ხვალ, 19 ნოემბერს, ბავშვთა მიმართ ძალადობის პრევენციის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, ფონდ ,,ღია საზოგადოება - საქართველოს" ოფისში გაიმართება დოკუმენტური ფილმის ჩვენება სახელწოდებით ,,ასე ფიქრობენ ბავშვები". ორგანიზატორთა განცხადებით, ფილმი გვიჩვენებს 6-დან 11 წლამდე მოზარდების დამოკიდებულებას ძალადობის მიმართ.
ფილმის პრეზენტაციამდე ფსიქოლოგი ქეთევან თავართქილაძე ჩაატარებს სემინარს ჟურნალისტებისთვის. სემინარის მთავარი თემა იქნება ბავშვთა ძალადობასთან დაკავშირებული თემების საკითხების გაშუქება მედიასივრცეში, რათა ძალადობაგანცდილმა ბავშვებმა არ მიიღონ უფრო მეტი ფსიქოლოგიური წნეხი.
,,ბავშვთა ძალადობის თემა ყოველთვის საზოგადოების მნიშვნელოვან ყურადღებას იმსახურებს და ძალადობისაგან დაცვის სისტემებისა და რეგულაციების ჩამოყალიბებას საჭიროებს" , - განაცხადა ლონდონის "ქინგს კოლეჯის" პროფესორმა მარგარეტ ლინჩმა თბილისში, განათლების სპეციალისტებთან და პედაგოგებთან საუბრისას. ის საქართველოში ოქტომბრის ბოლოს იმყოფებოდა.