ივერიონი / როგორ გავნაღმოთ ეკოდივერსია და როგორ გადავარჩინოთ დედათბილისი ეკოკატასტროფას?!

როგორ გავნაღმოთ ეკოდივერსია და როგორ გადავარჩინოთ დედათბილისი ეკოკატასტროფას?!

ამას წინათ სათანადო განცხადებით მივმართეთ ხელისუფლებას იმ პრობლემის თაობაზე, რომელიც არაერთგზის საზრუნავს უჩენს დედაქალაქის მესვეურებს და, სამწუხაროდ, ხშირად ხდება მოქალაქეთა ტრაგედიის მიზეზი.

საუბარია თბილისში და საქართველოს სხვა რეგიონებში გაჩაღებულ მშენებლობებზე, რომელიც, სამწუხაროდ, ხშირად მიმდინარეობს ყოველგვარი საინჟინრო-გეოლოგიური კვლევის, გარემოზე ზემოქმედების შეფასებისა (გზშ) და ლანდშაფტის თავისებურებათა გათვალისწინების გარეშე.

 

დღეს სპეციალისტები ძალიან ბევრს საუბრობენ ამ პრობლემებზე, მაგრამ განსჯა ხდება სტიქიური უბედურების თავს დატეხვის შემდეგ, რაც ფაქტიურად დაგვიანებულია.

 

არადა, თავის დროზე რომ გაკეთებულიყო სათანადო საინჟინრო-გეოლოგიური დასკვნები (მხოლოდ ინჟინერ-გეოლოგების და არა სხვა დარგის სპეციალისტთა მიერ), ალბათ უამრავ ტრაგედიას ავიცილებდით თავიდან. ახლა კი, როგორც ამბობენ, ჩხუბის შემდეგ მუშტების ქნევა და დამნაშავეთა ძებნა გვიწევს, რაც დიდი ვერაფერი შეღავათია ქალაქზე მიყენებული ზარალისა და სტიქიის შედეგად დაღუპულთა ახლობლებისთვის!

არ გვინდა წინასწარ გავხდეთ მოსალოდნელი უბედურების მაუწყებლები, მაგრამ ფაქტია, რომ თუ არ მოხდა თბილისსა და სხვა ქალაქებში ასაშენებელი სხვადასხვა დანიშნულების ნაგებობებისა და კორპუსების საძირკვლებისა და მათი მიმდებარე ტერიტორიების საინჟინრო-გეოლოგიური კვლევების წარმართვა ევროსტანდარტების შესაბამისად, გარემოზე ზემოქმედების შეფასება (გზშ) და მიღებული მონაცემების მისადაგება არსებულ ნორმატივებთან (რომელიც ასევე ხარვეზებითაა შემუშავებული და სასწრაფოდ დახვეწას საჭიროებს), გამორიცხული არ არის, რომ საშუალო სიმძლავრის მიწისძვრამაც კი აუნაზღაურებელი ზარალი მიაყენოს მოსახლეობას.

ამის საშიშროება არსებობს, რადგან ნაგებობების (მათ შორის _ საცხოვრებელი კორპუსების) მშენებლობა, განსაკუთრებით უკანასკნელ პერიოდში, მიმდინარეობს ქაოტურად, შემკვეთთა დაჟინებული მოთხოვნით, ყოველგვარი მოსალოდნელი საფრთხეების იგნორირებით. სამწუხაროა, რომ შემკვეთს ნაკლებად აინტერესებს მის მიერ აგებული კორპუსის შემდგომი მდგრადობის ბედი და იგი ძირითადად ფინანსურ მოგებაზეა ორიენტირებული.

მაგრამ, რეალურ ხიფათს ქმნის ის გარემოებაც, რომ თავად სამშენებლო ნორმატივები შედგენილია დიდი ხარვეზებით, რაც ამ საქმეში არსებული ყოველი უთავბოლობის ძირითადი მიზეზია. სიტუაციას უმთავრესად ძაბავს მშენებლობის სამინისტროს, როგორც მაკონტროლებელი ორგანოს ლიკვიდაცია, რომელიც სპეციალურ საბჭოზე განიხილავდა ნებისმიერ სამშენებლო პროექტს. ამჟამად კი მიწაც და მასზე მშენებლობების ნებართვის გაცემა ეკუთვნის მხოლოდ ქალაქის მერიას და არქიტექტურის სამსახურს. რაც გამორიცხავს აღნიშნულ პროცესებზე გარე ქმედით კონტროლს.

ნურავინ იფიქრებს, რომ "ვერარეჩკის" კატასტროფით ამოიწურა იმ პრობლემათა ჯაჭვი, რომლებიც დღესაც დამოკლეს მახვილივით ჰკიდია ქალაქის თავზე. მინდა შეგახსენოთ, რომ ჯერ კიდევ კომუნისტურ ეპოქაში არსებობდა ქალაქ თბილისისა და რუსთავის სპეციალური ჰიდროგეოლოგიური და საინჟინრო-გეოლოგიური პარტია, რომელთანაც კოორდინირებულად მუშაობდნენ მშენებლები. სწორედ ამ სტრუქტურის და, უფრო მეტიც _ გეოლოგიის დეპარტამენტის ("საქგეოლოგია") გაუქმებამ, ქალაქის არქიტექტურის სამსახურს გაუხსნა ხელები, რამაც გააიოლა მშენებლობის პროცესებზე ნებართვების გაცემა და ამ საქმეში სათავე დაუდო სრულ ბაკქანალიას.

გეოლოგიის დეპარტამენტი გაუქმდა მხოლოდ იმიტომ, რომ მისი შენობა ტერიტორიულად კარგ ადგილზე იყო განთავსებული და ამ შენობის ადგილმდებარეობის რეალიზაციით დამნაშავე ჩინოვნიკთა ჯგუფმა დიდი მოგება ნახა, ქვეყანას კი გამოუსწორებელი ზიანი მიადგა. რაც შეეხება თბილისში მიმდინარე მშენებლობებს, ნებართვის გაცემის უფლება მთლიანად თავის თავზე აიღო მერიის არქიტექტურის სამსახურმა, რომელსაც საინჟინრო-გეოლოგიურ სფეროში არავითარი კომპეტენცია არ გააჩნია და არც ნორმატივები ითვალისწინებს საინჟინრო-გეოლოგიური პირობების წინა პლანზე წამოწევას, რაც აუცილებელია.

სწორედ ამიტომ არსებობს თბილისში რამდენიმე საფრთხის შემცველი უბანი, რომელთა შორის ყველაზე საშიშად მიგვაჩნია მამა-დავითის ფერდობი.

ალბათ გახსოვთ, ფერდობზე გზის გაყვანის დროს (1974 წელს), ანთროპოგენული (ადამიანის არასწორი ჩარევა) ფაქტორის შედეგად დაიმეწყრა გზა, რამაც ორი ადამიანი იმსხვერპლა. სწორედ ამის შემდეგ შეიქმნა ქალაქ თბილისისა და რუსთავის სპეციალური ჰიდროგეოლოგიური და საინჟინრო-გეოლოგიური პარტია, რომლის საინჟინრო-გეოლოგიური და ჰიდროგეოლოგიური დასკვნების შეფასების გარეშე არ ხდებოდა არანაირი მშენებლობა. მაგრამ, როგორც ჩანს, ფინანსურ მოგებას დახარბებულ ადამიანებს სხვა გეგმები ჰქონდათ და, ამიტომაც მოხდა აღნიშნული გეოლოგიური პარტიის ლიკვიდაცია.

ამ დროისთვის შპს `საინჟგეო~-ს ქ. თბილისის მერიაში წარდგენილი ჰქონდა სპეციალურად მომზადებული საინჟინრო-გეოლოგიური დასკვნები იმ უბნებისა (რისკების შემცველი უბნები), რომლებზეც იყო მოსალოდნელი საშიში გეოლოგიური პროცესების განვითარება. მათ შორის იყო მამადავითის ფერდი (მაყაშვილის ქუჩაზე). მიუხედავად ჩვენს მიერ გაცემული უარყოფითი დასკვნისა, მაინც მოხდა ავტოგასამართი სადგურის მშენებლობაზე ნებართვის გაცემა, რასაც მოჰყვა ფერდის ჩამოქცევა, რის შედეგადაც დაიღუპა ორი ადამიანი. აღნიშნული ტრაგედია მოხდა 2006 წელს, რაც განაპირობა სპეციალისტების აზრის გაუთვალისწინებლობამ.

გეოლოგების დასკვნათა იგნორირებას რომ დამანგრეველი შედეგები მოაქვს ხოლმე, ამაში მსოფლიოს მრავალგზისი სამწუხარო გამოცდილება მოწმობს. ჩვენ კი, ვერა და ვერ ვისწავლეთ ჭკუა და სრულიადაც არ ვუწევთ ანგარიშს იმ გარემოებას, რომ თბილისი ხეობაში მდებარეობს და გეოლოგიურად საკმაოდ რთულ საამშენებლო მოედანს წარმოადგენს!

ყველაზე სამწუხარო კი ის არის, რომ ჩვენს თავზე დატეხილი უბედურებიდანაც ვერ ვაკეთებთ საჭირო დასკვნებს, რადგან ვერაზე მომხდარ კატაკლიზმზე აზრი გამოთქვეს ოკეანოლოგებმა, გეოგრაფებმა, ბოტანიკოსებმა, ქიმიკოსებმა, გეომორფოლოგებმა, ჟურნალისტებმა, ჰიდროლოგებმა და არქიტექტორებმა, მაშინ, როცა არცერთ ინჟინერ-გეოლოგს არ მიეცა კომპეტენტური დასკვნის გაკეთების საშუალება.

ზემოთაღნიშნულმა სპეციალისტებმა კი, საჭირო პროფესიული განათლების არქონის გამო, გვერდი აუარეს იმ რეალურ მიზეზებს, რამაც ასე დამანგრეველი გახადა სტიქიური შემოტევა. სავარაუდოა ისიც, რომ ეს გაკეთდა სპეციალურად, რადგან ინჟინერ-გეოლოგის მოსაზრება ხელსაყრელი არ იქნებოდა იმ ხალხისათვის, ვისი გამოისობითაც დაგვატყდა თავს დიდი ტრაგედია. საინტერესოა, სად იყვნენ ეს სპეციალისტები `ვერარეჩკაზე~ ახალი გზის მშენებლობის პროცესში და მისი დამთავრების შემდეგ _ 2015 წლის 13 ივნისამდე? რატომ არ გამოთქვეს აზრი?

ამ ხეობის ორივე ფერდი არის დამეწყრილი და მუდმივი საშიშროების ქვეშ იმყოფება. ერთ დროს გეოლოგიის დეპარტამენტში, ვერის ხეობის საინჟინრო-გეოლოგიური პარტიაც კი არსებობდა. მეტიც: 1984 წელს მდ. ვერეს აუზში, მზიურის უბანზე, ჩემი ხელმძღვანელობით, ჩატარდა საინჟინრო-გეოლოგიური კვლევა და 1985 წელს გამოიცა ანგარიში ჰიდროპროექტის ჩართულობით, რომელიც ითვალისწინებდა მდ. ვერეს ხეობაში ორი კაშხალის აშენებას, რომელიც ნიაღვარშემაკავებლის ფუნქციას იტვირთავდა, მიიღებდა და შეაკავებდა ყველა შენაკადებიდან წამოსულ ჩამონადენს, რაც ახლა პირდაპირ ჩამოიტანა მდ. ვერემ და დამანგრეველი გახდა ხეობისათვის. საუბედუროდ ეს პროექტი არ განხორციელდა.

ასევე მნიშვნელოვანია ის ფაქტი, რომ შპს „საინჟგეო“-მ, ჯერ კიდევ 2002 წლის 1 მაისს, #10-05 წერილით მიმართა ქ. თბილისის მერს ბ-ნ ი. ზოდელავას _ თხოვნით, აღდგენილიყო ქ.თბილისში სპეციალური საინჟინრო-გეოლოგიური და ჰიდროგეოლოგიური სამსახური, რომელიც განახორციელებდა ქ. თბილისში არსებული საშიში გეოლოგიური პროცესების კერების უბნებზე მონიტორინგს. მერიას წარედგინა პროგრამა და მიმართულება, რაც არ განხორციელდა და შედეგიც სახეზეა. ასევე 2005 წლის 31 იანვარს #11-05 წერილით მერიას გაეგზავნა `მოსაზრებები საინჟინრო-გეოლოგიური კვლევების შესახებ ქ. თბილისის მრავალთემატური საინფორმაციო სისტემის შექმნასთან დაკავშირებით~ და გადაეცა დასკვნები, ალბომის სახით, მოსალოდნელი საშიში გეოლოგიური პროცესების გააქტიურების შესახებ, უბნების მიხედვით, რომელიც ასევე არ იქნა გათვალისწინებული. არადა, უბედურება კარს იყო მომდგარი. სწორედ გეოლოგიური სამსახურის დასკვნების იგნორირების და მათი აზრის გაუთვალისწინებლობის შედეგია 2015 წლის 13 ივნისს მომხდარი ფაქტი.

აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ მერიის არქიტექტურის, ზედამხედველობის სამსახურის და ქონების მართვის სააგენტოს შეხმატკბილებული მუშაობა, როგორც ეს დღეს ხდება, არის ბიზნესის კეთების უნიკალური ფორმა და საშუალება, რომელიც უდავოდ ჭკვიანი ადამიანის შექმნილია, მაგრამ ამ სახით მუშაობის გაგრძელება არის  ქ. თბილისისთვის დამანგრეველი, რომლის მოწმეც ახლო მომავალში გავხდებით.

აქვე დავსძენ, რომ მსხვერპლი იქნება დიდი, რომლის რაოდენობის დასახელებაზე დღეს თავს შევიკავებ. გამონთავისუფლებულ ადგილებს მეზობელი ქვეყნების ხალხი შეავსებს, რაზედაც ბევრი ოცნებობს, მაგრამ... გამომდინარე ზემოთქმულიდან, უნდა მოხდეს მერიის აღნიშნული სტრუქტურების გადანაწილება _ მერიის დაქვემდებარებიდან გაყვანა (დამოუკიდებელ სტრუქტურებად შექმნა), ან უნდა შეიცვალოს სამშენებლო პროცესებთან მიდგომა (უსახურ შენობებზე ნებართვის გაცემის სისტემა, რაც იერ-სახეს უკარგავს დედაქალაქს). წინააღმდეგ შემთხვევაში სავალალო შედეგი გარდაუვალია.

აღსანიშნავია ასეთი ფაქტიც _ ტელევიზიაში გამოითქვა აზრი, რომ უნდა გაიზარდოს მაშველ კორპუსთა ბიუჯეტი, ასევე უნდა ჩამოვიყვანოთ უცხოელი გეოლოგები. პირდაპირ ვიტყვი: თუ ჩვენი ინჟინერ-გეოლოგების ცოდნა იქნება ოპტიმალურად გამოყენებული და მიმართული ქვეყნის საკეთილდღეოდ, არ დაგვჭირდება მაშველთა კორპუსის ფინანსირების გაზრდა. ქვეყანას არ მოუწევს ზარალის დათვლა, პირიქით, ბიუჯეტს გამოუნთავისუფლდება მილიონობით ლარი. რაც შეეხება უცხოელი სპეციალისტების ჩამოყვანას, ქართველ ინჟინერ-გეოლოგებს შეუძლიათ იქით დაეხმარონ სხვა ქვეყნების სპეციალისტებს, რასაც აკეთებენ კიდევაც.

ასეთი გახლავთ ჩემი მოსაზრება 13 ივნისს მომხდართან დაკავშირებით, რაც განპირობებულია ქვეყნისადმი, თბილისის და ჩემი პროფესიისადმი პატივისცემით.

აღსანიშნავია, რომ მდინარე ვერეს ხეობაში ინფრასტრუქტურის მშენებლობაზე პროექტი შედგენილი იყო ვაკეზე გაშლილი ქალაქ დუბაის კლიმატური პირობების გაზიარებით, რაც მთაგორიანი ადგილისთვის და თბილისის კლიმატური პირობებისთვის სრულიად მიუღებელია. ამიტომაც მივიღეთ შედეგად ის, რაც მივიღეთ. ამგვარი ინფრასტრუქტურის ასაშენებლად გათვალისწინებული უნდა იქნას არა მხოლოდ ადგილმდებარეობის თავისებურება და შორიახლოს ჩამავალი მდინარის დებიტი (ხარჯი), არამედ ამინდი და ჭარბი ატმოსფერული ნალექების მოსალოდნელი ჩამოდინების ადგილებიც. ხოლო მდინარის ხეობაში ინფრასტრუქტურის ასაშენებლად გამოყენებული უნდა ყოფილიყო ღია ტიპის კალაპოტი (ოჩოფეხებზე შემდგარი გზებით და ესტაკადით), რომლის გამტარიანობა იქნებოდა არანაკლები 700-800 ლიტრი წამში და არა 470 ლიტრი წამში. მაგრამ ბევრად მეტ უსაფრთხოების გარანტიას მოგვცემდა მდინარის კალაპოტის გამტარუნარიანობის გაზრდა 800 ლიტრამდე წამში, ღია არხით და არა დახურული, დაპატიმრებული წყალგამტარი გვირაბებით.
აქვე ჩამოგითვლით იმ უბნებს, სადაც მოსალოდნელია საშიში გეოლოგიური პროცესების განვითარება ახლო მომავალში:

1.     მამადავითის ფერდობი;
2.     მდინარე ვერეს ხეობა;
3.     "პანორამა-თბილისის" სამშენებლო მოედანი სოლოლაკის მიმდებარე ტერიტორიებით;
4.     თემქის მე-4 მიკრორაიონი (საავტომობილო გზის გასწვრივ);
5.     ვაშლიჯვრის ტერიტორია _ "მათე-მოტორსის" მიმდებარედ;
6.     ვაკის ტერიტორია;
7.     ნუცუბიძის პლატო;
8.     ვარაზისხევი, ჟვანიას ქუჩის მიმდებარე ტერიტორიები _ კეკელიძის ქუჩის ზემო გაგრძელებაზე;
9.     აბანოთუბანი;
10.    მდინარე გლდანულასხევი;
   
ჩვენს მიერ აღნიშნული ფერდობები ფრიად ყურადსაღებია, რადგან მათი ამგები ქანების დახრილობა და ფერდის დახრილობა თანხვედრილია (კატაკლინურია) და ზედა ფენის ხელის ხლება და ფერდობის ძირის მოჭრა იწვევს მეწყერული პროცესების გააქტიურებას, რაც სავალალო შედეგით მთავრდება. თუ გავითვალისწინებთ მშენებლობის დღევანდელ მასშტაბებსა და ტემპებს, მშენებლობის ნებართვების კომპეტენტური საინჟინრო-გეოლოგიური დასკვნების გარეშე გაცემას, რასაც დღეს აკეთებს ქალაქის მერია, შედეგი სავალალო იქნება. ჩემის აზრით, ასევე მიუღებელია ზოგიერთი ექსპერტის მოსაზრება მდინარე ვერეს ხეობაში "მანჰეტენის" აშენების თაობაზე, ვინაიდან აღნიშნული ხეობა არის ჭალა, რომელიც მდინარეს ეკუთვნის და არა ადამიანებს! და საერთოდ, ქვეყანა რომელიც არ აფასებს გეოლოგების როლს საამშენებლო პროცესებში, ყოველთვის მარტოსულად აღმოჩნდება გავეშებული სტიქიის  მომაკვდინებელი საფრთხის პირისპირ.

ასევე, კარგი იქნება, თუ ქალაქის მესვეურები ახალი თბილისის სამომავლო მშენებლობებს დაგეგმავენ აღმოსავლეთის მიმართულებით, რომელიც შედარებით მშვიდი სამშენებლო რელიეფით ხასიათდება. ამავე დროს განიტვირთება და ისტორიულ სახეს ნაწილობრივ მაინც შეინარჩუნებს ძველი თბილისი.

უნდა აღინიშნოს, რომ იგივე მდგომარეობაშია ქალაქები ბათუმი, ფოთი და ანაკლია. ასევე მოსალოდნელია სტიქიური პროცესების გააქტიურება იმ ზონებში, სადაც შენდება კაშხლები, საიდანაც განსაკუთრებით გამოვყოფთ სვანეთში ნესკრაჰესის საამშენებლო უბანს, რომლის პროექტის განხორციელებას აპირებენ კორეელები, ხუდონისა და დარიალის ხეობებს, სადაც ბუნებამ უკვე ორჯერ გაგვაფრთხილა და თანაც საკმაოდ მკაცრად. არსებობს უცხოელი ექსპერტების დასკვნა, რომელიც ნადირობასაც კი კრძალავს დარიალის ხეობაში, რადგან თოფის გასროლის ექომ შეიძლება აქ საკმაოდ ძლიერი ზვავი და მეწყერი გამოიწვიოს! წარმოიდგინეთ როგორი ხმაური და ვიბრაცია მოჰყვება აქ მძიმე ტექნიკის მუშაობას...

და ბოლოს: თხოვნით მივმართავ არაინჟინერ-გეოლოგებს, არაპროფესიონალებს, თავი შეიკავონ 2015 წელს 13 ივნისს მომხდარი ფაქტების კომენტირებისგან, რომლებიც აკეთებენ არაფრისმომცემ განცხადებებს და შეფასებებს (ისიც დიდი დაგვიანებით). ეს განსაკუთრებით ეხებათ გარემოს დაცვის სამინისტროში მოკალათებულ არაინჟინერ-გეოლოგებს, რომლებიც სახელმწიფო ბიუჯეტს არიან მიმსხდარნი და მოვლენების თავისებური შეფასებით ქვეყნის მესვეურები და საზოგადოება შეყავთ შეცდომაში.

სავარაუდოა, რომ საქმე გვაქვს ჯერ კიდევ „ნაციონალთა“ მიერ ჩვენს რეალობაში ნაღმად ჩადებულ ეკოდივერსიასთან, რომლის განხორციელება ხდება საშოვარს გადაგებული ბიზნესსტრუქტურების მეშვეობით, განსაკუთრებით მშენებლობის კუთხით, რასაც სპეცსამსახურებმა უნდა მიაქციონ ჯეროვანი ყურადღება.

იმედია, ხელისუფლება გაითვალისწინებს ყოველივეს და გულთან მიიტანს წერილში მოყვანილ არგუმენტებს, რადგან იგი შედგენილია გულისტკივილით და არა ნიშნისმოგებით.

მოკრძალებით მინდა აღვნიშნო, რომ, შპს `საინჟგეო~-ს გააჩნია ყველა რესურსი, მატერიალურ-ტექნიკური და ინტელექტუალური ბაზა, რათა მიიღოს მონაწილეობა 2015 წ. 13 ივნისს მომხდარი სტიქიური უბედურებების სალიკვიდაციო ღონისძიებებში, ასევე ახალი უსაფრთხო გზის მშენებლობისათვის საჭირო საინჟინრო-გეოლოგიური კვლევების ჩატარებისათვის.

ნუგზარ გოგუა,
შპს "საინჟგეროს" დირექტორი,
გრუნტების მექანიკისა და გეოტექნიკური ინჟინერგის საქართველოს საზოგადოების დამფუძნებელი და წევრი, ევროპის მეცნიერ-გეოლოგთა და ინჟინერ-გეოლოგთა ასოციაციის წევრი

2-07-2015, 17:38
უკან დაბრუნება