მე მგონია, ჩვენ ყველაფერი გავაკეთ, რომ ეს პოზიცია გაზიარებული ყოფილიყო პარლამენტში, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.
"მე მგონია, ჩვენ ყველაფერი გავაკეთ, რომ ეს პოზიცია გაზიარებული ყოფილიყო პარლამენტში. სამწუხაროდ, პარლამენტმა ეს პოზიცია არ გაიზიარა. კონსტიტუციაში არსებობს სიმბოლური უფლება კანონზე ხელის არმოწერისა, ვეტო-ს დაძლევის შემთხვევაში. მინდა განვმარტო, რომ ეს არის სიმბოლური უფლება, რომელსაც აქვს თავისი მნიშვნელობა და, რომელიც, ჩემი აზრით, უნდა იქნას გამოყენებული ადეკვატურად. ეს მხოლოდ ჟესტი იქნება, რადგან მერე მაინც პარლამენტის თავმჯდომარე მოაწერს ხელს. ასეთი ჟესტი უნდა გამოიყენო მაშინ, თუ არასწორი კანონი კი არ იქნება მიღებული, როგორც მე ახლა მჯერა რომ არასწორია, არამედ თუ იქნება ისეთი კანონი მიღებული, რომელიც ეწინააღმდეგება რაღაც ძირითად საკაცობრიო ღირებულებებს, რომელსაც უბრალოდ არ შეგიძლია, ხელი მოაწერო. ასეთი შემთხვევა ახლა არ არის. ახლა არის კანონი, რომელზეც მე შევეცადე, რომ ყოფილიყო, ჩემი აზრით, უკეთესი. პარლამენტმა ჩემი პოზიცია არ გაიზიარა. მე პატივს ვცემ პარლამენტის პოზიციას, მეტიც იმ დიდ პასუხიმგებლობას, რომელიც მათ ამ ნაბიჯით თავისთავზე აიღეს. მე პატივცს ვცემ მათ აღებულ პასუხისმგებლობას და, რა თქმა უნდა, ხელს მოვაწერ ამ კანონს", – განაცხადა პრეზიდენტმა.