არსებობს გამოთქმა: ჩვენი წინაპრები ბავშვს კოკით ხელში წყაროზე რომ აგზავნიდნენ, თურმე წინასწარ სცემდნენ, რომ კოკა არ გაეტეხა. რამდენად ჰუმანურია ეს საქციელი, სხვა საკითხია, მაგრამ, ეტყობა მაშინ კარგად „მუშაობდა“!
თანამედროვე ტერმინოლოგიით ასეთ ქმედებას პრევენცია ჰქვია და მას დანაშაულის თავიდან ასაცილებლად იყენებენ ხოლმე!
დღეს თითქმის მთელი მსოფლიოს ყურადღება მიპყრობილია ამერიკისკენ, სადაც ბარაკ ობამას საკმაოდ თამამ გადაწყვეტილებას ზეიმობენ.
რა ჩვენი საქმეა, რა მორალური კრიტერიუმებით იცხოვრებს ამერიკა და ვის ვისთან დააწყვილებს, რომ არა ჯონ კერის მუქარა-განცხადება, რომ ამერიკა ყველანაირად შეეცდება მთელი მსოფლიოში დააკანონოს ერთსქესიანთა ქორწინება!
საზოგადოებაში გაჩნდა საფუძვლიანი ეჭვი, რომ ამერიკის მიერ ხელდასხმული საქართველოს ხელისუფლება თავიანთი პატრონების ზეწოლით ხომ არ მოახდენს ერთსქესიანთა ქორწინების შესახებ კანონპროექტის ინიცირებას, საიდანაც დაკანონებამდე მხოლოდ ერთი ნაბიჯია?!
სხვათაშორის, „მოსამზადებელი“ სამუშაოები უკვე დაწყებულია! გრანტიჭამია ასო-ები (არასამთავრობო ორგანიზაციები), რომელთა მისია ანტიქართული, ანტიეროვნული სულისკვეთების პროპაგანდა და პრაქტიკაში დამკვიდრებაა, ღიად აფიქსირებენ პოზიტიურ დამოკიდებულებას ობამას გადაწყვეტილების მიმართ და გვმოძღვრავენ, რომ ეს ნაბიჯი ხელს უწყობს სექსუალურ უმცირესობათა წარმომადგენლების უფლებათა დაცვას და მიზანშეწონილად მიიჩნევენ იგივეს გაკეთებას საქართველოში.
განსაკუთრებით აქტიურობენ საია-ს თავმჯდომარე ანა ნაცვლიშვილი და „ცნობილი უფლებადამცველი“ ეკა გიგაური. ისინი ღიად აკრიტიკებენ საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებას, სადაც იგი კონსტიტუციაში ოჯახის, როგორც ქალისა და მამაკაცის ერთობის დაფიქსირებაზე საუბრობს.
გულისამრევია მათი არგუმენტები, რომ ოჯახი ორი ადამიანის ერთობაა და მნიშვნელობა არ უნდა ჰქონდეს ერთსქესიანები იქნებიან ისინი თუ განსხვავებული სქესის წარმომადგენლები.
მათ ნაკლებად აინტერესებთ ქართული მართლმადიდებელი ეკლესიის პოზიცია, რომელიც ერთი სქესის წარმომადგენელთა ქორწინებას დაუშვებლად (სასიკვდილო ცოდვად) მიიჩნევს. ლიბერალ-რუპორების თავხედობა იქამდეც მიდის, რომ ისინი ეკლესიის სამართლიან პოზიციას კერძო მოსაზრებად ასაღებენ, რომელსაც ხელისუფლებამ ანგარიში არ უნდა გაუწიოს!
მიუხედავად იმისა, რომ საპარლამენტო უმრავლესობას აღნიშნულთან დაკავშირებით ოფიციალური პოზიცია არ დაუფიქსირებია, „რესპუბლიკელი“ თამარ კორძაია საკუთარი თანამოაზრეების პოზიციას აფიქსირებს და დაუშვებლად მიიჩნევს კონსტიტუციაში ოჯახის დეფინიციის მკაცრად განსაზღვრას, რითაც აღმასრულებელი ხელისუფლების მეთაურის, უმრავლესობის ერთ-ერთი ლიდერის პოზიციას აშკარად ემიჯნება.
უნდა ვივარაუდოთ, რომ ეს არ არის თამარ კორძაიას, როგორც კერძო პირის განცხადება, იგი ამ ინიციატივით ზოგადად ხელისუფლებაში მყოფი ლიბერალების პოზიციას ახმოვანებს, რითაც ხდება საზოგადოების განწყობის მოსინჯვა - იმის გარკვევა, თუ როგორია ხალხის რეაქცია და რამდენად არის მათში მზაობა ბოლომდე დაიცვას ოჯახის, როგორც განსაკუთრებული ქართული ფენომენის ტრადიცია, რომელიც მართლმადიდებლური გაგებით, ქალისა და მამაკაცის ერთობაა.
ოფიციოზს რომ თავი დავანებოთ, ჯერჯერობით პირში წყალი აქვთ ჩაგუბებული პოლიტიკურ პარტიებსაც, რომლებსაც ხალხი და ეროვნული ინტერესები მხოლოდ არჩევნების წინ ახსენდებათ.
დღეს ნამდვილად არ გამოგვადგება ანდაზა: „ურემი რომ გადაბრუნდება, გზაც მერე გამოჩნდებაო“.
ურმის გადაბრუნებას ამჯერად ვერ დაველოდებით, რადგან, საქმე ერის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან საკითხს ეხება. არც ორთქლის გამოშვება და ლგბტ-ს მიმდევართა თუ მათ მხარდამჭერთა შეჩვენება უშველის საქმეს. საჭიროა, ვაიძულოთ ხელისუფლება ჩაატაროს რეფერენდუმი თემაზე: „უჭერთ თუ არა მხარს ერთსქესიანთა ქორწინების დაკანონებას საქართველოში და უნდა ეწეროს თუ არა საქართველოს კონსტიტუციაში, რომ ოჯახი არის ქალისა და მამაკაცის ერთობა?“
იგი უნდა ჩატარდეს საზოგადოების მკაცრი კონტროლის ქვეშ.
რეფერენდუმი საბოლოოდ დაუსვამს წერტილს საზოგადოებაში არსებულ ეჭვებს, რომ ამ „ხელისუფლებისგან ყველაფერია მოსალოდნელი“. ხოლო, თუ ხელისუფლება ხალხის ხმას არ შეისმენს, მაშინ იქ უნდა მივაბრძანოთ, სადაც ჯერ არს!
წინ... რეფერენდუმისკენ!!!
საბა საბახტარაშვილი