ყოფილი თავდაცვის მინისტრი, ირაკლი ალასანია სასტუმრო "რმუსში" საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, დავით უსუფაშვილის განცხადებებს არაფორმალური მმართველობის შესახე გამოეხმაურა და განაცხადა, რომ მიუხედავად იმისა, რომ დიდ პატივს ცემს დავით უსუფაშვილს ვერ დაუჭრს მხარს, როდესაც ის არაფორმალური მმართველობის თემის განმარტებას ცდილობს.
მისი თქმით, არაფორმალური ლიდერი ბიძინა ივანიშვილი სრულად აკონტროლებს მთავრობისა და პარლამენტის საქმიანობას.
"უნდა შეიცვალოს არაფორმალური მმართველობა, რომელიც ახლა არის გასამმაგებული. ჩვენ გვაქვს ვითარება, როდესაც არაფორმალური ლიდერი სრულ კონტროლს ახორციელებს მთავრობასა და პარლამენტზე და ამ დროს ნულოვანი ანგარიშვალდებულება აქვს, ეს ძალიან ცუდია, როგორც გარე ფაქტორების თვალსაზრისით, ისე ქვეყნის შიგნითაც", - განაცხადა "თავისუფალი დემოკრატების" ლიდერმა, ირაკლი ალასანიამ.
სასტუმრო "რუმსში" მიმდინარე კონფერენციაზე ბიძინა ივანიშვილის მხრიდან არაფორმალური მმართველობის შესახებ დავით უსუფაშვილს კითხვით თამარ ჩერგოლეიშვილმა მიმართა. უსუფაშვილმა მას თავის მხრივ კონტრშეკითხვით მიმართა – "ფორმალური დიქტატორი სჯობს, თუ არაფორმალური ზეგავლენის მქონე ადამიანი".
"ფორმალურ ხელმძღვანელობას რაც შეეხება, მე კითხვის ნიშანს დავსვამდი არაფორმალური ლიდერის ზეგავლენის ხარისხზე. ფორმალური დიქტატურა სჯობს თუ არაფორმალური ზეგავლენის მქონე ადამიანი", - განაცხადა დავით უსუფაშვილმა და ამ კონტექსტში ახსენა მიხეილ სააკაშვილი, რომელიც მისი თქმით, ახლა სხვა ქვეყნის ერთ-ერთ რეგიონს ხელმძღვანელობს.
უსუფაშვილის თქმით, არ არის არაფორმალური ლიდერობის მომხრე, თუმცა არ მიიჩნევს, რომ ეს არის მთავარი პრობლემა, რომლის წინაშეც დღეს ქართული საზოგადოება დგას.
"არაფორმალური ლიდერობა ცუდია, არ არის კარგი, მე არ ვუჭერ ამას მხარს. უბრალოდ, არის ადამიანი, ვისაც აქვს პატივისცემა და ზეგავლენა საზოგადოებაზე", - განაცხადა დავით უსუფაშვილმა.