არა მგონია გუშინ კანცელარიასთან ასე ოპერატიულად „ნაციონალებს“ მიეყვანა ის ახალგაზრდები. ვფიქრობ, არ უნდა ეთქვა ეს ღარიბაშვილს წუხელ მთავრობის სხდომაზე, უბრალოდ, არ იყო ლამაზი!
ეს ახალგაზრდობა თავისი სინდისის და სურვილის გამო რომ მივიდა ტრაგედიის ადგილას, ალალად მუშაობს და იქიდან ფეხს არ იცვლის, სწორედ ამ ტრაგედიამ დარაზმა, გააერთიანა და საკუთარი ძალებისა და შესაძლებლობების რწმენა განუმტკიცა!
ამ ახალგაზრდობამ აჩვენა დედებს და მამებს, ღირსების, ვაჟკაცობის, გნებავთ რაინდობის მაგალითი! როცა „პოლიტდედები და მამები“ ამ უბედურების დროსაც კი ცდილობენ ერთმანეთი ლაფში ამოსვარონ (პოლიტიკურ ლაფს ვგულისხმობ) ჩვენი ღირსეული ახალგაზრდობა, ჩუმად, თავდახრლი, ხმაურისა და პიარის გარეშე ებრძვის ღორღს, ტალახს და ჭუჭყს!
13 მაისის ღამეს, როცა „დედები და მამები“ დაიბნენ, თავი ვერაფერს მოაბეს, ახალგაზრდობა ეკვეთა მოვარდნილ ღვარცოფს და ბევრი განწირული ადამიანის სიცოცხლე იხსნა! ნახეთ 13 ივნისის ღამეს და შემდეგ გადაღებული ვიდეოები, ნახეთ ყურადღებით და გული სიამაყით აგევსებათ, ჩვენ ქვეყანას, თურმე რამდენი ღირსეული გოგოები და ბიჭები ყოლია!
ამიტომ, დიდებო, ასაკით და თანამდებობით დიდებო, გთხოვთ პატივით მოეპყრათ ჩვენ ღირსეულ ახალგაზრდობას და ნუ შეეცდებით მათ ჩათრევას თქვენ ბინძურ პოლიტიკურ თამაშებში, თორემ ეს გოგონები და ბიჭები ჯერ ბოლომდე მიხედავენ იმ საქმეს რასაც ხელი მოკიდეს და დამერწმუნეთ, მერე თქვენთვისაც მოიცლიან და თქვენც მოგხედავენ „თუ წესიერად არ მოიქცევით“! ეს ეხება ყველას, აბსოლუტურად ყველას!
მე ქედს ვიხრი თქვენს წინაშე საქართველოს „მანანებო“ თვალხატულა გოგონებო და დავითის სისხლის მატარებელო ვაჟკაცებო!
თამაზ ჭეიშვილი