ადამიანების დახმარება. ვისაც პირადად ჰქონია მასთან შეხვედრა, ყველა დამეთანხმება როგორი მშობლიური და ყურადღებიანია. ვეთანხმები იმაში, რომ განსაცდელები ჩვენი უღმერთო ცხოვრების ბრალია, მაგრამ ბოლომდე ვერ ჩავწვდი მის ნათქვამს. ვერ ვხვდები ბოლომდე, ღმერთს რატომ დასჭირდა ამხელა მსხვერპლი?! უნიჭოდ დაგებულ გზებს და არასწორად გაყვანილ არხებს, არ მინდა ღვთის რისხვას ვაბრალებდეთ.
მსგავსი ლოგიკით მეწყერს არა მხოლოდ ზოოპარკი, პარლამენტის ყოფილი შენობა, ბარი ,,გალერი" და ,,შანგრილას" მიმდებარე ტერიტორიაც უნდა წაეღო, რადგან, პარლამენტის შენობა ტაძრის საძირკველზე დგას, რუსთაველზე, სადაც დღეს ბარია, ადრე საღმრთო ლიტურგია მიმდინარეობდა. მართლა გულწრფელად მაინტერესებს - ეს ადგილები როგორ გადარჩა?!
ცხოვრება მდინარე ვერესთან ერთად ისევ წავა თავის კალაპოტით, თბილისიც განახლდება, ზოოპარკიდან გამოქცეულ ცხოველებსაც და რკინის მავთულებზე სარეცხივით გადაკიდებულ უმწეო გოგონების სიფრიფანა სხეულებსაც მიივიწყებენ, მაგრამ მთავარია, რას ვისწავლით ამ უბედურებისგან?!
ესაუბრა ია ჯგარკავა