საქართველოს პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა "ამბასადორიალი - 2015"- ის მონაწილეებს სიტყვით მიმართა.
საქართველოს პრეზიდენტმა ყურადღება გაამახვილა ორმხრივი და მრავალმხრივი საერთაშორისო თანამშრომლობის გაღრმავებასა და განვითარებაზე, ჩვენი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობისა და დეოკუპაციის პრობლემებზე და საერთაშორისო არენაზე საქართველოს კიდევ უფრო ღირსეულად წარმოჩენაზე.
საქართველოს პრეზიდენტის განცხადებით, საქართვლოს მსგავსი ქვეყნისათვის დიპლომატიური მესიჯების ერთიანობა და კონსოლიდირება მნიშვნელოვან ფონს ქმნის ქვეყნისათვის მნიშვნელოვანი დიპლომატიური თემების გადაწყვეტისას, მიუხედავად იმისა, რომელ გეოპოლიტიკურ ნაწილში ფუნქციონირებს საქართველოს საელჩო. ამ მესიჯებში მნიშვნელოვანია საქართველოს გეოპოლიტიკური და რეგიონალური როლის ხაზგასმა.
"ჩვენი ქვეყანა მართლაც შედგა და აღრმავებს თავის ნაბიჯებს როგორც რეგიონალური ჰაბი - კავშირი აზიასა და ევროპას შორის, კავშირი კასპიის ზღვასა და შავ ზღვას შორის. ჩვენ ამ სპეციფიკას მუდმივად ვუსვამდით ხაზს. განსაკუთრებით ბოლო პერიოდში, ხაზს ვუსვამთ რეგიონულ კონტექსტში, საქართველოს როლს, როგორც შავი ზღვის ქვეყნის როლს.
2014 წლის მოვლენებიდან გამომდინარე, შავმა ზღვამ სხვა სტატუსი და დატვირთვა შეიძინა და ჩვენ მისი როლი, ეკონომიკური თანამშრომლობის თვალსაზრისიდან გამომდინარეც კიდევ უფრო უნდა გავაღრმავოთ", -აღნიშნა საქართველოს პრეზიდენტმა.
გიორგი მარგველაშვილის განცხადებით, საქართველო ასევე აქცენტს აკეთებს იმ კუთხით, რომელსაც ვავითარებთ კასპიის მიმართულებით.
"მომავალი მნიშვნელოვანი საერთაშორისო პოლიტიკური ფორმატებისთვის საქართველოს საგარეო პოლიტიკური კურსის კონცენტრირებაზე ვისაუბრეთ.
ჩვენ გვაქვს ძალიან ნათელი საგარეო პოლიტიკური კურსი, მაგრამ ამ მნიშვნეოვანი დღის წესრიგის მოვლენები, ეროგორიცაა ვიზალიბერალიზაციის პროცესი, ნატო-ს მომავალი სამიტი, საქართველოში EUMM-ის მისიის გაგრძელება", - განაცხადა პრეზიდენტმა.
საქართველოს პრეზიდენტის გამოსვლის შემდეგ, საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობების ხელმძღვანელებმა მას კითხვებით მიმართეს. შეხვედრა დისკუსიის რეჟიმში გაგრძელდა.
შეხვედრისას კითხვები საქართველოს სტაბილურობის, უსაფრთხოების, მისი გეოპოლიტიკური როლის და განსაკუთრებით, საქართველოს, როგორც რეგიონალური ჰაბის როლის განმტკიცების საკითხებს შეეხო.
ამბასადორიალს ესწრებოდნენ საქართველოს პრეზიდენტის ადინისტრაციის უფროსი დავით პატარაია, მრჩევლები საგარეო ურთიერთობების საკითხებში თენგიზ ფხალაძე და ეკონომიკურ საკითხებში გიორგი აბაშიშვილი. ასევე უშიშროების საბჭოს მდივანი ირინე იმერლიშვილი.