ივერიონი / გიორგი მარგველაშვილი: კითხვები, რომელიც საქართველოში 2008 წელს დაისვა, ჯერ კიდევ პასუხგაუცემელია

გიორგი მარგველაშვილი: კითხვები, რომელიც საქართველოში 2008 წელს დაისვა, ჯერ კიდევ პასუხგაუცემელია

საქართველოს პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა  სასტუმრო "თბილის რუმში" მიმდინარე საერთაშორისო კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას რომლის სახელწოდებაა "ევროპის ახალი გეოპოლიტიკური ლანდშაფტი: უსაფრთხოება, ეკონომიკური შესაძლებლობები, თავისუფლება და ადამიანური ღირსება ფრონტისპირა ქვეყნებში"განაცხადა, რომ მთავარი კითხვები, რომლებიც საქართველოში 2008 წელს დასივა და 2014 წელს კიდევ უფრო მეტად ხაზი გაესვა უკრაინაში ჯერ კიდევ პასუხგაუცემელია. 

 

პრეზიდენტის განცხადებით, ის ადამიანები, რომლებიც ამ კონფერენციას ესწრებიან, იქნებიან ზუსტად ის ხალხი, რომლებიც პასუხს გასცემენ ყველაზე დიდი გამოწვევების შემცველ ყველაზე რთულ შეკითხვებს.

 

როგორც პრეზიდენტმა აღნიშნა, ლოგიკურია ის, რომ ახლა კონფერენციის მონაწილეები იმყოფებიან თბილისში, საქართველოში.

 

"ეს არის ადგილი, სადაც ექვსი წლის წინ დაახლოებით იგივე დროს, ყველა ვიყავით თვითმხილველი ძალიან დიდი კითხვის ნიშნების, რომლებიც ევროპის სტაბილურობის მიმართულებით იყო. ეს იყო 2008 წლის აგვისტოს თვე, როდესაც ყველამ ვნახეთ, რომ რაღაც განსხვავებული, რაღაც სხვა ხდებოდა რეგიონში, ამ ქვეყანაში. ეს განსხვავება ზუსტად იყო ის, რომ საქართველოს დამოუკიდებელი და სუვერენული ქვეყნის მიწაზე იყო რუსეთის ჯარები. ეს კრიზისი უცებ დაიწყო და სათავე დაუდო გარდამტეხ მომენტს იმასთან დაკავშირებით, თუ რა არის ჩვენი დღევანდელი რეალობა, რა არის ჩვენი უსაფრთხოების სტატუსი როგორც საქართველოში, ასევე ალბათ იმ ქვეყნებშიც, რომლებიც რუსეთის მეზობელ ქვეყნებად ითვლებიან. მაშინ, ალბათ, თითოეულ ჩვენთაგანს შეეძლო იმის წინასწარ განსაზღვრა, რომ ეს გაგრძელდებოდა, აქ არ დამთავრდებოდა და განმეორდებოდა მსგავსი მოვლენები. დარწმუნებული ვარ, ყველა ჩვენგანმა ჩვენი საშინაო დავალება შევასრულეთ, ვიმუშავეთ იმისთვის, რომ თავიდან აგვეცილებინა ის, რა მძიმე შედეგებიც მოჰყვა ამ ყველაფერს, ის რაც განმეორდა უკრაინაში ხუთი წლის შემდეგ 2008 წლის აგვისტოდან. დღეს რისი მოწმეები ვართ – დღეს ვხედავთ ფაქტს, რომ ევროპის სტაბილურობა და უსაფრთხოება, არის ღია საკითხი და მთავარი კითხვის ნიშნები, რომლებიც არის დასმული, რომელიც დაისვა 2008 წელს და კიდევ უფრო ხაზი გაესვა 2014 წელს, ესენი ჯერ კიდევ არ არის პასუხგაცემული", - განაცხადა პრეზიდენტმა.

მისივე თქმით, ამ შეკითხვებზე პასუხების გარეშე აღმოსავლეთ პარტნიორობის წარმომადგენელი არც ერთი ქვეყანა, არც ევროპელები, ვერ იგრძნობენ თავს სტაბილურად, ვერ იქნებიან დარწმუნებული თავის მომავალში და ვერ იზრუნებენ სრულყოფილად თავისი ქვეყნის განვითარებაზე.

"მე მჯერა, რომ ფორმულა, რომელიც ევროპის უსაფრთხოებასა და სტაბილურობას ასახავს, ნამდვილად ვერ განიხილება, თუ არ იქნება საქართველოს და უკრაინის ფაქტები გათვალისწინებული. ასევე, თუ არ იქნება გათვალისწინებული პასუხგაუცემელი შეკითხვა, როგორ უნდა გავუმკლავდეთ პრივილეგირებული ზომების ინტერესის პოლიტიკას. ეს არის გამოხატული, მკაფიოდ ჩამოყალიბებული საგარეო პოლიტიკა და მესიჯი რუსეთიდან - რუსეთის მეზობლები ქვეყნები არიან რუსეთის ფედერაციის ინტერესის ზონა და ყველა მოვლენა, რაც ხდება ამ ტერიტორიაზე, რუსეთის პოლიტიკოსების მიერ განხილულია, როგორც სფერო, სადაც მათ შეუძლიათ გადაწყვეტილების მიღება ნებისმიერი ფორმით, მათ შორს სამხედრო ფორმითაც. რომ ვისაუბროთ ცალკე შემთხვევებზე, რა ხდება საქართველოში, რა ხდება უკრაინაში, რა ხდება მაგალითად ყირიმში, ცხინვალში, ასე ცალ-ცალკე, ეს შეიძლება არ იყოს სწორი მიდგომა. ჩვენ გვაქვს კონკრეტული საგარეო პოლიტიკური მესიჯი და ხედვა რუსეთისგან, ჩვენ ამას არ უნდა გავექცეთ, აუცილებლად უნდა მოვამზადოთ პასუხი ამ დამოკიდებულებაზე. მე ჯერ კიდევ ვერ ვხედავ ამ ჩამოყალიბებულ პასუხს იმ ქვეყნებს შორის, იმ სახელმწიფოებს შორის, რომელთა ჯგუფსაც ჩვენ მივეკუთვნებით", - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.

 

7-09-2015, 10:55
უკან დაბრუნება