ბათუმში 16 ივნისს გამართული კონცერტისა და ვარსკვლავების გახსნის გამო ვიცე სპიკერი მურმან დუმბაძე აჭარის მთავრობის მეთაურის გადადგომას ითხოვს. მურმან დუმბაძე მიმართავს პრემიერ-მინისტრს, არჩილ ხაბაძე თანამდებობიდან გაათავისუფლოს. როგორც დუმბაძე აცხადებს, ხაბაძეს თანამდებობაზე დარჩენის მორალური უფლება აღარ აქვს და ასეთი კადრის შერჩევისთვის პასუხისმგებელი თავად პრემიერ-მინისტრია.
"მასთან დაკავშირებით არაერთი განცხადება მაქვს გაკეთებული. ახლაც ვიმეორებ, რომ მეშვიდე კლასის შემდეგ ეს ახალგაზრდა არ განვითარებულა. ახლა მაინტერესებს, რას ითხოვთ მისგან? ყველაზე დიდი უბედურება ის გახლავთ, რომ ეს კაცი ბიძინა ივანიშვილს და ირაკლი ღარიბაშვილს მოსწონთ. რაც შეეხება 16 ივნისს გამართულ კონცერტს. ეს არის სამარცხვინო ამბავი, მთელი ქვეყანა გლოვობს და რა დროს ვარსკვლავის გახსნაა. ის ადამიანები ვისაც ვარსკვლავი გაუხსნენს ამას ნამდვილად იმსახურებდნენ, მაგრამ ხომ უნდა გაითვალისწინო რა ხდება ქვეყანაში? ვარსკვლავის გახსნა ასეთ დროს უნდა გადადო. ეს რომ გააკეთო გონება უნდა გქონდეს. ხაბაძის ჭკუაზე კი უკვე მოგახსენეთ" აცხადებს მურმან დუმბაძე "ახალ თაობასთან" საუბარში.