2007 წლის შემდეგ აშშ-ის ოფიციოზი ეკვატორული გვინეის სახიფათოდ გარყვნილი პრეზიდენტობის რიგში მდგარი პირის აღვირახსნილი კორუფციის დეტალებს იძიებს. თუმცა ამ კუთხით ის შორს არ წასულა.
4 წელია, რაც ამერიკის მთავრობის სააგენტოები ნავთობით მდიდარი ეკვატორული გვინეის, ექსონთან მეგობრულ დამოკიდებულებაში მყოფი დიქტატორის შვილის, თეოდორინ ნგუემა ობიანგ მანგუს კორუფციისა და ფულის გათეთრებაში მონაწილეობაზე უთავბოლო გამოძიებას აწარმოებენ. ამას წინათ Foreign Policy - ის ბეჭდურ გამოცემაში ვწერდი, თუ როგორ შეძლო ობიანგმა აურაცხელი ქონების დაგროვება მაშინ, როცა მას ეკვატორული გვინეის სოფლისა და სატყეო მეურნეობის მინისტრის პოსტზე ყოველთვიურად ხელფასი მხოლოდ 5 000 ამერიკული დოლარი ჰქონდა.
ჯერჯერობით ფედერალურმა საგამოძიებო ბიურომ ძალზე მცირე ენთუზიაზმი გამოიჩინა ამ საქმის გამოსაძიებლად და ობიანგის წინააღმდეგ საქმის სასამართლოში აღსაძვრელად.
ობიანგმა ბოლო ათი წლის განმავლობაში აშშ-ში ათეულობით მილიონი დოლარი დახარჯა და აქ ჰოლივუდის აღვირახსნილი ცხოვრების წესით იცხოვრა, რასაც მის თანამშრომლებთან, ასევე ფედერალური ბიუროს გამომძიებლებთან ექსკლუზიური ინტერვიუები ადასტურებს. თუმცა იუსტიციის დეპარტამენტის გამომძიებლების მცდელობა, დაკითხვისთვის თავი მოეყარათ მნიშვნელოვანი პოტენციური მოწმეებისათვის, უშედეგო აღმოჩნდა. ამის შესახებ რამდენიმე გამომძიებელმა მოგვაწოდა ინფორმაცია. როგორც მათ გვითხრეს, საქმის გამოძიებით გაწბილებული არიან და იმაზეც კი ფიქრობენ, რომ ამ გაზაფხულზე ეს საქმე საერთოდ დახურონ.
აშშ-ის მთავრობამ კარგად იცის თეოდორინის უკანონო გზით მოპოვებული მიღწევების შესახებ. სენატის საგამოძიებო ქვე-კომიტეტის მოხსენებაში, გასულ წელს, ნათქვამი იყო, რომ თეოდორინმა შეერთებულ შტატებში 100 მილიონ ამერიკულ დოლარზე მეტი გაათეთრა. მოხსენების თანახმად, მან 37 მილიონ ამერიკულ დოლარად მალიბუში, კალიფორნიის შტატში უძრავი ქონება, 38 მილიონ ამერიკულ დოლარად პირადი თვითმფრინავი და ასევე მდიდრული სპორტული ავტომანქანები შეიძინა. ლონდონში დაფუძნებული ანტიკორუფციული ჯგუფის მონაცმებით კი მან 380 მილიონ ამერიკულ დოლარად სუპერ-იახტის დამზადებაც შეუკვეთა.
„ამ შემთხვევაში კორუფციის მამხილებელი საბუთები იმაზე მეტიც კი გვაქვს, ვიდრე ეს საჭიროა“, - განაცხადა სენატის ყოფილმა გამომძიებელმა ჯეკ ბლუმმა, რომელიც ადრე ფულის გათეთრებისა და კორუფციის არაერთ სერიოზულ გამოძიებას ედგა სათავეში. „ჩვენ ვიცით, რომ ფული, რომელიც ახალგაზრდა ობიანგის ყულაბიდან იხარჯება, მისი ოფიციალური ხელფასიდან არ მოდის, მაგრამ ამერიკის მთავრობა არაა დაინტერესებული მისი საქმის გამოძიებით, რადგან ამ ყველაფერში ნავთობი არის დომინანტი. შენ ვერ აწარმოებ მოჩვენებით გამოძიებას, როცა ამგვარ მწვავე პრობლემებთან გაქვს საქმე. ეს აღმაშფოთებელია“, - ამბობს ჯეკ ბლუმი.
რომ არა ნავთობის უმდიდრესი საბადოები, ეკვატორული გვინეა ასეთ ყურადღებას ვერ მიიპყრობდა. ეს ქვეყანა, ნიგერიისა და ანგოლას შემდეგ, საბსაჰარული აფრიკის ნავთობის მე-3 ყველაზე დიდი მწარმოებელია. იგი დღეში დაახლოებით 346 000 ბარელ ნავთობს ქაჩავს. ასევე, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, იგი ამერიკისთვის ნავთობის ერთ-ერთი უმთავრესი მიმწოდებელი და საიმედო მხარდამჭერია. ენერგორესურსებიდან მიღებული უზარმაზარი შემოსავლები კი ელიტის ჯიბეებში მიედინება, მაშინ როცა ქვეყნის მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობა საშინელ სიდუხჭირეში ცხოვრობს. მამამისის მმართველობის შემდეგ, რომელიც გვინეაში ხელისუფლების სათავეში 32 წლის წინათ სამხედრო გადატრიალების გზით მოვიდა, თეოდორინი უკვე კარგა ხანია ქვეყნის მე-2 ყველაზე დიდ რესურსს, ხე-ტყეს განკარგავს.
ამერიკის იუსტიციის დეპარტამენტისა და ფედერალური საგამოძიებო ბიუროს მასალებში, რომელსაც მე 2007 წლიდან ვეცნობი, მკაფიოდაა მინიშნებული, რომ თეოდორინის შემოსავლების უდიდესი ნაწილი „გამოძალვით, საზოგადოებრივი თანხის ქურდობით თუ სხვა კორუფციული საქმიანობის“ შედეგად არის დაგროვებული. გარდა ამისა, მან უზარმაზარი თანხები მოიპოვა ხე-ტყეზე დიდი, „რევოლუციური გადასახადის“ დაწესებით, რომელიც პირადად მის ჯიბეში ჩაედინება.
ფედერალური საგამოძიებო ბიუროს დოკუმენტის თანახმად, გამოძიების მიზანია „იდენტიფიცირება მოახდინოს, კვალდაკვალ მიჰყვეს, გაყინოს თეოდორინის უკანონოდ მოპოვებული თანხები, ყადაღა დაადოს ასევე უკანონოდ შეძენილ ქონებას“, თუმცა, ამის მიუხედავად, იგი მშვენივრად დანავარდობს ამერიკის შეერთებულ შტატებში. მისი პირადი თვითმფრინავის ამერიკაში დაფრენა-აფრენის ჩანაწერები გვიჩვენებს, რომ თებერვალში იგი ვაშინგტონს სტუმრობდა, შემდგომ კალიფორნიას, საიდანაც მამამისთან ერთად რიო დე ჟანეიროში კარნავალზე დასასწრებად გადაფრინდა და ფედერალურ საგამოძიებო ბიუროს თითიც კი არ გაუნძრევია იმისათვის, რომ იგი მალიბუს ფეშენებელურ დიდეზოიან სახლში აეყვანათ.
საკანონმდებლო სფეროს ექსპერტები აღნიშნავენ, რომ 2004 წლის შემდეგ, რაც ჯორჯ დაბლიუ ბუშმა #7750 პროკლამაცია გამოსცა, რომლის მიხედვითაც კორუმპირებულ უცხოელ ოფიციალურ პირებზე ამერიკის ვიზის გაცემა იკრძალება, თეოდორინისთვის აშშ-ში შესვლის ნება არ უნდა დაერთოთ. პრეზიდენტმა ბარაქ ობამამ კიდევ უფრო გაამკაცრა მისი წინამორბედის ეს პროკლამაცია და განაცხადა, რომ „ჩვენ ვალდებული ვართ მხარი დავუჭიროთ მათ, ვინც პასუხისმგებლობით და გონივრულად მოქმედებს, და იზოლაციაში მოვაქციოთ ისინი, ვინც საპირისპირო გზას ადგანან“. ამასობაში, რაც გამოძიება ლასლასით მიიზლაზნება, სანდო წყარომ მაცნობა, რომ თეოდორინმა მოახერხა მისი ბოლო მოდელის მდიდრული სპორტული ავტომანქანებისა და სხვა მოძრავი ქონების ამერიკიდან გემით სხვაგან გადატანა.
წინასწარი გამოძიების დეტალებში ჩახედული წყაროს მიხედვით, ფედერალური საგამოძიებო ბიუროს გამომძიებლებმა კერძო საუბრებში არაერთხელ დაიჩივლეს, რომ უძლურები არიან, რადგანაც მათ უნდა დაამტკიცონ, რომ სიმდიდრე, რომელიც თეოდორინმა და მისმა ოჯახმა დააგროვა, კორუფციის ნაყოფია. მაგრამ ეკვატორული გვინეის ოჯახური კორუფციული მმართველობის ბუნებასა და მასშტაბებზე საზოგადოების მხედველობის არეში უკვე ათწლეულებია, რაც თვალსაჩინო ინფორმაციაა მოქცეული. სულ მცირე, 1990-იანი წლებიდან მაინც, როცა რობერტ კლიტგარდის პუბლიკაცია „ტროპიკული განგსტერები“ გამოქვეყნდა.
კლიტგარდმა, რომელიც 1980-იან წლებში გვინეაში მსოფლიო ბანკის ოფისში მუშაობდა, თვალნათლივ აღწერა 1979 წლიდან ობიანგის ძალაუფლების ხელში ჩაგდების შემდეგ თუ როგორ გაძარცვა მისმა ოჯახმა კაკაოს ფერმები და სხვა სახელმწიფო რესურსები. „მიუხედავად იმისა, რომ მესამე მსოფლიოს ქვეყნების კორუფციაზე მანამდე დაწერილი მქონდა წიგნი, ძალზე იშვიათად მინახავს მსგავსი აღმაშფოთებელი, თითქმის აგდებული სამხილი მექრთამეობისა“, - აღნიშნავდა იგი.
კლიტგარდმა თავის ნაშრომში მსოფლიო ბანკის მიერ 1983 წელს მოწონებულ იმ პროექტზეც დაწერა, რომლის მიხედვითაც კაკაოს ფერმების მეპატრონეებს ბანკი კრედიტებს აძლევდა. „1984 წელს ამ ფერმების, რომელთა უდიდესი ნაწილის მფლობელებიც ესპანელები და პორტუგალიელები იყვნენ, დრაკონული ნაციონალიზაცია დაიწყო და მთავრობის მაღალჩინოსნებმა, მინისტრებმა, პრემიერ-მინისტრის თაოსნობით, თავად დაინაწილეს საუკეთესო ფერმები. თავად პრეზიდენტმაც, მალაბოს აეროპორტის სიახლოვეს, 4 000 აკრზე გაშენებული კაკაოს პლანტაციები და ფერმა მიითვისა.
„ტროპიკული განგსტერები“ ბევრ ამდაგვარ დეტალსა და ისტორიას მოიცავს, ისევე როგორც პოტენციური მოწმეების სახელებსა და გვარებს. მაგრამ ამერიკელ გამომძიებლებს ჯერჯერობით არც კი უფიქრიათ გასაუბრებოდნენ კლიტგარდს. მათი ამგვარი ქცევა იმასაც გვაფიქრებინებს, რომ თითქოს ამ გახმაურებული წიგნის შესახებ მათ წარმოდგენაც კი არ აქვთ. როცა მათ შეახსენეს ამ წიგნის არსებობაზე, გამომძიებლებმა მოიმიზეზეს, რომ კლიტგარდთთან დაკავშირება გაუჭირდათ, რადგან მისი ტელეფონისა და სხვა პირადი საკონტაქტო ინფორმაციის მოპოვება ვერ მოახერხეს, მაშინ როცა საამისოდ Googl-ში ორწამიანი ძებნაც კი საკმარისი იყო.
თეოდორინის სოფლისა და ხე-ტყის მეურნეობის სამინისტროს დამანგრეველი და კორუფციული მებუფეტეობის შესახებ ინტერნეტში დიდძალი ინფორმაცია ადვილად შეიძლება მონახო. ეკვატორიულ გვინეაში ტყის გაკაფვა და მისი ქვეყნიდან გაზიდვა ბოლო წლებში შემცირებულია, რასაც მთავრობა ხე-ტყის დაცვის მცდელობას მიაწერს. უფრო მიუკერძოებელი მიმომხილველები ამბობენ, რომ ეს შემცირება იმან წარმოშვა, რომ ტყეებში გასაკაფი ხეები უბრალოდ აღარ დარჩა. თეოდორინის სამინისტრომ ქვეყანაში ტყის რესურსების სწრაფი გამოლევა გაადვილა. „რაც შეეხება ხე-ტყის კომერციულ ჭრასა და ქვეყნიდან გატანაზე კანონიერი მოთხოვნების მკაცრად გატარებას, ის მხოლოდ ვირტუალურად არსებობს და რეალურად მკვდრადშობილი კანონია“, - დაასკვნა 2001 წელს ჯგუფმა სახელწოდებით „ტყეების აღდგენის მსოფლიო მოძრაობა“. 2005 წელს კი ალან ტორნტონმა, ამერიკის გარემოს დაცვის საგამოძიებო სააგენტოს პრეზიდენტმა, ოფიციალურად განაცხადა, რომ გვინეიდან ჩინეთში რაც კი ხე-ტყის ექსპორტი განხორციელებულა, ყველა უკანონო იყო.
თეოდორინმა, იმ დროს, როცა ხე-ტყის წარმოება ქვეყანაში ნაღდი ფულის ვებერთელა წყარო იყო, უსაშველოდ დიდი დამატებითი გადასახადი დააწესა ხე-ტყის მოჭრასა და წარმოებაზე და ეს გადასახადი უშუალოდ მის ჯიბეში მიედინებოდა. „ყველა კომპანია სახელმწიფო ხაზინას 1 კუბური მეტრის მორების ქვეყნიდან გატანისთვის, ჰონორარის სახით, 100 ამერიკულ დოლარს უხდიდა. ამავე დროს დამატებით ამდენივე ან მეტი თანხა მეწარმეს პირდაპირ თეოდორინის ჯიბისთვის უნდა გადაეხადა“, - აცხადებს სანდო წყარო.
მოგვიანებით, მე ვესაუბრე ფრანგი ეროვნების ადამიანს, რომელმაც მისი სახელისა და გვარის დასახელებისგან თავის შეკავება მთხოვა. იგი თეოდორინის მიერ ხელში ჩაგდებულ ხე-ტყის დამამზადებელ ერთ-ერთ კომპანიაში მუშაობდა. მისი განცხადებით, გვინეაში შეუძლებელი იყო ემუშავა ხე-ტყის საწარმოს, თუ ის პირდაპირ არ უხდიდა გადასახადს თეოდორინს. ამ პიროვნების მონათხრობის თანახმად, როცა მისმა კომპანიამ ერთხელაც უარი განაცხადა ქრთამის შემდგომ მიცემაზე, თეოდორინმა საწარმოს დასახურად და იქ დასაქმებული ადამიანების ქვეყნიდან გასაძევებლად სამხედროები გაგზავნა.
ეკვატორულ გვინეაში ამგვარი გამოძალვების მაგალითები გამონაკლისი არ არის, უფრო მეტიც, ასეთი რამ წესადაც აქვთ ქცეული. მას შემდეგ კი, რაც ქვეყანაში ნავთობის სიჭარბე უფრო თვალშისაცემი გახდა, ეს წესები კიდევ უფრო აღვირახსნილ თავხედობაში გადაიზარდა. ამოუცნობი მისტერიაა, თუ რატომ და როგორ უსხლტებიან თავიდან თეოდორინი და მამამისი ამერიკის შეერთებული შტატების ხელისუფლების სანქციებს.
შესაძლოა, ჩვენ ვერ ვხვდებოდეთ და ამერიკის ფედერალური საგამოძიებო ბიუროს გამომძიებლები ამ საქმის ძიებაში საკმაოდ შორს იყვნენ წასული, მაგრამ ნამდვილად არ ჩანს, რომ ასეა. როგორ გავიგოთ მათი ბედკრული გამოძიება? ეს ამერიკის სანავთობო პარტნიორთან მეგობრული ურთიერთობებისთვის ობამას და ბუშის ადმინისტრაციებისგან პოლიტიკურ ხელის შეშლას უნდა მივაწეროთ, თუ უძლურებასა და არაკომპეტენტურობას? მე ვერაფერს გეტყვით, მაგრამ აშკარაა, რომ გამომძიებლები ოდნავაც არ არიან დაინტერესებული არათუ თეოდორინის წინააღმდეგ სასამართლოში საქმის აღძვრით, არამედ წინასწარი გამოძიების დასრულებითაც კი.
http://www.guardian.ge/article/politika/Amerikispolitika/244/