ივერიონი / რატომ უნდა აირჩიონ ირმა ინაშვილი საგარეჯოელებმა?!

რატომ უნდა აირჩიონ ირმა ინაშვილი საგარეჯოელებმა?!

ზოგადად საქართველოში ჩატარებული ნებისმიერი დონის არჩევნების მიმართ ჩემი, სუბიექტური (შეიძლება ითქვას, ბევრისგან განსხვავებული) დამოკიდებულება მაქვს. მითუმეტეს, ნაკლებად საინტერესოდ მეჩვენება შუალედური არჩევნები, რადგან, ერთი ადამიანის გადეპუტატება საპარლამენტო საქმიანობას არსებითად არ ცვლის!

 

ახლა საზოგადოების ყურადღება საგარეჯოსა და მარტვილის რაიონისკენაა მიმართული, სადაც შუალედური საპარლამენტო არჩევნები უნდა გაიმართოს.

 

მე რომ საგარეჯოს ამომრჩეველი ვიყო, ხმას უყოყმანოდ ირმა ინაშვილს მივცემდი და აი, რატომ:

 

ჯერ ერთი, საკმაოდ ენერგიული, მობილიზებული და შეუვალი კანდიდატია (არაფერს ვამბობ, მის პროფესიონალიზმზე, რომლითაც აშკარად გამოირჩევა), მეორეც, ხელისუფლებამ ვერ შეძლო ამომრჩევლისთვის შეეთავაზებინა სათანადო ალტერნატივა, რომელიც მათ დაფიქრების და რეალური არჩევანის გაკეთების საშუალებას მისცემდა!

 

იქნებ, მე ვცდები და ხელისუფლება ისე მოიქცა, როგორც სურდა მოქცეულიყო, მაგრამ, ქ-ნ თამარ ხიდაშელის კანდიდატურის დასახელება გვაფიქრებინებს, რომ დღევანდელ „ქართულ ოცნებას"ან საკადრო რესურსების აშკარა დეფიციტი აქვს, ან, თუ ვულგარულად ვიტყვით, ისევ „ძველ ჩვენებას" აწვება და მისი პრიორიტეტები საეჭვო „ენჯეოშნიკების" ხელისუფლებაში დამკვიდრების პრაქტიკას არ სცილდება!!!

 

შორს რომ არ წავიდეთ, ჩვენ ყოფილ „უფლებადამცველ" თამარ კორძაიას სახით გვაქვს ამის ცოცხალი მაგალითი - მისი ყველა საქარლამენტო ინიციატივა თუ ერისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან საკითხებზე გაკეთებული კომენტარები ანტიქართული, ანტიეროვნული სულისკვეთებითაა გაჟღენთილი და არაფერი აქვს საერთო სახელმწიფოებრივ ინტერესებთან!...

 

აქედან გამომდინარე,მტკიცება არ უნდა, რომ თამარ ხიდაშელის პარლამენტის წევრად არჩევის შემთხვევაში კორძაია-2-ს მივიღებთ და კიდევ უფრო გავაძლიერებთ ლგბტ-ს მხარდამჭერებს პარლამენტში, რომელიც ჩვენს ინტერესში ნამდვილად არ შედის !

 

საკმაოდ განსხვავებულ შედეგს მივიღებთ, თუ ირმა ინაშვილს პარლამენტის ტრიბუნით სარგებლობის საშუალება მიეცემა - გარდა იმისა, რომ იგი ნამდვილ „ცეცხლს" დაანთებს პარლამენტში, გაჩნდება ახალი „პოლუსი“ - „ნაცებს" და „ქოცებს" ინაშვილის სახით ახალი ოპონენტი მოევლინება, რომელიც განსხვავებული რაკურსით დაგვანახებს რეალურ პრობლემებს და კიდევ უფრო გააშიშვლებს კოჰაბიტაციის დამანგრეველ შედეგებს!!!

 

და კიდევ; ინაშვილმა საკუთარი აქტიურობითა და სარისკო ნაბიჯებით ბევრჯერ დაგვანახა, რომ მისთვის ჩვეულებრივი ადამიანური შიში უცხოა და საჭიროების შემთხვევაში მსხვერპლის გაღებისაც არ ეშინია. მისაბაძია მისი თანმიმდევრულობაც, რომელიც დღეს პოლიტიკურ სივრცეში მოტივტივე ელემენტებს ნამდვილად აკლიათ!

 

ასე, რომ, საგარეჯოელებო, ჯერჯერობით სხვა არჩევანს მე ვერ ვხედავ. იქნებ, თქვენც ასე ფიქრობთ?!

 

                      ზაურ ნაჭყებია

3-09-2015, 11:23
უკან დაბრუნება