თბილისს ახალი ვიცე-მერი ჰყავს - საკრებულომ ლაშა აბაშიძე დაამტკიცა. საკრებულოს დღევანდელ სხდომაზე თბილისის მერის პირველი მოადგილის თანამდებობაზე ლაშა აბაშიძის კანდიდატურას 32-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი, ერთი წინააღმდეგი იყო, ხოლო სამმა თავი შეიკავა.
სხდომაზე თბილისის საკრებულოს წევრებმა "ნაციონალური მოძრაობიდან" განაცხადეს, თბილისის მერიას არ აქვს თავისი ხედვა და სტრატეგია, თუ როგორ უნდა განვითარდეს ქალაქი, რა პრიორიტეტებია თბილისისთვის, როგორ უნდა იხარჯებოდეს ბიუჯეტი და ა.შ.
ვიცე-მერად დამტკიცების შემდეგ ლაშა აბაშიძემ საკრებულოს მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.
"მერია არის ცოცხალი ორგანიზმი და იმ პროცესებიდან გამომდინარე, რაც ვითარდება, ეფექტიანობის გაზრდის მხრივ, თუ იქნება საჭირო სისტემური და სტრუქტურული ცვლილებების განხორციელება, ეს უნდა განხორციელდეს", - განაცხადა ლაშა აბაშიძემ.