რა მისიით წავიდა ნინო ბურჯანაძე მოსკოვში, რა კავშირშია მისი ვიზიტი ბიძინა ივანიშვილთან და მომავალ საპარლამენტო არჩევნებთან? ეძებს თუ არა ფულს და პოლიტიკურ დასაყრდენს იგი რუსეთში და რამდენად შეძლებს ამ გაბედული ნაბიჯით ქართველი ელექტორატის შემობრუნებას?
აი ის ძირითადი კითხვები, რომელზე პასუხიც ქართულ მედიას და საზოგადოებას აინტერესებს.
როგორც მოსალოდნელი იყო, მოსკოვში ნინო ბურჯანაძის ვიზიტს დიდი აჟიოტაჟი მოჰყვა ქვეყანაში: თუ ე.წ. დასავლური ფრთა, რომელიც რადიკალური ანტირუსული განწყობით გამოირჩევა, ანზოროვნას ყველაზე უხამსი ეპითეტებით ამკობს და საქართველოს ინტერესების ღალატში ადანაშაულებს, საზოგადოების მეორე ნაწილს აინტერესებს: რა სტატუსით (მანდატით) ჩავიდა იგი მოსკოვში და ნიშნავს თუ არა ეს პრორუსული ძალების კიდევ უფრო გააქტიურებას საქართველოში, როლის სათავეში სწორედ ნინო ბურჯანაძე უნდა მოექცეს?!
რაც არ უნდა პრეტენზიები გვქონდეს ბურჯანაძის მიმართ, ფაქტია, რომ ის საკმაოდ ანგარიშგასაწევი ფიგურაა (და არა მარტო რუსეთში).
„ანგარიშგასაწევში“ მხოლოდ ქალური შარმი არ იგულისხმება, არამედ, ის პოლიტიკური შტრიხები, რომელიც მის სახელსა და გვარს „ამშვენებს“!
იმის თთმა, რომ ბურჯანაძე გამოკვეთილად პრორუსული ორიენტაციის პოლიტიკოსია, შეცდომა იქნებოდა - მას ხალისით ხვდებიან დასავლეთის გავლენიანი წრის წარმომადგენლები. ნიშანდობლივია, რომ ბურჯანაძე სახელისუფლო ვერტიკალში ყოფნისას დასავლეთის ბოსების დავალებების კარგ შემსრულებლად ითვლებოდა. მის სახელს უკავშირდება პირადობის მოწმობიდან მამის სახელის ამოღებაც და სხვა ანტიქართული გადაწყვეტილებების მიღებაში თანამონაწილეობაც.
რადგან, ბურჯანაძის პოლიტიკურ ბიოგრაფიას ვეხებით, გვერდს ვერ ავუვლით 2007 წლის 7 ნოემბრის სისხლიან ეპოპეას, რომელმაც მის პოლიტიკურ რენომეს სამუდამო დაღი დაასვა!
საზოგადოებას კარგად ახსოვს პარამენტის ექს-სპიკერის და 45-დღიანი ექს-პრეზიდენტის განცხადებები, სადაც იგი სააკაშვილის რეჟიმის მხრიდან აქციის მონაწილეთა სისხლიან დარბევას ამართლებდა კიდეც (როგორც მისი თანამოაზრეები ამბობენ, დღეს ქალბატონი ნინო ინანიებს ამ დანაშაულს, თუმცა, თავის საქციელს იმით ამართლებს, რომ მაშინ დაწმუნებული იყო იმაში, რომ საპროტესტო აქციის მონაწილეები პარლამენტის შენობის შტურმით აღებას აპირებდნენ). ეს იმდენად მძიმე შეცდომა იყო, რომ ვერც 2011 წლის 26 მაისის მოვლენებმა შეძლო მისი კომპენსაცია - იმ 26 მაისმა, რომელმაც ბურჯანაძის მხერბზე გადაიარა და რომელსაც გაუგონარი სისასტიკით გაუსწორდა სააკაშვილ-მერაბიშვილის რეჟიმი.
სხვათაშორის, მაშინ იმასაც ამბობდნენ, რომ ბურჯანაძეს ეს აქცია საკუთარი იმიჯის რეაბილიტაციისთვის და საერთაშორისო საზოგადოების ყურადღების მისაქცევად დასჭირდა, ხოლო ხალხი სასაკლაოზე შეგნებულად წაიყვანა.
ცხადია, ამ „ბრალდებას“ ექს-სპიკერი არ ეთანხმება და პირიქით ამტკიცებს, რომ 2012 წლის 1 ოქტომბერი 2011 წლის 26 მაისმა მოიტანა.
მართალია, 26 მაისმა საბოლოოდ გააშიშვლა „ნაციონალური“ რუსეთის ნამდვილი სახე, მაგრამ ბურჯანაძე უფრო შორს ვერ წავიდა!
როგორც შემგომ განვითარებულმა მოვლენებმა გვიჩვენა, ამით კარგად ისარგებლა ბიძინა ივანიშვილმა და სააკაშვილის რეჟიმის მიმართ ხალხში დაგროვილი აგრესია მაქსიმალურად გამოიყენა ხელისუფლებაში მოსასვლელად. ანზოროვნა კი თამაშგარე მდგომარეობაში დარჩა!
დაზუსტებით ძნელია იმის თქმა, რატომ გარიყა ბიძინა ივანიშვილმა 2011 წლის 26 მაისის ერთპიროვნული „გმირი“ პოლიტიკური ველიდან და რატომ არ აღმოჩნდა ნინო ბურჯანაძე მის რჩეულთა შორის (აქ ალბათ ექს-სპიკერის „პრორუსულობამ“ ითამაშა გადამწყვეტი როლი, ან მისმა გაძლიერებულმა მადამ - გაპრეზიდენტების სურვილმა), მაგრამ ერთი რამ ცხადია: დღეს იგი ანგარიშგასაწევ ფიგურად იქცა ივანიშვილისთვისაც კი და ამის დასტური მოსკოვში მისი „ტრიუმფალური“ ვიზიტია...
რა მანდატით ჩავიდა ბურჯანაძე მოსკოვში?
ნინო ბურჯანაძე დღეს სახელისუფლო ვერტიკალზე არ არის. აქედან გამომდინარე, ეს ვიზიტი ოფიციალურად არ ჩაითვლება, მიუხედავად იმისა, ვისაც არ უნდა შეხვედროდა იგი. ოპოზიციური პარტიის ლიდერობა არ აძლევს მას სათანადო წონას, რომ ვიზიტის განსაკუთრებულ შედეგებზე ვიმსჯელოთ!
ნინო ბურჯანაძე ვერც ე.წ. პრორუსული ძალების გამაერთიანებლის ფუნქციას იკისრებს - მიუხედავად იმისა, რომ პრორუსული განწყობა მოსახლეობაში თანდათან იზრდება, მან დღემდე ვერ ჩამოირეცხა ის ლაქა, რომელზეც ზემოთ გვქონდა საუბარი.
ნიშანდობლივია ისიც, რომ ჯერჯერობით მას ხალხში არ აქვს ის ავტორიტეტი, რომ რუსეთმა იგი (დაინტერესების შემტხვევაში) საქართველოში ერთადერთ დასაყრდენად აღიაროს.
აქედან გამომდინარე, რა შედეგი შეიძლება ჰქონოდა საქართველოსთვის ბურჯანაძის ვოიაჟს რუსეთში?
თუმცა, ვიდრე ამ კითხვაზე ვუპასუხებდეთ, ურიანია ვიკითხოთ: რა (ვისი) მანდატით ჩავიდა იგი პუტინის სამშობლოში?
ბუნებრივია, ბურჯანაძე საზოგადოების მანდატით აღჭურვილი არ ყოფილა, რომ მეზობელ (ფაქტიურად დამპყრობი) ქვეყანასთან სახელმწიფოს პოლიტიკური ორიენტაციის საკითხზე ემსჯელა. არც სავიზო რეჟიმის გაუქმება და რუსეთისგან აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის აღიარების უარყოფა შეიძლება ყოფილიყო დღის წესრიგში ისევ და ისევ ბურჯანაძის მანდატის გამო.
მაშ, რა სარგებლობის მოტანა შეეძლო მას ახლანდელი ვოიაჟით საქართველოსთვის? (ოპოზიციური პოლიტიკური ლიდერის სტატუსიდან გამომდინარე, მისი ვიზიტი სახალხო დიპლომატიის ფარგლებშიც არ ჯდება).
საქართველოსთვის რა მოგახსენოთ, მაგრამ საკუთარი გათვლები რომ ექნებოდა ცხადია. ეს უპირველესაც მომავალი საპარლამენტო არჩევნებისთვის მზადებას და საქართველოში რუსეთის როლის გაძლიერებას ეხება - საუბარია არა მარტო არჩევნების რუსული ფულით დაფინანსებაზე, არამედ რუსეთის უფრო აქტიურად ჩართვაზე ქართულ პოლიტიკაში. ბურჯანაძე კი ცდილობს რუსეთის ძირითადი დასაყრდენის ნიშა დაიკავოს და სახელისუფლო ვერტიკალშიც მოექცეს.
შეიძლება ვივარაუდოთ, რომ დღევანდელი საერთაშორისო პოლიტიკური რეალობის გათვალისწინებით, ადვილად შესაძლებელია ბურჯანაძე ივანიშვილის „გემოვნებაშიც“ ჯდებოდეს - ექს-პრემიერის გუნდს „ახალი სისხლის“ გადასხმა რომ სჭირდება ცხადია, მაგრამ სხვა საკითხია, რამდენად იქნება „ახალი სისხლი“ ნინო ბურჯანაძე!
ასეა, თუ ისე, ივანიშვილს სახელისუფლებო გუნდის გადახალისება მოუწევს. თუმცა, გადახალისებაში ახალი სახეები, ქართული სულის, სახელმწიფოებრივად მოაზროვნე ადამიანები არ უნდა მოვიაზროთ - უბრალოდ მას ამის პოლიტიკური ნება არა აქვს, ან, თუ მაინცდამაინც, ახალ სახელებზე (სახეებზე) შეაჩერა ყურადღება, ისინი აუცილებლად ქამელეონები იქნებიან, რომლებიც ფორმით დასავლურ, შინაარსით კი რუსულ თამაშს თამაშობენ!!!
არ გამოვრიცხავ, არჩევნებამდე დარჩენილ დროში ახალი ალიანსების მომსწრენიც გავხდეთ (აქ არა მარტო „ნაციონალებისა“ და „თავისუფალი დემოკრატების“ მოსალოდნელ პოლიტიკურ „ქორწინებას“ ვგულისხმობ). არ არის გამორიცხული ბურჯანაძე-ინაშვილის ალიანსიც, მითუმეტეს, პირველი მინიშნებები ურთიერთსიმპათიებზე უკვე იყო!
თუ ყველაფერი ახლანდელი სცენარით განვითარდა, მომავალი პარლამენტი ფორმალურად მრავალპარტიული იქნება, სადაც ჯანსაღი, ქართულად (სახელმწიფოებრივად) მოაზროვნე ადამიანების დეფიციტი აქედანვეც ჩანს.
ფაქტია ისიც, რომ დღეს ქართული პოლიტიკური ველი პროვატიზებულია ერთი ადამიანის მიერ, რომელიც საჭადრაკო დაფაზე ფიგურებს საკუთარი გემოვნებით აწყობს. სამწუხაროდ, ამ დაფაზე ახალი, ჭეშმარიტად განსხვავებული ძალების ადგილი არ არის.
მიუხედავად იმისა, რომ არის სურვილი, არ არის ფული, რომელიც ახლებურად (სახელმწიფოებრივად) მოაზროვნე ადამიანების გაერთიანებას შეძლებს და ივანიშვილს საჭადრაკო დაფაზე ფიგურების გადანაცვლებასაც აიძულებს!!!
რაც შეეხება ხალხს, იგი თვითგადარჩენის ინსტინქტითაა შეპყრობილი და ჩათრევას ყოველთვის ჩაყოლას ამჯობინებს!
მინაწერი: ბურჯანაძის ვოიაჟს რუსეთში საეჭვოდ ემთხვევა ხურვალეთში რუსების მხრიდან საზღვრის უნებართვოდ გადმოწევა, სადაც საერთაშორისო მაგისტრალიც მოექცა. ეს უკვე აშკარა გამოწვევაა, რომელიც საქართველოს ტერიტორიულ ინტერესებს სცილდება. არ არის გამორიცხული უახლოეს მომავალში სიტუაციის გამწვავებაც, რომელიც საქართველოსთვის მომგებიანი ნამდვილად არ იქნება.
თუმცა, რუსეთს სიტუაციის ასარევად სხვა ბერკეტებიც უჭირავს ხელში, რომლის ამოქმედების სიმპტომები ამ ბოლო დღეებში სახეზე გვქონდა აზერბაიჯანში მომხდარი ინცინდენტის სახით.
ზაურ ნაჭყებია