ამ რამდენიმე დღის წინათ სოციალურ ქსელში ქართველი „ვანგას“ (ვამბობთ „ქართველ ვანგას“ და ვგულისხმობთ ლელა კაკულიას) ერთი ფრიად არაორდინალური წინასწარმეტყველება წავიკითხე: ტერორისტული აქტი განხორციელდება რუსეთის პრეზიდენტზე და ვლადიმერ პუტინს სისხლიან ხალათში ვხედავო!
ჩვენ ტერორიზმის ეპოქაში ვცხოვრობთ და აქედან გამომდინარე, არაფერია გამორიცხული, მაგრამ კაკულიას „წინასწარმეტყველება“ ყოველთვის მაშინ იჩენს თავს, როცა მსოფლიოში პოლიტიკური ველი აიჭრება ხოლმე.
სხვათაშორის, „ქართველმა ვანგამ“ ეს ანტირუსული ძალებისთვის სასიამოვნო ინფორმაცია ამერიკის პრეზიდენტის მხრიდან ერთსქესიანთა ქორწინების დაკანონების მეორე თუ მესამე დღეს გააჟღერა - ზუსტად იმავე დღეს, როცა პუტინმა ბარაკ ობამას ანტიქრისტიანული გადაწყვეტილება საკუთარი პრიზმიდან შეაფასა.
რაც არ უნდა მოხდეს, რუსეთი ტავისი იმპერიული ბუნებიდან გამომდინარე, რუსეთი არასდროს გახდება საქართველოს თანაბარუფლებიანი პარტნიორი, მაგრამ დათვს ბაბაია უნდა დაუძახო, რომ არ დაგაზიანოს, ესეც ცხადია!..
ჩვენ რაც არ უნდა მოვინდომოთ, ჩრდილოეთის დათვს გულზე მჯიღის ცემით და მითუმეტეს, ყალბი დამუქრებით ვერ გავანეიტრალებთ, ამიტომ, ისეთი მოქნილი პოლიტიკა უნდა გავატაროთ, რომ ჩვენი ფიზიკურად გადაყლაპვის სურვილი გავუქროთ!
ვთქვათ, პუტინი მართლაც „გააგორეს“ და რუსეთი მსოფლიო წესრიგის არქიტექტორებმა სხვა სახელმწიფოების დარად „მოინელეს“, რას ვიგებთ ჩვენ ამით - მართლმადიდებელი საქართველო, რომ ლელა კაკულიას „წინასწარმეტყველება“ გაგვიხარდეს?!
არ შეიძლება დამპყრობელზე მზე და მთვარე ამოგდიოდეს, მაგრამ არც რეალობის ობიექტურად აღქმისა და შეფასების უნარი უნდა დაკარგო, რომ ნებაყოფლობით ხრამში არ გადაიჩეხო!
ისე, კაკულიას პოლიტიკური ექსპერტის და გამჭრიახი პროგნოზისტის ტიტული რომ მივანიჭოთ, არა?!
მაინც ბინძური პოლიტიკის ქვაბში იხარშება და სპეცსამსახურების დავალებას ნიჭიერად ასეულებს...
დაგიძველდათ ეს მეთოდი, ქალბატონო ლელა!