ივერიონი / ცისანა ტატიშვილის ბენეფისი, 13 ივნისს თბილისში ტრაგედიის დროს დაღუპულთა ხსოვნას მიეძღვნება

ცისანა ტატიშვილის ბენეფისი, 13 ივნისს თბილისში ტრაგედიის დროს დაღუპულთა ხსოვნას მიეძღვნება

30 ივნისს, ბათუმის ხელოვნების ცენტრში, ლეგენდარული ცისანა ტატიშვილის ბენეფისი, 13 ივნისს თბილისში ტრაგედიის დროს დაღუპულთა ხსოვნას მიეძღვნება.

ბათუმის სახელმწიფო მუსიკალური ცენტრის თანამშრომლები 13 ივნისს თბილისის ტრაგედიის შედეგად დაზარალებულთა დასახმარებელ აქციაში უკვე მერამდენე დღეა ჩართულები არიან. უსახლ-კაროდ დარჩენილი ოჯახებისთვის შეაგროვეს ტანსაცმელი, პირველადი დახმარების სხვა აუცილებელი  ნივთები. მუსიკალური ცენტრის თანამშრომლებმა გადაწყვიტეს დაზარალებულებს ფინანსურადაც დახმარებოდნენ და ხელფასიდან თანხაც გაიღეს. ბათუმის სახელმწიფო მუსიკალური ცენტრი სხვა მხარდასაჭერ აქციებსაც გეგმავს.

 

30 ივნისს, მსოფლიო ოპერის ქართველი დივას ცისანა ტატიშვილის ბენეფისიც სწორედ  ტრაგედიის დროს დაღუპულთა ხსოვნას მიეძღვნება. შენობის ფოიეში სპეციალურად განთავსებულია  ყულაბები და საზოგადოებას საშუალება მიეცემა, 13 ივნისს სტიქიის  შედეგად დაზარალებულ ოჯახებს დაეხმარონ. ლეგენდარული პრიმადონა ბათუმს 29 ივნისს ეწვევა და 30 ივნისს, 19:00 საათზე, ბათუმის ხელოვნების მუსიკალურ ცენტრში დაგეგმილ ბენეფისს პირადად დაესწრება. 

 

პრიმადონას სურვილით, ეს საღამო ტრაგედიის დროს დაღუპულთა ხსოვნას მიეძღვნება, რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ ბათუმისა და თბილისის საოპერო დასების სოლისტები-ირაკლი კახიძე, ინგა ჯახუტაშვილი, ირინა ალექსიძე, არმაზ დარაშვილი, სულხან ჯაიანი, ნონა კორიფაძე და სხვები. სპეციალური სტუმარი, ევროპაში მოღვაწე ქართველი საოპერო ვარსკვლავი ნანა ქავთარაშვილი (მირიანი). ბათუმის მუსიკალური ცენტრის სიმფონიურ ორკესტრს და კაპელას უდირიჟორებს ზაზა აზმაიფარაშვილი. 

ქართული ოპერის სიმბოლო, ლეგენდარული საოპერო დივა  ცისანა ტატიშვილი რ. შტრაუსის "სალომე"-ს პირველი შემსრულებელია ყოფილ საბჭოთა კავშირში. იგი, ასევე სალომეას შემსრულებელთა მსოფლიოს საუკეთესო სამეულშია შესული მონსერატ კაბალიესთან და ბირგიტ ნილსონთან ერთად. ცისანა ტატიშვილი არის შოთა რუსთაველისა და ზაქარია ფალიაშვილის სახელობის სახელმწიფო პრემიების, ასევე ზურაბ ანჯაფარიძის სახელობის პრემიის ლაურეატი, ბრწყინვალების საპრეზიდენტო ორდენის კავალერი, ღირსების ორდენოსანი, საქართველოსა და საბჭოთა კავშირის სახალხო არტისტი, თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის ვოკალური კათედრის პროფესორი, შვეიცერის საპატიო ორდენის კავალერი, ჰუმანიტარული აკადემიის აკადემიკოსი, ქ.თბილისის საპატიო მოქალაქე. 

 

ქალბატონ ცისანა ტატიშვილს ევროპის პრესტიჟულ სცენებზე-მოსკოვში (დიდი თეატრი), პეტერბურგში (მარინის თეატრი), ვილნიუსში, რიგაში, კიშინოვში, კიევში, მინსკში, სოფიაში, ბუდაპეშტში, ვარშავაში, ბერლინში(კომიშე ოპერა, დოიჩე ოპერა), ბონში, მიუნჰენში, კიოლნში, ბაზელში, ათენში, ლისაბონში, ლონდონში, პრაღაში, ვენაში, რომში, ბუსეტოში,  შესრულებული აქვს როგორც სოპრანოს, ისე მეცო-სოპრანოს წამყვანი პარტიები ოპერებში:- ჯ. ვერდი "აიდა" (აიდა, ამნერისი), "ოტელო"- (დეზდემონა), "ტრუბადური"- (ლეონორა), "ბალ მასკარადი"- (ამელია), ,,დონ კარლოსი"- (ელიზავეტა, ებოლი), მოცარტი-" დონ ჟუანი"- (დონა ანნა), მასკანი- "სოფლის პატიოსნება"- (სანტუცა), შტრაუსი- "სალომე" –(სალომე), ვაგნერი- "მფრინავი ჰოლანდიელი", "ლოენგრინი"- (სენტა, ჰერტრუდა), პ. ჩაიკოვსკი-"პიკის ქალი"-(ლიზა), ჯ. ვერდი "რექვიემი",ზ. ფალიაშვილი "აბესალომ და ეთერი", "დაისი"-(ეთერი, მარო), ჯ. პუჩინი "ჯანის კიკი"-(ლაურეტა), ჟ. ბიზე "კარმენი"- (კარმენი), ჯ. ვერდი "მაკბეტი", "ნაბუქო"-(ლედი კაბეტი, აბიგაელი) და  ტრიუმფალური გამოსვლებით, აღიარება მოუტანა ქართულ საოპერო ხელოვნებას, სრულიად საქართველოს. 

 

38- წლიანი შემოქმედებითი კარიერის განმავლობაში, მრავალჯერ შესთავაზეს ევროპის მოწინავე საოპერო თეატრებში გადასვლა და დარჩენა, მაგრამ პატრიოტმა მომღერალმა უარი თქვა ყველა მნიშვნელოვან წინადადებაზე და ბოლომდე თავისი სამშობლოს, თბილისის ერთგული დარჩა... 

 

ცისანა ტატიშვილის სახელობის ვარსკვლავი თბილისის ოპერის წინ 2010 წელს გაიხსნა ნოდარ ანდღულაძისა და პაატა ბურჭულაძის სახელობითი ვარსკვლავების გვერდით. პრიმადონას სურვილით ეს საღამო ტრაგედიის დროს დაღუპულთა ხსოვნას მიეძღვნება. ღონისძიების ორგანიზატორები არიან ზ. ანჯაფარიძის სახელობის ბათუმის საოპერო სტუდია და ბათუმის სახელმწიფო მუსიკალური ცენტრი.

25-06-2015, 10:48
უკან დაბრუნება