ივერიონი / კიდევ ერთი ვანდალიზმი, ანუ დღევანდელი ხელისუფლება აშკარად მისი წინამორბედის მმართველობის სტილს აგრძელებს!

კიდევ ერთი ვანდალიზმი, ანუ დღევანდელი ხელისუფლება აშკარად მისი წინამორბედის მმართველობის სტილს აგრძელებს!

"სახალხო პარტიის“ განცხადება

საქართველოში ძეგლების აღება-აფეთქებების განუკითხავი ეპოქა გრძელდება. როგორც ჩანს, ხელისუფლება ძეგლების პოლიტიკური, კორპორატიული თუ პირადი მიზნებით აღებაზე უფრო ფიქრობს, ვიდრე, ქვეყანაში არსებული რეალური პრობლემების მოგვარებაზე.

მთელი საქართველო შეძრულია თბილისში დატრიალებულ ტრაგედიით, ხელისუფლებამ მოსალოდნელი წყალდიდობით გამოწვეული მსხვერპლის აცილების პრევენციული ღონისძიებების გატარების ნაცვლად, მოიცალა და გადადგა მორიგი უგუნური ნაბიჯი _ პარტიზანული მეთოდით აიღო ეროვნული მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერის, ტერორისტული აქტის დროს ჩაცხრილული გიორგი ჭანტურიას ძეგლი.

ახალი ხელისუფლების მოსვლისთანავე ,,სახალხო პარტიამ“ მიმართა პროკურატურას, დაეწყო გიორგი ჭანტურიაზე განხორციელებული ტერორისტული აქტის თაროზე შემოდებული საქმის გამოძიება. ამ საქმის ობიექტური გამოძიება, არა მარტო ამხელდა ასეთი არაადამიანური და ქართული სახელმწიფოს წინააღმდეგ მიმართული დანაშაულის ჩამდენ პირთა რეალურ ზრახვებსა და მათზე ხელის დამფარებელ სააკაშვილის რეჟიმის ბინძურ პოლიტიკურ ინტერესებს, არამედ, ნათელი გახდებოდა, თუ რას უმზადებს მტერი საქართველოს!

პროკურატურამ სამარცხვინო განმარტებით უარი თქვა საქმის წარმოებაზე. ამით ახალმა ხელისუფლებამ გააგრძელა წინამორბედის გზა - წინამორბედს კი არ აწყობდა ეროვნული მოძრაობის ღირსეული ლიდერების ხსენებაც კი, რადგან, იმ დროს მათი პიროვნული პოლიტიკური ბიოგრაფია მინიმუმ არ არსებობდა და მაქსიმუმ საბჭოთა-ათეისტური დესპოტური რეჟიმის მსახურებას მოიცავდა.

როგორც ჩანს, იგივე კომპლექსები “ტანჯავს” ,,ოცნების“ ხელისუფლებასაც _ ეროვნული ხედვები, ღირებულებები და საქმეები დღესაც სერიოზულ დისკომფორტს უქმნის პოლიტელიტას და მათ სატელიტებს!..

აკუთარი ისტორიის სხვების მიჩქმალვით შექმნა (რასაც მაინც ვერ მოახერხებთ), მხოლოდ პატარა კაცობის გამოვლინებაა! იმ სხვების მაგალითზე საკუთარი ცხოვრება-მოღვაწეობით უნდა დაიმკვიდროთ თავი! თუ რამ არ მოგწონთ მათი, უკეთესად თქვენ გააკეთეთ - მათ ეს მხოლოდ გაუხარდებოდათ!

გვესმის, რომ სიცოცხლის სამშობლოსთვის მიძღვნა ყველას არ ძალუძს, მაგრამ სხვისი თავგანწირვის აღნიშვნა და ბრძოლაში დაღუპულთა ხსოვნის უკვდავყოფა ყველასთვის, ვისაც ოდნავ მაინც ქართულად უძგერს გული, შინაგანი მოთხოვნილება და ვალდებულება უნდა იყოს!

პოლიტიკურ მოტივაციასთან ერთად, უნდა აღინიშნოს, რომ გიორგი ჭანტურიას ძეგლის აღება არ იყო შეთანხმებული არც ოჯახთან და არც დისკუსია გამართულა ამ თემაზე საზოგადოების მონაწილეობით. განსაკუთრებით სამარცხვინოა პროტესტის ჩაკარგვის იმედით ძეგლის აღებისთვის შერჩეული დრო და ფორმა!..

,,სახალხო პარტია“-ს მიაჩნია, რომ ხელისუფლება წინა რეჟიმის მიერ დატოვებული “ნაღმების” გაუვნებელყოფასა და მისი არაადამიანური და ანტიდემოკრატიული მართვის სისტემის დემონტაჟს უნდა ცდილობდეს და არა ხალხისგან უარყოფილი დანაშაულებრივი სისტემის მექანიზმების ცხოვრებაში გამოყენებას. სამწუხაროა, რომ "ქართული ოცნება" “ნაცმოძრაობის” გზას ადგას, რის გამოც მათი “მოღვაწეობაც” აუცილებლად წინამორბედის მსგავსად დამთავრდება!..

ღია განხილვისა და შესაბამისი საჯარო ნორმატიული აქტის გარეშე ძეგლების დადგმა-აღება წინა ხელისუფლების მმართველობის სტილის გაგრძელების კიდევ ერთი ნათელი მაგალითია. ეს ქმედება კი ფასდება ვანდალიზმად და ნუ გგონიათ, რომ საქართველოში არ მოვა დრო, როდესაც პროკურატურა დაინტერესდება თქვენი ქმედებებით!

საქართველოს „სახალხო პარტია“
 

17-06-2015, 12:14
უკან დაბრუნება