ივერიონი / განგაშის სისტემა, რომელსაც მხოლოდ კომუნისტები იყენებდნენ-რატომ ვერ უზრუნველყოფს ხელისუფლება ადამიანების უსაფრთხოებას?

განგაშის სისტემა, რომელსაც მხოლოდ კომუნისტები იყენებდნენ-რატომ ვერ უზრუნველყოფს ხელისუფლება ადამიანების უსაფრთხოებას?

ზუსტად 2 კვირის წინ, უხვი ნალექის მოსვლის შედეგად, ადიდებულმა მდინარე ვერემ, ბიზნესმენ თამაზ ელიზბარაშვილის ცხოველთა თავშესაფარი დატბორა. შედეგად, რამდენიმე ათეული ძაღლი დაიხრჩო. სპეციალისტების განმარტებით, ეს საკმარისი მიზეზი უნდა გამხდარიყო ხელისუფლებისთვის, რომ უხვი ნალექების პერიოდში მაინც, შესაბამისი პრევენციული ზომებისთვის მიემართა. მათ შორის, გეოლოგიური პროცესების შესწავლა დაეწყოთ, ან მოსახლეობა გაეფრთხილებინათ, რომ უხვი ნალექის შემთხვევაში მდინარე ვერე შესაძლებელი იყო ისევ ადიდებულიყო. ან თუნდაც რეკომენდაცია მიეცათ ამ ხეობის მაცხოვრებლებისთვის, განმეორებითი წვიმის შემთხვევაში როგორ მოქცეულიყვნენ. 

 

სამწუხაროდ, მოსახლეობა მოსალოდნელი საფრთხის შესახებ არავის გაუფრთხილებია. 

შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე ჩნდება ლოგიკური შეკითხვა - რატომ არ გაითვალისწინა მთავრობამ ორი კვირის წინ მომხდარი ფაქტი და არ გაატარა პრევენციული ზომები? სინოპტიკოსები ივნისში უხვი ნალექის მოსვლას ჯერ კიდევ ერთი თვით ადრე პროგნოზირებდნენ. შესაბამისად, ამინდის გაუარესების შესახებ ინფორმაცია წინასწარ არსებობდა. სახეზე იყო ელიზბარაშვილის ცხოველთა თავშესაფარის შემთხვევა, რომ არაფერი ვთქვათ სპეციალისტების გამუდმებით გაფრთხილებაზე, რომ ვერეს მარჯვენა ფერდობი მეწყერსაშიში ზონაა და სტიქიის დროს სავალალო შედეგი გამორიცხული არ არის. მეტიც, ამ დრომდე შესწავლილი არ არის მთის ფერდობი, სადაც ბეთანია-წყნეთის დამაკავშირებელ გზაზე მეწყერი ჩამოწვა. უხვი ნალექის შემთხვევაში, სპეციალისტები განმეორებით სტიქიას არ გამორიცხავენ. ადამიანები, რომლებიც მეწყერის შედეგად დაზიანებულ მონაკვეთს წმენდენ, აცხადებენ, რომ მინისტრის ბრძანების თანახმად, აღნიშნული ტერიტორია მაშინვე უნდა დატოვონ, როგორც კი წვიმის პირველი წვეთი დაეცემათ?! ეს კი სრული დაუცველობის და უსუსურობის განცდას კიდევ უფრო ამძაფრებს. იქმნება შთაბეჭდილება, რომ ხელისუფლება ადამიანების უსაფრთხოებას ვერ უზრუნველყოფს. 

 

სპეციალისტების თქმით, სტიქიური მოვლენების დროს, მოსალოდნელი საფრთხის თავიდან აცილების მიზნით, განგაშის სისტემა უნდა ჩაირთოს. როგორც BPN.GE-სთან საუბარში გარემოს დაცვის ყოფილი მინისტრი ნინო ჩხობაძე ამბობს, ჯერ კიდევ საბჭოთა კავშირის დროს მდინარეების - მტკვირსა და ვერეს ხეობაში განგაშის სისტემა ფუნქციონირებდა. 

 

"ჩემი მინისტრობის დროს ეს სისტემა უკვე მოშლილი იყო. თუმცა, ჩემ მიერ გამოცემული ბრძანების თანახმად, ქალაქს ჰყავდა სპეციალური სამსახური, რომელსაც შესაბამისი უფლებამოსილება ჰქონდა, გამოეცხადებინა განგაში. რა თქმა უნდა, ყველა მდინარესთან განგაშის სისტემა ვერ იქნება, მაგრამ მდინარე მტკვრისა და ვერეს შემთხვევაში ეს სისტემა არსებობდა. არსებობდა დახურული გეგმა, ასეთ დროს ვის, როგორ უნდა ემოქმედა. ვერესთან დაკავშირებით ეს სისტემა არსებობდა, რადგან 60-იან წლებში იქ წყალდიდობა მოხდა. ზემოთ ჰიდროლოგიური სადგური იყო, რომელიც პერიოდულად წყლის დონეს ზომავდა. 1962 წლიდან მოყოლებული, ეს ერთიან სისტემაში იყო ჩართული. შესაბამისად, სწორედ ეს სადგური მოსალოდნელი საფრთხის შესახებ ინფორმაციას გასცემდა. ზოგადად, ვერეს ხეობა გეოლოგიურად საშიშ ზონას მიეკუთვნება, იქ დასახლება დაუშვებელია. თუმცა, 2009 წლიდან მშენებლობების ნებართვების გაცემა დაიწყეს. იქამდეც ვიღაც-ვიღაცეები პატარა-პატარა სახლებს აშენებდნენ, რაც უკანონო იყო. ამ პროცესს შევეწინააღმდეგეთ და ვამბობდით, რომ იქ, სადაც მდინარის კალაპოტია, ჭალაა, მშენებლობა არ შეიძლება. ვერე მთის მდინარეა და შეიძლება ადიდდეს", - ამბობს ნინო ჩხობაძე. მისივე თქმით, სტიქიის შემდეგ, წყნეთი-ბეთანიის დამაკავშირებელ გზაზე, იქ, სადაც მეწყერის ჩამოწვა, გარემოს სამინისტრო მკაცრ მონიტორინგს აწარმოებს. 

 

მომხდარი სტიქია ქალაქს დიდხანს ემახსოვრება. ახლა მთავარია, რომ მომავალში მსგავსი ტრაგედიის თავიდან არიდება შევძლოთ, ამისთვის კი ხელისუფლებამ ყველა შესაძლებლობა უნდა გამოიყენოს. 

წყარო: „bpn.ge“

 

20-06-2015, 14:29
უკან დაბრუნება